შსს: 9 თვეში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამასთან, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა – 47 შემთხვევა გახსნილია.

შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.

რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს – უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი – 36.
ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები