„ჩვენი ქვევრების კოლექცია ჩვენი „სავიზიტო ბარათია“… იდეა მეუღლეს ეკუთვნის“…

ფოთში დაიბადა და გაატარა ბავშვობა. დაამთავრა საქართველოს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, დააარსა სახელოსნო  Zenaari • ზენაარი  –  მინანქრის ხელოვნების ერთერთი გამორჩეულად საინტერესკერა საქართველოში, 15წლიანი ისტორიით.
საავტორო ნამუშევრებში ქართული მინანქრისთვის ტრადიციულად სახასიათო ფერები დომინირებს. მისი ნამუშევრები ეროვნული ფესვებით საზრდოობს, ამასთანავე, ძალიან თანამედროვეა,   ახალი ფორმების შემუშავებით.
ფოთელი ხელოვანის ნამუშევრები ახლახან ირლანდიის ქალაქ დუბლინში, ტიხრული მინანქრის ოსტატთა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.გურანდა კუპრეიშვილის პერსონა.

– დავიბადე ფოთში, თბილ და სტუმართმოყვარე გარემოში, ზაურ კუპრეიშვილის ოჯახში, რომლის სიყვარულის, უსაზღვრო შრომისა და გვერდში დგომის გარეშე ალბათ არაფერი გამოვიდოდა… დედა – ციური კვარაცხელია, ყოველთვის, ყველანაირ სიტუაციაში,  მაძლევდა მიმართულებასა თუ რჩევას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა… მყავს და და ძმა, მირანდა და ლადო.
ბავშვობა გავატარე ფოთში, 90-იან წლებში… ასევე – აფხაზეთში, დედულეთში, ბებია-ბაბუასთან, სოფელ კოჩარაში… რომელიც ძალიან მენატრება  (სამომავლო კოლექციის ინსპირაციაც, ტიხრულ მინანქარში, სწორედ ჩემს სოფელს უკავშირდება…).
ხელოვნება, ხატვა  ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება იყო,  სერიოზულად ფიქრი  მე-7 კლასში დავიწყე, როდესაც ვმონაწილეობდი სხვადასხვა გამოფენასა თუ კონკურსში… ერთი სიტყვით, ჩემი შემოქმედებითი წვა  ფოთში დაიწყო…
– სამხატვრო აკადემიაში განაგრძეთ სწავლა…
– 1996 წელს ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის განხრით, ხოლო 2000 წელს ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე  (მე-3 კურსზე ისევ ფერწერაზე გადავედი).
ჯერ კიდევ ნიკოლაძეში სწავლის დროს დავინტერესდი ტიხრული მინანქრის შესწავლით. სასწავლებლის კედელზე ვნახე  გამოკრული განცხადება –  სამხატვრო სკოლა-გალერეა „ორნამენტი” იწვევდა შესასწავლად მსურველებს… გარკვეული მიზეზების გამო ეს ჩანაფიქრი უკვე აკადემიაში სწავლის დროს განვახორციელე… ვეკითხებოდი ყველას, ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ სფეროში, ვკითხულობდი ლიტერატურას. ხშირად დავდიოდი გალერეა „ორნამენტში”, დეტალურად ვაკვირდებოდი თითოეული ტიხრის მოძრაობას… ამ სფეროში განსაკუთრებით რელიგიური თემატიკა  მიზიდავდა.
სტუდენტობა…
– სტუდენტური წლები ძალიან კარგად მახსენდება, როდესაც გავიცანი საინტერესო მხატვრები და არა მარტო ისინი… შევიძინე მეგობრები და გავიცანი ჩემთვის უძვირფასესი პიროვნება, ჩემი მეუღლე ჯიმი ლომინაძე, ვისთან ერთადაც შევქმენი ტიხრული მინანქრის სახელოსნო. შევიძინეთ ყველაფერი, რაც ამ საქმიანობისთვის აუცილებელი იყო: მუფელის ღუმელი, ფერები, ხელსაწყოები და ასე შემდეგ.
– რატომ აირჩიეთ მინანქრის ხელოვნება?
– ეს მიმართულება ხელახლა ცოცხლდებოდა… ტექნიკური სირთულის გამო  ჩემთვის გამოწვევა იყო… მახსოვს პირველი ნამუშევარი, რომლის ტიხრების მოხრაც ძალიან გამიჭირდა, თუმცა არ დავნებდი… მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად გავართმევდი თავს…
–  ქვევრი სავიზიტო ბარათია…  მის  საინტერესო ნიმუშებს ვხედავთ სახელოსნო  „ზენაარის“ გვერდზე...
