დაამთავრა თბილისის 90-ე საჯარო სკოლა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქსოვილების ფაკულტეტი და ასპირანტურა, ქსოვილების დიზაინის განხრით.
მუშაობდა თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრაზე პედაგოგად, კითხულობდა ლექციებს კომპოზიციის დარგში: მხატვრულ ქსოვასა და თექაზე მუშაობის პრაქტიკულ თემაზე. ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა ასისტენტ-პროფესორის სტატუსი. ხოლო როდესაც ხსენებული უნივერსიტეტი გაერთიანდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან, კითხულობდა ლექციებს ფერწერისა და კომპოზიციის შესახებ.
2013 წელს დაეუფლა „ებრუს“ მხატვრობას (წყალზე ხატვას).
მისი ნამუშევარი შევიდა 2015 წელს დაბეჭდილ ქართულ–ინგლისური წიგნში – ,,ქართველი მხატვრები“ და დაცულია თბილისის ტექსტილის მუზეუმში.
2007-2013 წლებში მუშაობდა სკოლა-ლიცეუმ „სხივში“, ხელოვნების პედაგოგად, ასევე – წრის ხელმძღვანელად, სადაც ასწავლიდა: გობელენის, ხალიჩისა და თექის დამზადებას. თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებულ სკოლაში ასწავლიდა ხელოვნებას.
ამჟამად მუშაობს თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში, ხელოვნების პედაგოგად.
არის ავტორი – მათემატიკის და ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს ილუსტრაციებისა.
1996 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. – ხელოვანის და პედაგოგის, ლიკა ბეროშვილის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, ძველ უბანში – ვერცხლის ქუჩაზე, ლამაზი ხის მოჩუქურთმებული დიდი აივანი გვქონდა, თურმე მისი დახმარებით ავიდგი ფეხი. არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა, მყავს რვა წლით უფროსი ძმა, რომელიც მშობლების როლს ასრულებდა, როცა უფროსები სახლში არ იყვნენ.
– ხატვა და ხელოვნება ალბათ სკოლიდან გიყვარდათ…
– ბავშვობაში ზედმეტად წყნარი ვიყავი, ჩემებურად აღვიქვამდი სამყაროს, სულ ვხატავდი, ხატვაზე სიარულის დიდი თხოვნის მიუხედავად, მუსიკალურ სკოლაში – ფორტეპიანოზე მიმიყვანა დედამ, ადრე ასეთი წესი იყო, ყველას მუსიკალური განათლება უნდა ჰქონოდა, ასე დავამთავრე შვიდწლედი იმ პირობით, რომ ხატვაზე შემიყვანდნენ და ასეც მოხდა. სამხატვრო სკოლაში ძალიან გვიან – 14 წლის ასაკში შევედი. მყავდნენ ძალიან კარგი პედაგოგები, ვსწავლობდი: ფერწერას, გრაფიკას, კომპოზიციას, ქანდაკებას, გობელენს, რომელმაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია.
– თბილისის სამხატვრო აკადემიის ქსოვილების ფაკულტეტი დაამთავრეთ. შემდეგ კი ასპირანტურა, ქსოვილების დიზაინის განხრით…
– თუმცა ვხატავდი ზეთის საღებავებით და ასევე გრაფიკაში, ძალიან მომწონდა გობელენზე მუშაობა და სამხატვრო აკადემიაში ასე ავირჩიე ქსოვილების ფაკულტეტი. ამან მოლოდინს გადააჭარბა, სადაც ისწავლებოდა ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, ლურჯი სუფრა, თექა, გობელენი, ხალიჩა, ფარდაგი.
იქ დამხვდნენ უნიჭიერესი პროფესორები, რომლებზეც ვერასდროს ვიოცნებებდი: არაჩვეულებრივი პიროვნება თამაზ ნუცუბიძე, გივი ყანდარელი – გობელენის დამფუძნებელი საქართველოში, რომელიც შემდეგ ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი იყო და სულ ბოლოს, მისი კოლეგა – ასისტენტ-პროფესორი გავხდი.
გავიხსენებ ბატიკის პედაგოგს, მედეა ჩიხლაძეს, რომლისაც ყველას გვეშინოდა, ძალიან მკაცრი, სამართლიანი და ნიჭიერი იყო; ლია გურასპაშვილს და სხვას.
მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს. მათი მოსმენა სრული ბედნიერება იყო. ხუთი წლის შემდეგ ორი წლით სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე. მაშინ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ერთობლივად ითვლებოდა. სულ შვიდი წელი ვისწავლე.
– კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდით ლექციებს ფერწერისა და კომპოზიციის შესახებ…
– ხუთი წლის სწავლის შემდეგ ჩემი დიპლომის ხელმძღვანელმა გივი ყანდარელმა შემომთავაზა, კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მასთან ერთად მემუშავა. სულ რაღაც 24 წლის ვიყავი, ზოგი სტუდენტი ჩემი ასაკის იყო. ახლა ზოგიერთი ჩემი მეგობარიც არის. ეს ის პერიოდია, როცა ოჯახი შევქმენი, ექვსი თვის გიო უკვე მყავდა, როდესაც მოვინდომე ასპირანტურაში ჩაბარება. თან ვმუშაობდი და ვსწავლობდი, მეუღლემ და დედამ ძალიან შემიწყვეს ხელი, მეხმარებოდნენ, რომ ყველაფერი მომესწრო. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
– სხვადასხვა წელს მუშაობდით ხელოვნების პედაგოგად სკოლა-ლიცეუმ „სხივში“, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებულ სკოლაში… ხელოვნების სწავლებას სკოლებში დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის განვითარებისთვის, მაგრამ საზოგადოების უმეტეს ნაწილში მაინც ხელოვნებისადმი ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა. არ მეთანხმებით?
– მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტში ფაკულტეტები შემცირდა და უმუშევარი ვრჩებოდი, თან დაბალი ხელფასები იყო, მახსოვს პირველი ჩემი ანაზღაურება, სასაცილოა, 13 ლარი იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. გიო სკოლაში მივიყვანე და მეც იქ დავიწყე მუშაობა, ის გაიზარდა, მეორე შვილი – ნიკოლოზი მეყოლა, მე დღემდე სკოლაში ვარ, ძალიან საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა, ყველა ინდივიდუალურია, მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ.
ხელოვნება ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს, ერთგვარ განტვირთვას, გადატვირთვას ახერხებს მათი გონება. ზერელე დამოკიდებულება გამოიწვია იმან, რომ, სამწუხაროდ, ჩვენთან შემოსავლის წყარო ამ პროფესიას თითქმის არა აქვს და, ბუნებრივია, ბევრი ფიქრობს იმ სპეციალობის დაუფლებას, რომელიც შემოსავლის წყაროს გაზრდის.
– ხატავთ, ქსოვთ გობელენებს… რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით თავად თქვენი შემოქმედებიდან?
– მე ყველა ჩემი ნამუშევარი თავისებურად მიყვარს, განსაკუთრებით სადიპლომოს გამოვარჩევ, რომელიც შარდენის ქუჩაზე ტექსტილის მუზეუმში მუდმივ ექსპონატად ინახება,- ტრიპტიქი „სიო“.
– ეს ნამუშევარი შევიდა 2015 წელს დაბეჭდილ ქართულ–ინგლისური წიგნში ,,ქართველი მხატვრები“ და დაცულია თბილისის ტექსტილის მუზეუმში. როგორ მოიქსოვა ეს გობელენი?
– აკადემიის სახელოსნოში ვმუშაობდი გობელენზე „სიო“, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან, აღვნიშნე კიდეც, გივი ყანდარელი იყო ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი. აკადემიის სახელოსნოში რამდენიმე ჯგუფელთან ერთად ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, გობელენზე მუშაობა დიდ დროს მოითხოვს და ერთი სასწავლო წელი დასჭირდა მის დასრულებას.
– ვიცი, რომ სხვა ნამუშევრების დასასრულებლად უფრო მეტი დრო დაგჭირვებიათ…
– რამდენიმე წლის წინ ერთი გობელენი დავიწყე, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის უნდა ყოფილიყო და ისე გავიდა 15 წელი, ვერ ვამთავრებდი, სამუშაო დაზგას გადავდებდი – გადმოვდებდი.
დაიწყო პანდემია და მაშინ გადავწყვიტე, სახლში ჯდომა სასარგებლოდ გამომეყენებინა, დავასრულე და გამოფენაზეც გავიტანე.
– 2013 წელს დაეუფლეთ „ებრუს“ მხატვრობას (წყალზე ხატვას)…
– ინტერნეტში მქონდა ნანახი წყალზე ხატვის – „ებრუს“ ტექნიკით მუშაობა, ძალიან დავინტერესდი, სტამბოლიდან მხატვარი იყო ჩამოსული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებდა კურსებს, ასეთი პროგრამა იყო, რამდენიმე თვეში, სწავლის ბოლოს, დიპლომიც გადმომცეს.
– 2019 წლის სექტემბრიდან მუშაობთ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ხელოვნების პედაგოგად. 2022 წლის სექტემბრიდან კი – თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში…
– ამჟამად ვმუშაობ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში და 47-ე საჯარო სკოლაში, ვასწავლი 1-4 კლასებს. მყავს ძალიან კარგი, მეგობრული კოლეგები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და ასევე საყვარელი მოსწავლეები. როგორც პედაგოგს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ თავისუფალ დროს ვახერხებ, ხატვისთვის დროის გამონახვას.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ბოულინგის თამაში და ხშირად ვთამაშობ ოჯახთან ერთად.
– ოჯახი…
– ერთი წელია, ჯერ მამა და შემდეგ დედაც დავკარგე, ამ მოვლენას ძალიან განვიცდი, მაგრამ გვერდში მყავს მეუღლე და ორი ვაჟი – 22 წლის გიორგი, რომელმაც ზაფხულში ძალიან გამახარა – DAAD-ის სტიპენდიატი გახდა და გერმანიაში მაგისტრატურაზე ჩააბარა. ნიკოლოზი 13 წლისაა, ისინი ძალიან მაბედნიერებენ.
– 20 ნოემბერს მონაწილეობთ გამოფენაში „ფერებში დაფარული“…
– ბევრ ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ახლაც არტმეგობრებთან ერთად ვმონაწილეობ გამოფენაში. წარმოდგენილი იქნება წყალზე ხატვის ტექნიკით ტილოზე შესრულებული ნახატი.
ბარემ დავაანონსებ: 20 ნოემბერი, აღმაშენებლის N 68, გახსნა: 17 საათი.
სამომავლოდ კიდევ ვგეგმავ ნამუშევრების შექმნას და ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა.
თამარ შაიშმელაშვილი