„მთავრობასა და პრეზიდენტს შორის განსაკუთრებული საშუამავლო როლი არ მიკისრია“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტსა და სახელისუფლებო გუნდს შორის გადაუჭრელ პრობლემას ვერ ხედავს. აღნიშნულის შესახებ უსუფაშვილმა „მაესტროს“ ეთერით განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ცდილობდა თუ არა გარკვეულ უთანხმოებაზე შუამავლის როლი ეკისრა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და რა არის ის საკითხი, რაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება პრეზიდნეტსა და სახელისუფლებო გუნდს შორის.
“მე რაიმე განსაკუთრებული მისიით არ ვყოფილვარ დაკავებული, ან იმისგან განსხვავებულით, ვიდრე პოლიტიკაში ყოფნისას ვიყავი დაკავებული. ზოგადად, პოლიტიკოსის საქმეა საუბარი, საკითხების გარკვევა, მოგვარება. მე მგონია, რომ ეს ფუნქცია მქონდა ყველა კოალიციაში და ყველა ალიანსში – ოპოზიციურში და ახლა სახელისუფლებოში. ეს არ არის ჩემი უნიკალური ფუნქცია, ეს ყველას გვაქვს. რა თქმა უნდა, მაგალითად, როდესაც კონსტიტუციურ თემატიკას ეხება საქმე, აქ მხოლოდ პრეზიდენტთან და პრემიერთან არ არის საუბარი, ბევრ კოლეგასთან გვქონია მსჯელობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაიმე განსაკუთრებული საშუამავლო როლი მე არ მიკისრია და არც იყო ამის აუცილებლობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.