ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრების სერიის შემდეგ, ვულკანი ამოიფრქვა.
მანამდე, მეთევზეთა პატარა ქალაქ გრინდავიკიდან დაახლოებით 4 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ახლომდებარე გეოთერმული კურორტი – Blue Lagoon დაიხურა.
ისლანდიის მეტეოროლოგიური ბიურო იტყობინება, რომ ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 22:17 საათზე დაიწყო. ვულკანის ბზარის სიგრძე დაახლოებით 3,5 კმ-ია, ლავა დაახლოებით 100-200 კუბური მეტრი წამში მიედინება.
ბიუროში აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი ამოფრქვევა ბევრჯერ მეტია, ვიდრე წინა წლებში მომხდარა.
დედაქალაქ რეიკიავიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქტომბრის ბოლოდან სეისმური აქტივობა გაიზარდა, სადაც ათასობით ბიძგები დაფიქსირდა.
ისლანდიის პრემიერმინისტრი, კატრინ იაკობსდოტირი იმედოვნებს, რომ ახლად აშენებული დამცავი სტრუქტურები დადებით ეფექტს გამოიღებენ.
პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი გაკეთდება ნაგებობების დასაცავად.
2010 წლის აპრილში ვულკან ეიაფიალაიოკუდლის ამოფრქვევამ ევროპის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა გამოიწვია, მაშინ ზარალი 1,5–2,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.