საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ამონაწერის გაცემა ინგლისურ ენაზეც არის შესაძლებელი.
„მომსახურების მიღება დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ეწვიეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს, სერვისების ჩამონათვალში აირჩიეთ კატეგორია უძრავი ქონება და შემდგომ, ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის მომზადება. შეავსეთ ვარსკვლავებით მონიშნული ყველა ველი. მონიშნეთ გრაფა „ინგლისურენოვანი ამონაწერი“. მომსახურებების ჩამონათვალში აირჩიეთ „ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე“. მონიშნეთ მომსახურების სასურველი ვადა და საფასური. უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის საფასური 26 ლარია. აირჩიეთ გადახდის მეთოდი, შეავსეთ და დაადასტურეთ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები. საბოლოოდ, თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ SMS შეტყობინება, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებულ ინგლისურენოვან ამონაწერს ვადაში მიიღებთ. სადაც არ უნდა იყო ისარგებლე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტივი და ხელმისაწვდომი დისტანციური მომსახურებით“ – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.