სოფელ ქეშალოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს, 33 წლის ბაზირგან მაჰმუდოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო.

სხდომაზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი განმარტებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

პროცესზე ბრალდებული სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და ფაქტის დროს თავს იცავდა, რადგან როგორც თავად ამბობს, თანასოფლელმა მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაკავებულის უფლებადამცველმა სხდომაზე მუხლის გადაკვალიფიცირება და 10 ათას-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, გამოძიება განზრახ მკვლელობის ნაცვლად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.

ცნობისთვის, ბაზირგან მაჰმუდოვს თანასოფლელის განზრახ მკვლელობას ედავებიან. სისხლიანი დაპირისპირება ქორწილის სუფრასთან დაიწყო. მოკლულია 29 წლის ახალგაზრდა, რომლისგანაც მაჰმუდოვი ვალის დაბრუნებას ითხოვდა. მაჰმუდოვის მიმართ ფულად ვალდებულებას ადასტურებს მოკლულის ოჯახი, თუმცა განმარტავს, რომ თანხის დიდი ნაწილი უკვე დაბრუნებული იყო. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები