ქვემო ქართლში დატბორილი ქუჩების გაწმენდით სამუშაოები ხორციელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველთა ჯგუფები ქვემო ქართლში ინტენსიური წვიმის შედეგად დატბორილი და ჩახერგილი ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.
სამისტროს ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14 სექტემბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დღის მეორე ნახევარში დაწყებულმა ინტენსიურმა წვიმამ ქალაქ რუსთავში, თითქმის ყველა ქუჩაზე, შენობა-ნაგებობების სარდაფების და პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. მათივე ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში ასევე ჩაერთვნენ რუსთავის სახანძრო-სამაშველო და ქვემო ქართლის რეგიონალური სამაშველო სამსახურები. შსს-ს მაშველები ამ დრომდე აწარმოებენ ამოტუმბვით სამუშაოებს და მიმდინარეობს ჩახერგილი ქუჩების გაწმენდა.