“30 წლის განმავლობაში არ იცოდა, თავისი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი – ოცი ქართველი მებრძოლი გმირის ნეშთი იპოვეს, ოცმა გმირმა დედამ ამოისუნთქა” – 30 წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის გმირები სამშობლოში ჩამოასვენეს

30 წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის გმირები სამშობლოში ჩამოასვენეს. 20 ქართველი მებრძოლის ოჯახის წევრებს ყველანაირი იმედი ჰქონდათ გადაწურული, თუმცა, გმირებისთვის პატივის მიგება სამების საკათედრო ტაძარში ნებისმიერ მოქალაქეს 15-16 ნოემბერს შეეძლება.

ერთ-ერთი გმირის ოჯახის წევრი, მარი გულორდავა სოციალურ ქსელში ამ ამბის შესახებ წერს და ბიძაშვილს იხსენებს.

“ზაფხულის მშვენიერი სისხამი დილა იყო, ნუკრი კარატეს მავარჯიშებდა სახლის უკანა ეზოში, 30 წელი გავიდა და ახლაც მახსოვს, როგორი გაღიმებული სახით მოდიოდა ჩვენკენ, თეთრი მაისური ეცვა, ცოტა ხანი გვიყურა, ვარჯიში არ გაგვაწყვეტინა, თავის ძმას უთხრა, რა დააკლო ზაურიმ, რომ ეს ბიჭად არ დაიბადაო. შემდეგ ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა …..ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. სოფელში, ნათესავები ყველა ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ერთადერთი ბიძაჩემი ცხოვრობს ცოტა შორს, იმ დღეს, 1993 წლის ორ ივლისს ბიძაჩემთან ვიყავი სახლში, როცა სადღაც შორიდან წარმოუდგენლად საშინელი კივილის ხმამ დააყრუა მთელი სოფელი, ხმაზე ვიცანი, როლიტა ბიცოლას ხმა იყო და მივხვდი, რაც ხდებოდა, ის ბიჭივ- რომელიც ბოლოს თეთრ მაისურში და გაღიმებული ვნახე, იმ დღეს აფხაზეთის ომში წავიდა, წავიდა და აღარ დაბრუნებულა. 30 წელი იტანჯა როლიტა ბიცოლამ, 30 წლის განმავლობაში არ იცოდა, თავისი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი, 30 წელი ელოდნენ და ეძებდნენ მერაბ გედენიძეს ნათესავები, მაგრამ უშედეგოდ და მაშინ, როცა არავინ ველოდით, მისი ნეშთი აღმოაჩინეს. 30 წლის შემდეგ, ოცი ქართული მებრძოლი გმირის ნეშთი იპოვეს, ოცი გმირი ბიჭის, ოცმა გმირმა დედამ ამოისუნთქა, რადგან მათთვის დღეს ყველაზე ღირებული ომში გაშვებული, ქვეყნის დასაცავად გაშვებული შვილების საფლავები ექნებათ. მერაბ (რენო) გედენიძის სამოქალაქო პანაშვიდი 30 წლის შემდეგ 15-16 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება”, – წერს მარი გულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები