7 ნოემბრის საქმე – მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მორიგი პროცესი დღეს გაიმართება
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
პარალელურად, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია არის დაგეგმილი.
არსებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.