„ათი დღის მანძილზე დღედაღამ ვშრომობდი, რომ შემექმნა „კაცია-ადამიანის” პერსონაჟები ილიაობის დღესასწაულისთვის“…

ხატვა 1990 წლიდან დაიწყო. მუშაობ გუაშით, აკვარელით, ზეთის საღებავებით და ფანქრით. შთაგონების წყარო იყვნენ მხატვარი მეგობრები.  ქმნის ასევე საავტორო თოჯინებს.
რამდენიმე კოკურსში გამარჯვებულიროგორც გრაფიკული ნამუშევრებით, ასევე თოჯინებით.
2023 წლიდან არის საქართველოს მხატვართა ლიგის წევრი. მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
გამოვიდა წიგნი ,,პალიტრა მიქსი“, სადაც  30 მხატვრის ნამუშევრებს შორის მისი 4 ნამუშევარიცაა. უახლოეს მომავალში გამოდის კალენდარი, სადაც მისი ნამუშევარიც გამოქვეყნდება.
–  თვითნასწავლი მხატვ
რის,  მარი-ტიტი პაპუაშვილის პერსონა.

– დავიბადე თბილისში, ოჯახში სადაც სიყვარული და პატივისცემა სუფევდა. ჩემს ნაზ, თბილ და ულამაზეს დედას ძალიან უყვარდა ხელოვნება, სიმღერა, კინო, თეატრი. ოცნებობდა კიდეც მსახიობობაზე, მაგრამ ვინაიდან ოთხი შვილის დედა იყო, ოჯახს დაუთმო თავის წლები.
ჩემს ბავშვობაში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, თუ როგორ იკლებდა დედა  ბევრ რამეს, რომ ყველა ახალი გამოსული წიგნი შეეძინა და ამით ძალიან ბედნიერი იყო. სამწუხაროდ, ის ჩვენ  გვერდით აღარაა.
– 1990 წლიდან დაიწყეთ ხატვა. პირველი ნახატები…
– ამავე წელს ბაკურიანში ვისვენებდით მეგობრები, იქ ჩავხატე ბაკურიანის დათოვლილი ულამაზესი ხედები და ჩემი უმშვენიერესი მეგობრის, თამარ ხეთაგურის პორტრეტი. აქედან დაიწყო დროის ათვლა ჩემს მხატვრულ სამყაროში.
თვითნასწავლი მხატვარი  ხართ, მუშაობ გუაშით, აკვარელით, ზეთის საღებავებით და ფანქრით... უფრო მეტად რომელი მასალით გიყვართ მუშაობა?
– გუაშით ხატვას გამოვყოფდი.

„ყვავილები მიტოვებულ სახლში“

– საავტორო თოჯინებს ქმნით.  მათ უმეტესად ეროვნული სამოსი აცვიათ…
– თოჯინების შექმნა დაახლოებით 2015 წლიდან დავიწყე. თავიდან  ჩვეულებრივ თოჯინებს ვქმნიდი. ეროვნული სამოსი უფრო კომერციამ გადამაწყვეტინა მაგრამ მერე ისე გამიტაცა, რომ კუთხური თემატიკითაც წავედი.
რამდენიმე კოკურსში გაიმარჯვეთ როგორც გრაფიკული ნამუშევრებით, ასევე თოჯინებით... რომელი იყო ეს ნამუშევრები?
– გრაფიკული ნამუშევრებიდან: „ჭორიკანები”, „ყვავილები მიტოვებულ სახლში” და „გაზაფხულის ნისლიანი დღე”. თოჯინებიდან: „ლუარსაბი, დარეჯანი, ლამაზისეული”, „პრანჭია“ და „გოგონა წითელი კაბით”…

„გაზაფხულის ნისლიანი დღე“

– რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ისტორია.
– ეს ნამუშევარი „ჭორიკანებია”, რომელიც შეიქმნა 2003 წელს, ჩემი უახლოესი ასაკიანი მეგობრის – თამარ ელიაშვილის თხოვნით.
ხშირად ვისვენებდით ზაფხულობით ერთად. ის ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, საღამოობით მასთან იკრიბებოდნენ მისი ასაკოვანი მეგობრები: ექიმები, ცნობილი მხატვრები. მე სიამოვნებით ვუმასპინძლდებოდი ფინჯანი ყავით და ვისმენდი მათ საინტერესო სჯა-ბაასს.

„ჭორიკანები“

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად ლუარსაბის, დარეჯანისა და ლამაზისეულის თოჯინები გადაეცით…
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუზეუმის მსახურსა და ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო ბედუკაძეს, ჩემს მეგობრებს – ლანა უნდილაშვილსა და ლია მჭედლიშვილს – ხელშეწყობისთვის.
დაახლოებით 6 წლის წინ მომცეს საშუალება, მონაწილეობა მიმეღო ილიაობის დღესასწაულზე ჩემი ნამუშევრებით. ათი დღის მანძილზე დღედაღამ ვშრომობდი, რომ სპეციალურად შემექმნა „კაცია-ადამიანის” პერსონაჟები და გამომივიდა.

„ლუარსაბი, დარეჯანი და ლამაზისეული“

ავტოპორტრეტი თოჯინა…
– სპონტანურად გადავწყვიტე  ჩემი მსგავსი ხასიათის თოჯინის შექმნა და ვფიქრობ, გამომივიდა.
– უმეტესად რომელი ნამუშევრები მოსწონს მყიდველს და დღეს რამდენად შესაძლებელია ხელოვანმა თავისი შემოქმედებით თავი ირჩინოს?
– მყიდველს გააჩნია, ჩვენს მცირებიუჯეტიან ქვეყანაში რთულია ხელოვანების მატერიალური შემოსავალი. მოწონებით, შეიძლება,  უფრო მხატვრული თვალსაზრისით ღირებული მოსწონდეს, მაგრამ საშუალების გამო ვერ შეიძინოს. კომერციისთვის –  ალბათ ყვავილების თემატიკა.

„თოჯინა – მარი“

– ჰობი…
–  ისე გამოვიდა, რომ ჩემს სამუშაოდ იქცა ჩემი ჰობი და ამიტომაა ეს სიამოვნება. მიხარია გაცემა, ჩუქება, გახარება – როგორც პატარების, ისე ხელოვანების.
– გამოფენები, გეგმები…
– მხატვართა ლიგის წევრი ვარ და ვმონაწილეობ  მათ მიერ დაგეგმილ გამოფენებში.
პერსონალურ გამოფენაზე, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მიფიქრია. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში.
რაც შეეხება გეგმებს, მე არასოდეს ვგეგმავ, ყველაფერი დროდადრო თავისით მოდის ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ მინდა  ისე ვიცხოვრო, ყოველი დღე იყოს, როგორც ბოლო დღე.

„კრანჭია“
„გოგონა წითელი კაბით“

 

                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები