გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში უკანონო ტყით სარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 74 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი – 33 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 22 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 20, კახეთში – 15, იმერეთში – 14, შიდა ქართლში – 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 7, თითო-თითო სამართალდარღვევა კი გამოვლენილია გურიასა და ქვემო ქართლში.

ჯამში ამოღებულია 129 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ექვს თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყით სარგებლობის 877 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 38 უკანონო სახერხი საამქრო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყით სარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო წლებში, უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები