დაიბადა ბათუმში, ხელოვანთა ოჯახში. მამა – ვლადიმერ ბაგეიშვილი მხატვარი მუსიკოსი იყო, დედა – ნანა ფუტკარაძე, მხატვარი მეთოჯინეა, ბათუმსა თუ თბილისში ბევრ ოჯახს ამშვენებს მისი ლამაზ-ლამაზი თაიგულები, თოჯინები, ნაძვის ხეები, დეკორები…
16 წლიდან გალობს ტაძარში, დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური ტექნიკუმი, ვოკალური განხრით, მონაწილეობდა მიუზიკლებში და მღეროდა გუნდში 9-10 წლის მანძილზე…
ბოლო სამი წელია ინტენსიურად ხატავს, ამბობს, რომ მოსწონს მხატვრობის რამდენიმე მიმდინარეობა: რომანტიზმი, აბსტრაქცია, როკოკო, ბაროკო… „ადამიანთა ემოციები ჩემთვის სტიმულია სამომავლო გზაზე, სხვა ყველაფერი უფლის ნება იყოს“. – თვითნასწავლი მხატვრის, თამარ ბაგეიშვილის პერსონა.
– ბათუმში, ხელოვანთა ოჯახში დაიბადეთ. ალბათ ოჯახურმა გარემომ დიდი როლი შეასრულა…
– გარემოს და გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში, თუ რა გესმის, რას ხედავ და რა მაგალითი გაქვს მშობლებისგან… პატარა ვიყავი, ალბათ 3 წლის, როცა ხატვა დავიწყე. ფორტეპიანოზე ვუკრავდი 6 წლიდან, ჩემით, არავის უსწავლებია… მერე მასწავლებელი სახლში ამიყვანეს და სასწავლებელში გამოცდებს ვაბარებდი ზეპირში…
დედაჩემი ფერმწერი ნანა ფუტკარაძე გახლავთ, ბათუმში ერთ-ერთი უკვე საკმაოდ ცნობილი მხატვარია, ასევე – მეთოჯინე… უამრავ ადამიანს აქვს თავისი ნამუშევარი თბილისსა და ბათუმში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი… მამაჩემიც მხატვარი იყო, ასევე – ელექტროგიტარისტი, ბათუმში ერთ-ერთ მუსიკალურ ჯგუფში უკრავდა. ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როცა შეუღლდნენ… სამწუხაროდ, მამა ახალგაზრდა, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა… დედა იმდენად ძლიერი ქალია, მე და ჩემს ძმას დედობა და მამობაც თვითონ გაგვიწია და არაფერი გვიგრძნია…ასეთი ქალები დღეს იშვიათია და მადლობა მას.
– 16 წლიდან გალობდით ტაძარში. შემდეგ ზ.ფალიაშვილის სამუსიკო ტექნიკუმი ვოკალური განხრით დაამთავრეთ… ანუ სიმღერით და მუსიკით დაიწყო თქვენი ცხოვრების გზა… როგორ დარჩა თქვენში ეს პერიოდი?
– ყველაზე კარგად გალობის პერიოდი დამეხმარა ცხოვრებაში, ფეხზე დადგომაში, სიყვარულის სწავლაში, გაზრდაში, სიმშვიდეში… როცა მამა გარდაიცვალა, 17 წლის ვიყავი, გაცნობიერებულად შევხვდი ამ სიმძიმეს… ჩვენ არავინ დავრჩებით ამქვეყნად, უბრალოდ მე ყოველთვის ვფიქრობ, სიკვდილი რომ არა, არ დავაფასებდით სიცოცხლეს… სიბოროტე იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე არის და ღმერთმა ეს სიკეთის მოსახვეჭად გვარგუნა, ბევრი სიკეთე ვაკეთოთ ამქვეყანაზე…
ტექნიკუმი ვოკალური განხრით დავამთავრე, სოპრანო ვარ, რთული ორსულობის გამო მომიწია თეატრში მოღვაწეობის (კერძოდ, გუნდში) დატოვება… ვმღეროდი 10 წელს… ყველაფრის დატოვება მომიწია შვილების გამო… ამიტომაც დავიწყე ხატვა, ძალიან ჩემეულია… მინდა უფრო მეტი შევძლო და განვითარდე…
– ბოლო სამი წელია ინტენსიურად ხატავთ… და მაინც, როგორ გგონიათ, მუსიკა თუ ხატვა? რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
– ორივეს მივანიჭებდი… ორივე ჩემშია… მაგრამ ამჯერად, გარკვეული მიზეზების გამო, ხატვა შემიძლია… სასიამოვნოა, როცა რაღაც გამოგდის ლამაზ ფერებში, ჩემს ნახატებში სიყვარული და სიკეთე იგრძნობა…
– ხატავთ აკვარელით, აკრილით… თქვენი ნამუშევრებიდან სითბო და სილამაზე მოდის. რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– მადლობა, რომ გრძნობთ ამას! ამ ეტაპზე გამოვარჩევდი „ნარცისებს“, ძალიან მომწონს ფერები… მეორე ნამუშევარია: „ვარდისფერი რობინი და მაგნოლია“.
– „რაიმე შექმნა შენებური“ – თქვენი სიტყვებია. როგორ უნდა მოახერხოს ეს მხატვარმა?
– აუქციონზე უამრავი ნახატია, რომ გადახედო, ყველა სხვადასხვანაირად ანუ თავისებურად ხატავს… ვცნობ კიდეც… ვფიქრობ მაინც, რომ ყველას რატომღაც თავისი ხელწერა აქვს, თავიანთი სულებიდან და გულებიდან არის გადმოსული ტილოსა თუ მუყაოზე…
– ოჯახში ორი მხატვარი ხართ. დედა შესანიშნავი მხატვარია…
– დედა ხშირად მეუბნება, დაიწყე ახალი ტილო, არ დაგეზაროს, ხატე, უკეთესი და უკეთესი იქნება შემდეგიო… ყველამ ვიცით, გენეტიკაც დიდ როლს ასრულებს…
– მოგწონთ მხატვრობის რამდენიმე მიმდინარეობა: რომანტიზმი, აბსტრაქცია, როკოკო, ბაროკო… მხატვრებიდან ვის გამოარჩევდით და რატომ?
– გამორჩეულად ვერ გეტყვით, ჩემთვის ყველა გამორჩეულია … სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“… ბოტიჩელიმ ასახა გოგონა, რომელზედაც მრავალი წლის განმავლობაში უგონოდ იყო შეყვარებული… მიქელანჯელოს შესანიშნავი ნამუშევარია „ადამის შექმნა“, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტი „ქალი ხელში სინდიოფალათი“… კარგად არის გადმოცემული დრამა, რაც ემოციას იწვევს ჩემში… რომანტიზმი… არაამქვეყნიური სილამაზით არის გადმოცემული, მაგალითად, ანგელოზები, მათი კანის ფერი… რომანტიზმი ზუსტად იმას გადმოსცემს, რაც ჩვენთვის უხილავი და სასწაულია, რაც დედამიწაზე არ არსებობს რეალურად…
– რა გაოცებთ?
– ალბათ გაგიგიათ ეს სიტყვები… ადამიანები იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს, არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში. ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს დაიხოცებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასდროს უცხოვრიათ…
ეს ნამდვილად მაოცებს, რადგან უფალმა ცოტა დრო მოგვცა, რომ რაიმე მოვიხვეჭოთ კეთილი, შევხედოთ ცას, ბუნებას, მის სილამაზეებს – მზეს, მთვარეს… ხშირად გავიღიმოთ, მზის სხივებს გავყვეთ, გავთბეთ, ერთმანეთს გავუგოთ და გვიყვარდეს, ადამიანებს დღეს სხვისი ცუდად ყოფნა უფრო ახარებთ… ეს ჩემთვის წარმოუდგენელია… უმადური ადამიანები მაოცებენ, სიკეთეს რომ ივიწყებენ… მლანძღველი ადამიანი მაოცებს, ეს ყველაზე უკიდურესია ჩემთვის… ყველას რომ საკუთარი თავისთვის და სულისთვის ეზრუნა, უფრო უკეთესად იქნებოდა ყველაფერი…
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– არაფერს შევცვლიდი, ასე ინება უფალმა და ასე იყოს… ვფიქრობ, ყველაფერი, რაც კი ხდება ჩვენ ირგვლივ, ჩვენი განვითარებისთვის, გაძლიერებისთვის ხდება…თუ შენ რაღაც განსაცდელი გარგუნა ღმერთმა, სხვას ნუ დაადანაშაულებ, ეს შენი ბრალია… მაგრამ ეს რომ ყოფილიყო ნატვრასავით, უფრო ტკბილ ცხოვრებას ვინატრებდი და შევცვლიდი იმ ბოროტის მსურველ ადამიანებს, ვისაც ცუდი სურთ, ალბათ მაშინ მიხვდებოდნენ საკუთარ დანაშაულს… მაგრამ… ეს ასე იქნება ისეც, ცოტა დროა საჭირო ამისთვის… მთავარია, ღიმილი შემიძლია მაინც და არა მწუხარება, ღიმილი კურნავს ადამიანს, ბოროტება კი ანგრევს! რაც ჩემგან შორსაა…
– როგორ ხატავთ? რა გაძლევთ შთაგონებას?
– „სიყვარული“… ჩემი სიყვარული მაძლევს ყველაფერს, ყველაზე დიდი ძალა ის არის… სიყვარულით ვხატავ, მუსიკა კი მეხმარება, უფრო მშვიდად ვხატო და კლასიკა ამ დროს ერთ-ერთია, რომ გავიღრმაო ხატვის სურვილი და აზრი…
– ჰობი…
– სიმღერა, ლექსების წერა (რაც დიდი ხანია არ მიწერია), კულინარია, კონდიტერია… ძალიან მიყვარს გემრიელობების კეთება, ცხობა… არასოდეს მომბეზრდება… მით უმეტეს, როცა ამით საყვარელ ადამიანებს ასიამოვნებ …
– ოჯახი…
– ოჯახი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანი ბედნიერია ან უბედურია თავისი უმადურობით… მადლიერი ვარ მე ჩემი ცხოვრებით, საყვარელი შვილებით, პატარა ტიტინა ელენეთი მითბება გული, ანდრია კი ჩემი ანგელოზია… ჩემი პირველი შვილი 11 წლისაა, უკვე დიდი ქალია, ისიც მხატვრობას მიჰყვება… სხვა გზა არ უჩანს ჯერჯერობით, ყველგან ხატავს, როცა ეზოში ჩადის, წიგნაკი დააქვს, ზის და ხატავს, კარგად ესმის პროგრამები… საშუალო დონეზე ქმნის ანიმაციებს, მაგრამ ასაკთან შედარებით ხატვით უკვე მაღალ დონეზე ასრულებს ანიმეებს, პორტრეტებს… ვფიქრობ, მარიამი მომავალში ძალიან კარგი მხატვარი დადგება …
– გეგმები…
– გეგმები ჩემს გულში იყოს დაფარული, საჯაროდ არ მსურს ამაზე საუბარი… მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებას ვერ დავგეგმავთ… მაგრამ ყველას ვუსურვებ ჭეშმარიტ სიყვარულს, მშვიდ ცხოვრებას და კეთილი სურვილების, მიზნების განხორციელებას მომავალში!
თამარ შაიშმელაშვილი