პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი“-ს დირექტორს და ამავე დაწესებულების ფარმაცევტს, ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორმა ამავე საავადმყოფოში „COVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების მკურნალობისთვის მოთავსებულ პაციენტებზე გაწეული სამედიცინო კვლევების საერთო ღირებულება ხელოვნურად გაზარდა 93 619,48 ლარით, რისი ანაზღაურებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა.
“ასევე ბრალდებულმა, ამავე დაწესებულების ფარმაცევტთან ერთად COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზე გაწეული დანახარჯი 14 412.86 ლარით ხელოვნურად გაზარდეს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.