ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) გამოაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში რამდენიმე სამიზნეზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. მათ შორის არის, “ისრაელის ჯაშუშური ცენტრი”, ასევე, სირიაში “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ობიექტები.
Reuters-ი დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებები ერბილიდან, დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით იყო, სადაც, მათ შორის აშშ-ს საკონსულო და საცხოვრებელი რაიონებია განლაგებული.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დარტყმის შედეგად აშშ-ს ობიექტები არ დაზიანებულა, მაგრამ ირანის ქმედებები დაგმეს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებდით რაკეტებს, რომლებიც ჩამოვარდა ერაყის ჩრდილოეთით და სირიაში. ამერიკული ობიექტები და თანამშრომლები არ დაშავებულან”, – თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.
ერაყის ქურთისტანის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად, სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა.
რეგიონის პრემიერმინისტრმა მასრურ ბარზანიმ თქვა, რომ ერბილზე სარაკეტო თავდასხმა „ქურთი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია“.
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ცნობილი ქურთი ბიზნესმენი, მულტიმილიონერი – პეშრავ დიზაი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი. მის სახლს, სულ მცირე ერთი რაკეტა მოხვდა. დიზაი ბარზანის კლანთან დაახლოებული პირი იყო და ჩართული იყო ერაყის ქურთული ნაწილის განვითარების მასშტაბურ პროექტებში.
Reuters-ის ცნობით, კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა ქურთული დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრის სახლს, მეორე კი – ქურთული დაზვერვის ცენტრს.
იმავდროულად, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა გამოაცხადა რეგიონში “ჯაშუშური ცენტრებისა და ანტიირანული ტერორისტული ჯგუფების თავშეყრის ადგილის” განადგურების შესახებ.
IRGC-ის განცხადებით, სარაკეტო იერიში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის “მოსადის” შტაბ-ბინაზე იყო მიტანილი.
IRGC დასძენს, რომ თავდასხმა იყო პასუხი კერმანსა და რასკში მომხდარ დანაშაულებზე.
იანვრის დასაწყისში ქალაქ კერმანში ქასემ სოლეიმანის ხსოვნას მიძღვნილ ღონისძიებაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა, რასაც 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა.