ბელგოროდის ოლქში, სავარაუდოდ, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარაუდო ფაქტის შესახებ ტელეგრამის არხები წერენ.
რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ში დაწერა, რომ „ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში მივემართები. ყველა დეტალი იქნება მოგვიანებით.”
ტელეგრამის არხის – „112“-ის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, 63 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე წყაროს ცნობით, ყველა მათგანი დაღუპულია.
ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ბელგოროდში სარაკეტო განგაში იყო გამოცხადებული.