საქართველოსა და ქართულ კულტურაზე უსაზღვროდ შეყვარებული… თურქი ეროვნების პირველი დოქტორანტი საქართველოში, რომელმაც ქართულ ფილოლოგიაში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი…
თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა. 1995 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩაირიცხა. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზეც ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
დღეს უკვე ქართველოლოგია, ახალი მიზნებით და გეგმებით, წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობით. 18 თარგმნილი წიგნიდან მხოლოდ ერთია თურქულიდან ქართულად, დანარჩენი 17 ქართულიდან თურქულად თარგმნა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. – ჰარუნ ჩიმქეს პერსონა.
– თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადეთ…
– დავიბადე 1977 წლის 11 ოქტომბერს, ქალაქ სივასში, რომელიც მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის შუაგულში, ისტორიული აბრეშუმის გზაზე. მერვე კლასის ჩათვლით, ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი, მამაჩემის სურვილით, ჩავაბარე პროფესიულ სკოლაში, სადაც ისწავლებოდა ტექნიკური საგნები და ამის გამო ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ვერ ვახერხებდი. ამასობაში ჩემმა ნათესავმა, რომელიც თბილისში სწავლობდა, შემომთავაზა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და თბილისში მესწავლა.
მოულოდნელი წინადადება თავიდან არ იყო ჩემთვის მისაღები, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მომეწონა ეს აზრი და საბოლოოდ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა. 1995 წელს ჩავირიცხე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის, ლიტერატურისა და აღმოსავლური (თურქული) ენების სპეციალობაზე. ხუთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისში, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში, ქართული ენის სპეციალობით. აღნიშნულ სისტემაში მომხდარი ცვლილებების შედეგად მომეცა საშუალება, რომ ისევ დავბრუნებულიყავი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწავლა გამეგრძელებინა „ქართველური ენათმეცნიერების“ სადოქტორო პროგრამაზე. აქვე, 2010 წელს, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“.
– ქართულ ენასთან თუ გქონდათ რაიმე შეხება სკოლის დროს?
– სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მანამდე ქართულთან არავითარი შეხება არ მქონია. სიმართლე რომ ითქვას, საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მხოლოდ თბილისი და ბათუმი მქონდა გაგონილი. არც ის ვიცოდი, რომ ქართველებს საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ.
– თურქეთში პირველი ქართველოლოგი ხართ, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში საქართველოში დაიცავით… დღეს უკვე, ალბათ, სხვა თურქი ახალგაზრდებიც არიან დაინტერესებული ქართველოლოგიით?
– ამ სპეციალობაზე როგორ მოვხვდი, სხვადასხვა დროს ბევრჯერ ვისაუბრე და ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მთელი სულითა და გულით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პროფესიით უზომოდ ბედნიერი ვარ და ერთი წამითაც არ მინანია არასდროს.
მე და ჩემი მეგობარი მუზაფერ ქირი (მან ქართულ ლიტერატურაში დაიცვა დისერტაცია) თურქეთის ისტორიაში პირველები ვართ, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში დავიცავით დისერტაცია. შემდგომში სხვებიც დაინტერესდნენ ქართველოლოგიის საკითხებით და დღესაც არიან ასეთები, მაგრამ ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ ჩვენ, ბაკალავრიატიდან დაწყებული, დოქტორანტურით დამთავრებული, ყველა საფეხური საქართველოში გავიარეთ. რა თქმა უნდა, ამაში ლომის წილი ეკუთვნის ჩემს ხელმძღვანელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ რუსუდან საღინაძეს, რომელიც უანგაროდ, თავდაუზოგავად, მთელი სულითა და გულით, სიყვარულით მასწავლიდა ქართულს, მზრდიდა, როგორც ენათმეცნიერს.
– „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“ თურქულად − ეს წიგნი თურქეთის ისტორიაში ქართული ენის პირველი გრამატიკა იყო… როგორი გამოხმაურებები მოჰყვა ამ წიგნს და ხომ არ აპირებთ ხელმეორედ გამოცემასა და ტირაჟის გამეორებას?
– როდესაც მე და ჩემი მეგობრები ქართულ ენას ვსწავლობდით, არაქართულენოვანთათვის არ არსებობდა სახელმძღვანელო, რაც გაგვიადვილებდა ქართული ენის შესწავლას. ჩემი აზრით, ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ იმ დროისათვის ეს პროცესი ახალი დაწყებული იყო. ქართულის სიღრმისეულად შესწავლა რომ გადავწყვიტე, იმაზე ფიქრი დავიწყე, იქნებ მსგავსი წიგნი მომავალში მეც დავწერო-მეთქი. დისერტაციის დაცვის შემდეგ ეს იდეა ჩემს ხელმძღვანელს რომ გავანდე, მანაც მითხრა, რომ თვითონაც ფიქრობდა ასეთი წიგნის გამოცემაზე. ერთი სიტყვით, ჩვენი აზრები დაემთხვა და დავიწყეთ ამაზე მუშაობა.
სამი ავტორის (პროფესორი რუსუდან საღინაძე, პროფესორი ჟუჟუნა ფეიქრიშვილი და მე) თანამონაწილეობით 2015 წელს გამოვეცით წიგნი. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ეს თურქეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. ზოგადად კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ იყო არაობიექტური კრიტიკაც, რისი მიზეზიც იყო ის, რატომ არ იყო წიგნში მაგალითად დასახელებული ქართული სიტყვები, ქართული ანბანის ასონიშნებით გადმოცემული. ეს ბრალდება ქართული დამწერლობის უარყოფას ნიშნავდა, მაშინ როცა წიგნში წინასიტყვაობა მთლიანად წარმოდგენილია ქართულად (პარალელურად თურქულადაც) და აღნიშნულია ქართული ენისა და დამწერლობის სიძველისა და მნიშვნელობის შესახებ. ამავე დროს, წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართული დამწერლობის ისტორიას, განვითარების საფეხურებსა და ანბანის სამი სახეობის ამსახველ ტაბულას.
დაუმსახურებელი და დაუსაბუთებელი კრიტიკის გამო იმდენად დამწყდა გული, რომ ვიტირე კიდევაც. ქართული ენა და ქართველი ხალხი ჩემთვის ყველაზე ფაქიზი და სათუთი რამ არის. მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ თურქულ ენაზე გამოცემული წიგნი „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“ მეცნიერული ხასიათისაა და განკუთვნილია იმ თურქი სპეციალისტებისა თუ ქართული ენით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ენის სისტემის შესახებ წარმოდგენის შექმნა.
– 2011 წლიდან რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა არსებობს, 2015 წლიდან კი სტუდენტთა მიღება დაიწყო. უკვე რვა წლის გადასახედიდან რას იტყოდით? ვინ სწავლობენ ამ სპეციალობაზე და რა შედეგი მოიტანა?
– დიახ, ეს 2011 წელს მოხდა და მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ მის სათავეებთან ვყოფილიყავი. რიზე მეოთხე ქალაქია, სადაც უკვე რამდენიმე წელია, სტუდენტები ამ სპეციალობას ეუფლებიან. 2015 წელს რიზეს უნივერსიტეტში მოწვეულ ორ არაჩვეულებრივ სპეციალისტთან, ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ რუსუდან საღინაძესა (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ მაია კიკვაძესთან (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად შევადგინეთ ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა და საფუძველი ჩავუყარეთ სტუდენტთა მიღებას სპეციალობაზე, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში. სპეციალობაზე მოდიან ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც იციან რამდენიმე ენა და სურთ ქართულიც ისწავლონ, ან არიან წარმოშობით ქართველები და უნდათ საფუძვლიანად შეისწავლონ მშობლიური ენა, ასევე, მოდის სტუდენტთა ისეთი კატეგორიაც, რომლებსაც უნდათ ქართული ენის ცოდნა სხვადასხვა სექტორში გამოიყენონ.
– ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანი „დათა თუთაშხია“ თარგმნეთ. რამდენად საინტერესო იყო ამ რომანზე მუშაობა და როგორ მიიღო ის თურქმა მკითხველმა?
– როდესაც მეოთხე კურსზე ვიყავი და „დათა თუთაშხიას“ ვკითხულობდი, მაშინაც ძალიან განცვიფრებული ვიყავი ამ რომანით. მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტობის პერიოდში ამ დონეზე არ ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი წიგნი იყო ქართველებისთვის „დათა თუთაშხია“.
კითხვა რომ დავიწყე, მოვლენებმა იმდენად დამაინტერესა, მინდოდა მალე დამემთავრებინა და გამეგო, რა ხდებოდა ფინალში. ამაში ხელი შემიწყო იმ ფაქტორმაც, რომ ზაფხულის არდადეგები იყო და მქონდა თავისუფალი დრო. რამდენადაც მახსოვს, 8-9 დღეში დავამთავრე კითხვა და საერთო შინაარსიც აღვიქვი. მაშინ გავიფიქრე, იქნებ მომავალში ამ წიგნის თურქულ ენაზე თარგმნის საშუალება მომეცეს და თურქ ხალხამდე მივიტანო ის ზოგადსაკაცობრიო საკითხები, რომლებიც „დათა თუთაშხიაში“ მაღალ დონეზეა დასმული-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ ეს რეალობად იქცა. რასაკვირველია, გამიჭირდა ის ადგილები, რომლებიც, ქვეტექსტებისა და ფილოსოფიური აზრების გამო, რთული აღსაქმელი იყო. ასეთი საკითხების გარკვევაში ჩემი ნაცნობები და ახლობლები დამეხმარნენ, რისთვისაც მათ ვუხდი მადლობას.
რაც შეეხება გამოხმაურებას, თარგმნის შემდეგ წავაკითხე ჩემს რამდენიმე მეგობარს, არ ვაჭარბებ, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ასეთი დიდებული წიგნი დიდი ხანია არ ჰქონდათ წაკითხული. როდესაც გამომცემლობის რედაქტორმა წაიკითხა, ზუსტად ასე მომწერა: „სანამ ამ წიგნის წაკითხვას დავიწყებდი, ლიტერატურაზე წარმოდგენა დაკარგული მქონდაო“. ასე რომ, თარგმანი ჯერ ახალია და დროთა განმავლობაში ველოდები სხვა გამოხმაურებებსაც.
– თქვენი თარგმანებიდან კიდევ რომელ ქართველ ავტორებს გამოარჩევდით? უახლოეს მომავალში რის თარგმნას აპირებთ?
– ჯერჯერობით 18 წიგნი მაქვს ნათარგმნი. აქედან მხოლოდ ერთია თურქულიდან ქართულად, დანარჩენი 17 გახლავთ ქართულიდან თურქულად: 1. „დათა თუთაშხია“ – Data Tutaşhia – Kafkasların Asil Eşkıyası, გამომცემლობა: Salt-Okur, İstanbul – 2023; 2. მუჰანედ ალაკუსი, „მშვიდობის ყვავილი“ – Barış Çiçeği, გამომცელმლობა – შემეცნება, თბ., 2022; 3. კესანე გვეტაძე, „გონივრული რიცხვები“ – Akıllı Sayılar, გამომცემლობა „შემეცნება“, თბ., 2021; 4. ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ – Bu Romanda Herkes Ölüyor, KeTeBe, İstanbul, 2022; 5. აკა მორჩილაძე, „ჩრდილი გზაზე“ – Yoldaki Gölge, გამომცემლობა: KeTeBe, İstanbul, 2021; 6. ოსმალეთისა და ევროპის გზებზე ხუთი ქართველი მოგზაური და მათი სამოგზაურო ნაშრომები“ (ს.-ს.ორბელიანი, „მოგზაურობა ევროპაში“, ტ. გაბაშვილი „მიმოსლვა“, გ. ავალიშვილი „მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“, ი. გედევანიშვილი „ათი წელი მოგზაურობაში“, გ. ერისთავი, „ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისსიდგან“ – Osmanlı ve Avrupa Topraklarında Beş Gürcü Seyyah ve Seyahatnameleri (XVIII. ve XIX. Yüzyıl), გამომცემლობა „Selenge – „სელენგე“, სტამბოლი, 2021; 7. ი. გოგებაშვილი, „იავნანამ რა ჰქმნა?“ – Ninni’nin Mucizesi, „შემეცნება“, თბ., 2021; 8. ი. მიმირი, „პუდინო“ – Pudino (რვა წიგნი), გამომცემლობა „შემეცნება“, თბ., 2021; 9. რ. თაბუკაშვილი „13 დღე“ – 13 Gün, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017; 10. ჟ. ფეიქრიშვილი, „ქართველოლოგიის შესავალი“ – Kartvelolojiye Giriş, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017; 11. შ. არველაძე, „გუშინ“ – Dün, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017; 12. გ. სოსიაშვილი, „მარტოსულთა ზამთარი“ – Yalnızların Kışı, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2017; 13. ნ. სადღობელაშვილი, „თავშესაფარი“ – Huzurevi, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2016; 14. ზ. კვარაცხელია, „ფორმა100“ – Üçe Yirmi Kala, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2016; 15. ბ. ხარანაული, „წიგნი ამბა ბესარიონისა“ – Kitap Amba Besarioni, გამომცემლობა Gürcistan Dostluk Derneği Yayınları, İstanbul, 2015; 16. თანამედროვე ქართული მოთხრობები – Modern Gürcü Hikayeleri, გამომცემლობა Gece Kitaplığı, Ankara, 2015; 17. დ. ტურაშვილი, „გურჯი ხათუნი“ – Gürcü Hatun, გამომცემლობა Gece Kitaplığı, İstanbul, 2015, 2022 (მეორე გამოცემა); 18 საქართველოს კულტურა – Gürcistan Kültürü, თბ., 2004.
ყველა წიგნის კითხვისა და თარგმნის პროცესში ძალიან ვისიამოვნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარია, გადავთარგმნო ისეთი წიგნი, რომლის მეშვეობითაც თურქი ხალხი უკეთ გაიცნობს ქართველებს.
2024 წლისათვის გამოვა ჩემი კიდევ ორი თარგმანი: ერთია ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონი რუსუდან საღინაძის წიგნი „ძველი ქართული ენა“, რომლის მეშვეობითაც თურქი ენათმეცნიერები წარმოდგენას შეიქმნიან უძველესი ენის აგებულების შესახებ; მეორე წიგნი კი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი კახა შენგელიას წიგნი „საქართველოს ისტორია“. მართალია, თურქეთში არსებობს საქართველოს ისტორიის შესახებ მასალა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ წიგნში კარგადაა ყველაფერი განხილული და ყველას ექნება საშუალება, რომ უფრო კარგად გაეცნოს საქართველოს ისტორიას. აქვე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ კახა შენგელიას, რომელმაც „დათა თუთაშხიას“ საავტორო უფლებების სპონსორობა საკუთარ თავზე აიღო.
– თარგმნის პროცესი… თუ გჭირდებათ შთაგონება?
– რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებ, მით უფრო სხვა თვალით ვუყურებ ამ საქმიანობას. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ თარგმნის პროცესი არ ჩამორჩება წიგნის დაწერას. თუ „როლში არ შევიჭერი“ და არ განვიცადე ის, რაც წიგნშია მოცემული, კარგი თარგმანი არ გამოდის. ერთხელ ისე ვიყავი „შეჭრილი როლში“, პირდაპირ ვიტირე. ვფიქრობ, რომ შთაგონების გარეშე ეს პროცესი შეუძლებელია,
– ხომ არ აპირებთ თურქი ავტორების თარგმნას ქართულად?
– ეს კითხვა ბოლო პერიოდში ხშირად ისმის. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვთარგმნო მხოლოდ ქართულიდან თურქულად. თურქულ ლიტერატურას თარგმნიან ცნობილი თურქოლოგები, რომლებიც, ჩემი აზრით, კარგადაც ართმევენ თავს. თურქოლოგების რაოდენობა უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე ქართველოლოგების/მთარგმნელების რაოდენობა თურქეთში.
– ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებში თქვენი წვლილიც შეგაქვთ. ხართ საპატიო დოქტორი და იაკობ გოგებაშვილის მედლის მფლობელი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე… ალბათ, ჯილდო სტიმულს გაძლევთ.
– სიმართლე გითხრათ, თავიდან მოხალისედ დავიწყე წიგნების თარგმნა. ვფიქრობ, ეს ჩემი მოვალეობაცაა. საქართველოში იმდენი კარგი რამ ვნახე, რომ მინდა ამ გზით მაინც გამოვხატო ქართველებისადმი ჩემი მადლიერება. სტიმული ყველას გვჭირდება, მაგრამ არასოდეს არაფერი გამიკეთებია იმისათვის, რომ ვინმეს დაეფასებინა ჩემი შრომა, ვინმეს ეთქვა ჩემთვის კარგი სიტყვები. ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ვარ დავალებული ქართველი ერის წინაშე და, სანამ ვიარსებებ, მუდმივად შევასრულებ კულტურული ხიდის ფუნქციას თურქეთსა და საქართველოს შორის.
– „ქართული ენის სიყვარულმა სულ სხვა ადამიანად მაქცია, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ“, − თქვით ერთ ინტერვიუში. ხელახლა რომ იწყებდეთ ცხოვრებას, ისევ ამ გზას აირჩევდით?
– ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. ქართულმა ენამ სხვა ადამიანად მაქცია. „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“,− ეს მართლაც ასე ყოფილა.
თამარ შაიშმელაშვილი