საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციამ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაცია, რომელსაც მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ხელმძღვანელობდა, ქ. ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის მთავარ პროკურორ ჰასან ერბილს და იუსტიციის მინისტრ ბეკირ ბოზდაგს შეხვდა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანმშრომლობის საკითხები. მხარეებმა ერთთმანეთს გააცნეს და გაუზიარეს გამოცდილება მათი უწყებების მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის აკადემიაში. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურის მუშაკთა შორის მომავალში ერთობლივი სემინარებისა და ტრეინინგების, ასევე გაცვლითი სასწავლო პროგრამების ჩატარების თაობაზე. ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტში, სადაც ისაუბრეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს შორის ერთობლივი ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის დანერგვის შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, რომელსაც საქართველოს მთავარ პროკურორთან ერთად წარმოადგენდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე, ასევე პროკურატურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები, თურქეთის მხარის მოწვევით თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით სამი დღე იმყოფებოდა.