„არაფრის გამოგონება არ  მჭირდება, ვხატავ, რაც უფალმა გვაჩუქა“…

ხელოვანების ოჯახში დაიბადა, ბავშვობიდან  ყველაზე დიდ დროს ხატვას უთმობდა. დაამთავრა სამხატვრო ლიცეუმი. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპიანოს განხრით. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დიზაინერად მუშაობდა, შემდეგ დაოჯახდა, წალკაში ტყის პირას აგარაკი შეიძინეს და  იქ გადასახლდა. რანჩოც საკუთარი დიზაინით მოაწყო…
ამჟამად ქალაქიდან მოშორებით ლამაზ ბუნებაში ცხოვრობს, ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის. ამბობს, რომ უფალმა აპოვნინა ის საქმე, რაც ასე ძლიერად უყვარს. – თეა ალავერდაშვილის პერსონა.

 

– დავიბადე თბილისში ხელოვანების ოჯახში. მამა მხატვარი, დედა კი მსახიობი იყო. ჩვენს ოჯახში განსაკუთრებულად სცემდნენ პატივს ხელოვნების ყველა სფეროს – მუსიკას, თეატრსა თუ მხატვრობას. ამიტომ ეს ნიჭი  მეც  გენეტიკურად გადმომეცა მშობლებისგან,  ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ყველაზე მეტ დროს ხატვას ვუთმობდი, რაც მთელი ცხოვრება მომყვებოდა, ამიტომ, ბუნებრივია, მეც პროფესიად  ეს გზა ავირჩიე.
– სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ჯერ ფეხსაცმლის დიზაინერად მუშაობდით, შემდეგ თიხისგან მინიატიურული სახლების გაკეთება დაიწყეთ… მოგვიანებით კი – ფერწერა…
– დავამთავრე სამხატვრო ლიცეუმი. პარალელურად ვსწავლობდი მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპიანოს განხრით. არჩევანის წინაშე ვიყავი, რომელი სფერო ამერჩია – მუსიკა თუ ხატვა,  მაგრამ მაინც მხატვრობისკენ გადავიხარე.
შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში, გობელენის ფაკულტეტზე. მერე წყვეტა მქონდა ჩემს პროფესიასთან. ინტერესებიც შემეცვალა, გამიტაცა ფეხსაცმლის დიზაინმა  და ასე ჩამოვყალიბდი დიზაინერად. თუმცა წლების შემდეგ  ეს საქმიანობა  კომერციული თვალსაზრისით აღარ იყო მომგებიანი და  ტაიმაუტის აღებამ მომიწია.
– ხატვა მოულოდნელად დაიწყეთ, როდესაც თბილისიდან წალკაში გადახვედით საცხოვრებლად და ახალი სახლის მშენებლობა დაიწყეთ…
– შემდეგ დავოჯახდი. წალკაში ტყის პირას  შევიძინეთ აგარაკი, საიდანაც დაიწყო ყველა ჩემი ოცნების  რეალიზება. უკვე თავიდანვე ვიცოდი, რას გავაკეთებდი.  ოჯახის წევრების დიდი თანადგომით, ერთიანი ძალებით ავაშენეთ რანჩო. ყველა კუთხე-კუნჭულის დიზაინის ფოტო მეხსიერებასავით მქონდა. სახლი ითხოვდა ნახატებს, ვიტრაჟებს და აქედან დაიწყო ჩემი ფერწერული საქმიანობაც.
–  ნახატებიდან ლამაზი ცხოველები და ფრინველები შემოგვცქერიან, სევდიანი, მეტყველი თვალებით… ფანტაზიით იხატება თუ?
– ინტერიერისთვის ცხოველების და ფრინველების ხატვა დავიწყე. მიწევდა ბევრი დოკუმენტური ფილმის ყურება, რომ მათი ხასიათი შემესწავლა და ნახატი, მათი თვალები, ხასიათი თუ გამომეტყველება ყალბი არ გამოსულიყო.
ასე გახდა ხატვა უკვე ჩემს პროფესიად. ვათენებდი და ვაღამებდი ხატვაში. წალკის ბუნების შემყურეს შთაგონებაც არ მაკლდა. რეალურ სამოთხეში ვგრძნობდი თავს. მაბედნიერებს ეს საქმიანობა და უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ, რომ ჩემი თავი დამიბრუნა და მაპოვნინა ის საქმე, რაც ასე ძლიერად მიყვარს.
შემდეგ, შემთხვევით, ერთმა მხატვარმა მეგობარმა მირჩია, ერთ-ერთი აუქციონის გვერდზე დამედო ჩემი  ნახატი გასაყიდად და მეც დავუჯერე. ეს იყო მამალი, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა და გაიყიდა.
აქედან დაიწყო ჩემი საქმის და თავის რეალიზებაც, გამოფენებში მიწვევები.
მხატვრისთვის ძალიან დიდი სტიმულია, როცა მისი შრომა ფასდება, მოსწონთ და ჩუქნიან უამრავ სიყვარულს. მათ ძალიან ვემადლიერები, რადგან უსიყვარულოდ  უბრალოდ ვერ ვიქნები ის, ვინც ვარ, როცა გრძნობ თანადგომას, რომ ვიღაცას სჭირდები და თუნდაც შენი რაღაც მცირედი გაწეული საქმით, შენ მათ ახარებ.
– ოჯახი…
 – მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, უმათოდ ვერ შევძლებდი ასეთ ბრძოლას, რადგან ყოველთვის მაჯერებენ დაუჯერებელს, რომ სასწაულები ხდება და ბრძოლას, შრომას ყოველთვის აქვს აზრი.
–  ქალაქიდან შორს სუფთა ჰაერია, ბუნებაა, ლამაზი გარემო… ალბათ შთაგონებაც თავისით მოდის…
– უფლის წყალობით, ჩემი ნამუშევრებიც იყიდება, ვიღებ შეკვეთებს, ძალიან მიყვარს პეიზაჟების, ნატურმორტების ხატვა, რაც ნაღდი და ნამდვილია. არაფრის გამოგონება არ  მჭირდება, ვხატავ, რაც უფალმა გვაჩუქა, განა სასწაული არ არის ამდენი სილამაზე ბუნებაში?
– ჯგუფ   „მხატვართა სამყაროს“   ერთ-ერთი ადმინი  ხართ…
– მეგობართან ერთად ვარ სოცქსელის  მხატვრების სამყაროს  ჯგუფის ადმინი. მე და თამთა ნემსაძე ჩვენმა პროფესიამ დაგვაახლოვა. აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთი და იგივე გეგმები გვაქვს… ორივეს გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი საქმე, რითაც მხატვრებს მივცემდით ბიძგს, სტიმულს და დავეხმარებოდით ნახატების რეალიზებაში სრულიად უანგაროდ, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ჭირს.
ამიტომ დღე და ღამე ვიწვევთ უამრავ უცხოელ მხატვარსა თუ კოლექციონერს ჯგუფში. ეს უძილო ღამეების ხარჯზე ხდება, რადგან გვინდა ჩვენი  ნიჭიერი არტისტები მსოფლიოს გავაცნოთ. ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, უამრავ პოსტს ვადასტურებთ, ყოველდღე გვემატებიან გამომწერები, იზრდება ჯგუფის წევრების რაოდენობაც და პარალელურად გვყავს ოჯახები, სადაც ვჭირდებით. ვუთმობთ დროს და გვაქვს საქმე.
მოლბერტზე შემოდებული ტილო, რომელიც დასახატავად არის გამზადებული. ეს ყველაფერი უნდა დააბალანსო. ცოტა რთულია, მაგრამ ამავდროულად თითქოს რაღაც ბრძოლაში ხარ მიზნებისთვის ჩართული. სადაც გაჩერება არ შეიძლება, შედეგი კი  ნამდვილად გვახარებს,  რადგან  მხატვრების მიმართ ინტერესი ამ ჯგუფში ყოველდღე იმატებს, რაც ძალიან კარგია.
ჩვენი ჯგუფის წყალობით უკვე მხატვრებმა დაიწყეს ნაშრომების გაყიდვა. ეს  ორმაგად გვახარებს. ამიტომ არ ვწყვეტთ ბრძოლას, სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ, ჩემს რანჩოზე მოვაწყოთ გამოფენები. ჩამოვიყვანოთ უცხოელი არტისტები და ჩვენსა და უცხოელ მხატვრებს შორის კომუნიკაცია-გაცნობა შედგეს. თუნდაც ერთ მხატვარს რომ  ბიძგი მივცეთ  წარმატებისკენ, ესე იგი ჩვენს ბრძოლას, შრომას ფუჭად არ ჩაუვლია.

                                                                                                                         

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები