პროკურორი – მიხეილ სააკაშვილზე: კარგი იქნებოდა, დაზარალებულებისთვის მოესმინა
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, კარგი იქნებოდა, მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოესმინა იმ დაზარალებულებისთვის, ვისაც 2007 წლის 7 ნოემბერს დაზიანებები მიადგა.
„სამწუხაროდ, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი როცა სარგებლობს სიტყვით გამოსვლით, შემდეგ გამოეთიშება პროცესს და მოწმეების, დაზარალებულთა დაკითხვას აღარ ესწრება. კარგი იქნებოდა, მას მოესმინა ამ ადამიანებისთვის, დაზარალებულებისთვის, ვისაც უმძიმესი დაზიანებები მიადგა 7 ნოემბერს. სწორედ ეს ადამიანები იხსენებენ იმ მოვლენებს, რაც გადახდათ მათ, მათი ოჯახის წევრებს 7 ნოემბერს”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. სხდომას სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.