ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულის მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
პროკურორების განცხადებით, 45 წლის მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევი იყო.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალწინებს