“ერთი მხარე გაგლეჯილი აქვს, ბამბითაა ადამიანი აწყობილი”,- ამის შესახებ ქარელში ნადირობისას გასროლილი ტყვიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი აცხადებს.
მისივე თქმით, ახლობლებს განზრახ მკვლელობაზე ეჭვი არ აქვთ.
“განზრახ მკვლელობაზე ოდნავ ეჭვიც არ გვაქვს… რაღაცა ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვილი დახვდა, თვითონაც თავს იკლავდა”, – ამბობს ახლობელი.
ამასთან, მოკლულის ძმა მიიჩნევს, რომ საეჭვო არაფერია და მომხდარი უბედური შემთხვევაა.
“სანადიროდ იყვნენ წასულები, ჩემი ძმა სათევზაოდ იყო, საეჭვოდ არაფერი მეჩვენება – ძმებივით ვიყავით”,- აღნიშნავს მოკლულის ძმა.
შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად, 60 წლამდე ასაკის მამაკაცია გარდაცვლილი. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი – სათევზაოდ. სანადიროდ მყოფი მამაკაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად მეორე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.