– „ჩვენი ქვევრების კოლექცია ჩვენი სავიზიტო ბარათია, იდეა მეუღლეს ეკუთვნის. ვმუშაობთ და ვცდილობთ შევქმნათ ნამუშევარი, რომელზედაც დიდხანს ვმსჯელობთ (ტექნიკის სირთულიდან გამომდინარე).  ვაკეთებთ ჩანახატებს და მივდივართ საერთო კონსენსუსამდე. ალბათ ამიტომაც მიყვარს ეს მიმართულება, რადგან ერთად ვქმნით მე და ჯიმიკო.  საერთო იდეებთან ერთად ორივეს განსხვავებული გემოვნება, ხედვა, ხელწერა გვაქვს, რაც ასე საჭირო და აუცილებელია მხატვრის შემოქმედებაში.
– როგორც აღნიშნავენ, თქვენს ნამუშევრებში შერწყმულია ქართული კულტურული მემკვიდრეობა და ახალი ესთეტიკა… როგორ მუშაობთ თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად, რომ ის მნახველისთვის საინტერესო იყოს?
–  მიყვარს მუშაობა ქართულ ნაციონალურ თემატიკაზე, რომელიც ასე უკიდეგანოდ მრავალფეროვანია… ტიხრული მინანქარი მოითხოვს ბევრ შრომას, ექსპერიმენტს, ფერთა შერწყმას, ურომლისოდაც ალბათ ორიგინალური ვერ იქნები. თითოეულ ნამუშევარში საკუთარი ხელწერა და შინაგანი ხასიათი იგრძნობა.
წლების წინ დაიბადა იდეა, შემექმნა „ჭადრაკის დაფა” თავისი ფიგურებით, თუმცა, ძირითადად, მინანქარი ვერცხლის ან სპილენძის  სიბრტყეზე კეთდებოდა.  ჩემთვის საკმარისი არ იყო  ეს მოცემულობა, დავიწყე ფიქრი, როგორ გადამეყვანა ფორმაში… ერთი სიტყვით, ჯიმისთან „მასტერკლასის“ გავლის დროს აღმოჩნდა, რომ პარალელურად ისიც ფიქრობდა ჭადრაკის დაფის იდეაზე…
მინდა გითხრათ, დღესაც ვმუშაობთ ამ საინტერესო წამოწყებაზე და ახლო მომავალში დავასრულებთ.
– ახლახან თქვენი ნამუშევრები დუბლინის ტიხრული მინანქრის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი…
– ახლახან  საინტერესო, ნიჭიერმა ქალბატონმა ირმა გუგუშვილმა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, წარადგინა გამოფენა დუბლინში. ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩემთვის ჩემი და არა მარტო ჩემი ნამუშევრების გაცნობა ხალხისთვის, რომლებისთვისაც ალბათ აღმოჩენა იყო ჩვენი პატარა ქვეყნის ეს დარგი… დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ირმა უსაზღვრო სიყვარულით თავისებური სკრუპულოზურობით უხელმძღვანელებდა ამ გამოფენას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.
– ჰობი…
– მიყვარს ეზოსა და ლანდშაფტის დიზაინზე, ასევე შიდა ინტერიერზე მუშაობა.
– ოჯახი… მეუღლეც მხატვარია…
– მეუღლე ჯიმი ლომინაძე, რომელიც არაერთხელ ვახსენე,  უნიჭიერესი მხატვარია… იდეების გენერატორი… გვყავს სამი შვილი – დიმიტრი, ბარბარე, ანასტასია. ხელოვნების მიმართულებით ექსპერიმენტებს არ ვიკლებთ, ეს იქნება ფლეიტა, ვიოლინო, გიტარა, ფანდური, ცეკვა, ჭადრაკი თუ სხვადასხვა აქტივობა. აი, მხატვრობის განხრით შუათანა ბარბარე არის დაინტერესებული, რომელმაც უკვე რამდენიმე ნამუშევარი შექმნა ტიხრულ მინანქარში. ასევე გვყავს ორი ძაღლი, იორკშირული ტერიერი, ლოლი და თორი.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ერთობლივი გამოფენები მქონდა უნიჭიერეს მხატვრებთან სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, ლიეტუვა… საქართველოში არაერთი გამოფენა გალერეა „ორნამენტში” და ჩემს საყვარელ ფოთში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ქალბატონი ირმა გუგუშვილი. თუმცა სამომავლო გეგმაც ბევრია…

                                                                                               

                                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები