„ხატვა – ეს ღმერთის საჩუქარია, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი გადარჩენა“…

დაიბადა მცხეთაში, პროფესიით მხატვარია, მუშაობდა მხატვრად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, თუმცა მაშინ მხატვრობა დროებით გვერდით გადადო და  დაეუფლა სტილისტის ხელოვნებას. თითქმის 23 წელია სტილისტად მუშაობს. ამბობს, რომ ეს მისთვის ნახატია, ხელოვნებაა.
ხატვის ახლებური სიყვარული კი კორონავირუსის დროს დაიწყო და წლობით დაგროვილი ემოცია ფურცლებზე, ტილოებზე მიმოიფანტა ფერებად. ამჟამად ემიგრანტია, თან მუშაობს, თან ხატავს… უყვარს მოდილიანი, პიკასო, რემბრანტი, რენუარი, ვან გოგი… – თვითნასწავლი მხატვრისა და სტილისტის,  მანჩო პატაშურის პერსონა.

 – დაიბადეთ მცხეთაში, მაგრამ მშობლიური სოფელი ხევშაა, რომელიც ცნობილი მხატვარი ილო პატაშურის სამშობლოა… თქვენიც…
– დავიბადე მცხეთაში,1959 წლის 1-ელ ივლისს, ერთ ლამაზ, სიყვარულისფერ ოჯახში. დედმამიშვილები ჩემი სამყაროა, ჩემი იმედია.
მე მთის ქალაი ვარ, ფასანაური, სოფელი ხევშა. საოცრად მიყვარს ჩემი სოფელი, იქ დამრჩა ულამაზესი ბავშვობა და ლამაზი მოგონებები. ხატვაზე ოცნებაც იქიდან დაიწყო. ბიძაჩემი ილია პატაშური მხატვარია, ღმერთამდე მყავდა აყვანილი, ის რომ ხატავდა, მეგონა რაღაც სასწაული, დავყვებოდი მუდამ და საათობით ვუყურებდი, როგორ ხატავდა, ღამეები არ მეძინა იმაზე ფიქრით, რომ მეც თუ მეღირსებოდა ოდესმე მხატვარი ვყოფილიყავი.
ჩემს ოცნებას ფრთები შეესხა და გავხდი მხატვარი, თუმცა აქვე დავსძენ, რომ ჩემს თავში მაშინ ვერ დავინახე ის პოტენციალი, რომელიც გააგრძელებდა ხატვას.
15 წელი ვიმუშავე მხატვრად კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. ეს იყო ყველაზე ლამაზი და  ზღაპრული წლები ჩემი ცხოვრების. ვიმუშავე ჩვენს დიდ მსახიობებთან.
ამის მერე ვიმუშავე მოსკოვში. ზურაბ წერეთელთან ვეზიარე მინანქრის ხელოვნებას… და ამ წლებში დავეუფლე  სტილისტის ხელოვნებას, ბატონ ვაჟა ხითარიანთან.
– როგორც სტილისტი, ბევრს უყვარხართ… მრავალი ადამიანის ვარცხნილობაზე ზრუნვა იოლი როდია…
– მართალია მხატვრად ვმუშაობდი, მაგრამ საკუთარი არაფერი შემიქმნია, დროებით ყალამი გვერდზე გადავდე და მთელი ემოცია სტილისტის ხელოვნებაში ჩავაქსოვე. საოცრად მიყვარს ჩემი საქმე, საოცარი სიყვარულით ვაკეთებ, ეს ჩემთვის ნახატია, ხელოვნებაა. თითქმის 23 წელია ვმუშაობ, მყავს ძალიან მეგობრული კლიენტები, ოჯახის წევრებივით მიყვარს ყველა. ბევრიც დავიმეგობრე.
– ხატვის სიყვარული კორონავირუსის დროს დაიწყო…
– ხატვის სიყვარული… არ მინდა წარსულის გახსენება, მტკივა ჩემი წარსული.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, სახლში შესვლის მეშინოდა, ვცხოვრობდი ჩემს მულთან, მონასტერშიც წამიყვანა დედა მართამ. დადგა დრო, უნდა შევსულიყავი სახლში, ეს იყო ჩემი ჯვარი და ღირსეულად უნდა მეტარებინა.
მახსოვს, ფანქარი და ფურცელი ავიღე და რაღაც დავხატე, ჩემს სულში რაღაც მოხდა, რაღაცამ გამახარა, რაღაცამ ის წამი დამავიწყა, კიდევ დავხატე, არ ვიცი, საიდან მოდიოდა. ვფიქრობ,  ამ დროს ღმერთმა მომცა ძალა და …
არ ვიცი, რამდენი დღე და ღამე არ მძინებია. მეშინოდა დაძინების და სულ ვხატავდი. ამდენი წლის დაგროვილი ემოცია ფურცლებზე, ტილოებზე მიმოიფანტა ფერებად.
ხატვა მოულოდნელად შემოიჭრა, რამაც ერთხელ და სამუდამოდ გამიფერადა ყოველი დღე… ყოველი ახალი ნახატი, ახალი ფერი, ტონალობა, მონასმი თუ იდეა ახალი აღმოჩენაა საკუთარ თავში, ახალი შესაძლებლობის დანახვა და განხორციელების დაუოკებელი ჟინი… ეს კი მთელი პროცესია, შინაარსიანი და დიდ რესურსსაც მოითხოვს.
ხატვამ სრულიად შეცვალა ჩემი სულიერი სამყარო, მიძინებული ემოციები ამოიფრქვა და გზა მიჩვენა… გზა, რომელზედაც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ალბათ როდისმე ფრთებს შევასხამ და ვიქნები მხატვარი. იქამდე დიდი მუშაობა მჭირდება.
–  წერთ ლექსებს, ხატავთ… ალბათ განწყობის მიხედვით იხატება და იწერება…
– არასოდეს ვიცი, რას ვხატავ, ჯერ კიდევ ძიებაში ვარ.თუმცა მომწონს ძიების პროცესი, ხან აბსტრაქცია მომწონს, ხან რეალისტური ხელოვნება, კუბიზმი, ესაა სწორედ, ღამეებს რომ მათენებინებს. მინდა ეს ემოცია არასოდეს დასრულდეს.
არავის ვბაძავ, მეც არ ვიცი, საიდან მესტუმრა ეს მუზა… როგორ ვხატავ, ხან მეც მიკვირს. ვფიქრობ, ეს ღმერთის საჩუქარია, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი გადარჩენა.
ვწერ კი ლექსებს, ჩანახატებს, რომლებიც ჩემი სულის ნაწილია, ემოციაა, სევდაა. და ვინახავ გულში. არ ვამზეურებ ხშირად.
–  მზე, გაზაფხული, სიყვარული… გახარებთ ყველაფერი, რაც სიკეთე და სილამაზეა… შთაგონებას რა გაძლევთ?
– ჩემი ნახატები სევდისფერია და თითქმის ყველა მე მგავს, ჩემი ცხოვრების კრედო კი სიყვარულისფერია, მიყვარს ყველა და ყველაფერი, ჩემს გულში ადგილი  არ არის სიძულვილისთვის.. უკიდეგანო სიყვარული შემიძლია და რაც უფრო გავცემ სიყვარულს, კიდევ უფრო ვიმუხტები ენერგიით, მიხარია, რომ გარშემომყოფებს ახარებთ ჩემი პოზიტივი .მყავს უსაყვარლესი მეგობრები. მეგობრობა –  სიწმინდეა, ერთგულებაა, გატანაა, მარადიულობაა, ვისთანაც ეს გრძნობები მაკავშირებს, ის ჩემი მეგობარია.
მიყვარს კლასიკა. როცა ვხატავ, კლასიკური მუსიკა ჩემი შთაგონების წყაროა.
– ცხოვრობთ ბარიში, ემიგრანტი ხართ…
–  ვიმყოფები ემიგრაციაში. იტალიაში ვმუშაობ. აქაც გამიმართლა, ვმუშაობ ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში. ვერ ვძლებ უცხო ცის ქვეშ, აქ სხვანაირი ცაა, აქ სხვანაირი სიყვარული იციან. მენატრება ჩემი სამშობლოს ცა, მტკივა ჩემი ქვეყანა: „სადაც კი დავალ, საქართველო დამაქვს სხეულით“ (ეს სიტყვები პოეტ ბატონ ელგუჯა ციგროშვილს ეკუთვნის)… მან ყველა ემიგრანტის სათქმელი თქვა.
იტალიაში მოგზაურობა ჩემი ოცნება იყო, ვიმოგზაურე რომში, უფრო ადრე ფლორენციაც მოვინახულე, ჩემი უფროსი და იქ მუშაობს, ისიც ემიგრანტია.
მოვიარე მიქელანჯელოს მუზეუმი, მოვიხიბლე მისი მოსწავლეების ნამუშევრებით, ვიყავი ვატიკანში, საიდანაც გამოსვლა აღარ მინდოდა, ეს იყო ზღაპარი. სათითაოდ ვათვალიერებდი და ვტკბებოდი, მათ ნაკვალევზე მე დავაბიჯებდი.
– ხატავთ სხვადასხვა მასალით, მათ შორის, სანთლით…
– სანთლით ხატვა ძალიან საინტერესო სტილია. ძალიან მიყვარს მეც. ენკაუსტიკის ხელოვნება (სანთლით ხატვა) ჩემმა მეგობარმა მასწავლა. მადლობა მას. რთულია და  საინტერესო…
– როგორს დახატავდით (თუ უკვე გაქვთ დახატული) თქვენს ავტოპორტრეტს?
– როგორც აღვნიშნე, ჩემი ყველა პორტრეტი და ჩემი ავტოპორტრეტიც სევდისფერია. ამას შეგნებულად არ ვაკეთებ და აკი ამიტომაც მივაწერე ავტოპორტრეტს: „დამხატე, ოღონდ ნუ დამხატავ  ასე სევდიანს“…
– ჰობი…
– მოგზაურობა. მეგობრებთან ერთად თითქმის შემოვლილი მაქვს საქართველო. ვიმახსოვრებ – ულამაზეს დღეებს, წუთებს, მოგონებებს, ფოტოებს  და მათ მოგონებების სკივრში ვალაგებ. არ ვიმახსოვრებ – სიკეთეს, რომელსაც გავცემ.
– ოჯახი…
– განგებამ ასე ისურვა, მარტო აღმოვჩნდი ამ სამყაროში. ჩემი ოჯახი ჩემი დედმამიშვილია, უმცროსი დაიკოც ემიგრანტია, ამერიკის შეერთებულ შტატბშია. გვენატრება ერთმანეთი. ერთმანეთს ვაძლიერებთ და გვერდში ვუდგავართ. მათი გულისთვის სასწაულებს ჩავიდენ. მყავს საოცრად საყვარელი დისშვილები და ძმისშვილი, და სამი ვაჟკაცი – დის შვილიშვილები. ესენი ჩემი სამყაროა.
– გეგმები…
–  ვოცნებობ დამოუკიდებელ საქართველოზე, რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში.
…„უბრალო ფანქრით დამხატავდე ნეტავი ერთხელ, რომ ჩემს თვალებში სიყვარულის ფერები ნახო“…
მიყვარხართ! მიყვარს ჩემი სამშობლო“
„საქართველოოო ლამაზო სხვა საქართველო სად არის“…
                                                                                   

                                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები