“მოგესალმებით. პირველ ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს! მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა დაბრკოლებას გადალახავს და საბოლოოდ მიაღწევს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სანუკვარ მიზანს”, – ამის შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ ინტერვიუში განაცხადა.
-ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით კანდიდატის სტატუსის მოლოდინისა და მიღების პროცესს?
-მოგესალმებით. პირველ ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს! მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა დაბრკოლებას გადალახავს და საბოლოოდ მიაღწევს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სანუკვარ მიზანს. მოგეხსენებათ, რომ აქამდე მოსვლაც სირთულეებით იყო აღსავსე, თუმცა, ერთობლივი მუშაობით ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ,,ქართული ოცნების,, პოლიტიკურ გუნდთან ერთად, წარმატებით გადალახა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ყველა წინააღმდეგობა; შესაბამისად, დიდი მოლოდინი მქონდა იმისა, რომ საქართველო მიიღებდა დამსახურებაზე დაფუძნებულ კანდიდატის სტატუსს. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში მოპოვებული მშვიდობა და სტაბილურობა, იმ გარემოებების გათვალისწინებით რომლებიც ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპულ ოჯახთან და დასავლურ ღირებულებებთან. ამ უდიდეს საქმეში არ შემიძლია არ აღვნიშნო, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართული ოცნების პარტიული კონტრიბუცია საქართველოში ევროპული ღირებულებების აქტიური პოპულარიზაციის კუთხით, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის ნდობა ჩვენი გუნდის მიმართ.
-კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?
-ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე თავად ის ფაქტები მეტყველებენ, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის წარმოდგენილი და საქართველო ყველა ასეთი მიმართულებით საგრძნობლად არის დაწინაურებული. მაგალითად, ასეთია ეკონომიკური ზრდის აღმავალი ხაზი, კანონის უზენაესობის ინდექსი, ინფრასტრუქტურული პროექტები, სიღარიბის დაბალი ზღვარი და ბევრი სხვა. ასევე, აღსანიშნავია ეროვნული საგანმანათლებლო რეფორმები, კერძოდ სასკოლო მიმართულებით განხორციელებული პროგრამები, რაც გულისხმობს მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და მათი შრომის დაფასებას. ამუშავდა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სრულად დააფინანსებს მათ მკურნალობას მსოფლიო საუკეთესო კლინიკებში. ასევე, აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მკურნალობის ეროვნული პროგრამა, რაც გულისხმობს ქიმია-თერაპიის კურსის სრულ დაფინანსებას. რაც შეეხება ტურიზმს, ამ კუთხით ნაკადების ზრდამ პანდემიამდელ ნიშნულს მიაღწია და ზოგიერთი პარამეტრებით უკვე აჭარბებს კიდეც. იზრდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია და მის მიმართ ეკონომიკურ-დიპლომატიური ინტერესები. ზოგადად, ბევრი შეიძლება, ვისაუბროთ ჩვენი გუნდის არა ერთ ხელშესახებ მიღწევაზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, თუმცა ერთი შეიძლება მკაფიოდ და ნათლად ითქვას, რომ ამ მეტად დაძაბულ ვითარებაში, ისე როგორც არასდროს უმნიშვნელოვანესია მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა ჩვენი მოსახლეობისთვის, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ,,ქართული ოცნების,, დიდ პოლიტიკურ ოჯახს მიუძღვის. თუმცა, ამავდროულად გვესმის, რომ გამოწვევა კიდევ ბევრია, სიღარიბე და ოკუპაცია მთავარ საკითხებად რჩება და საჭიროებს შემდგომ მუშაობას.
– ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებთ ქალაქ ფოთში მიმდინარე პროცესებს?
ვიდრე თქვენს კითხვას ვუპასუხებ, ნება მომეცით, ქალაქ ფოთის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს მივულოცო პარტია ,,ქართული ოცნების,, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევა. წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნისა და ქალაქის სამსახურში და დარწმუნებული ვარ, რომ იგი საუკეთესოდ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
რაც შეეხება კითხვას, ეს ბოლო ხანებია ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არაერთი მიმართულებით. ქალაქის მერია და საკრებულო, ჩვენი ქალაქის მაჟორიტართან გიორგი ხახუბიასთან ერთად, კოორდინირებულად ვმოქმედებთ მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელება-დაგეგმვაში. ვფიქრობ, ასეთი მჭიდრო კომუნიკაცია თავის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქალაქისთვის. პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს წლევანდელი გაზრდილი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით, რომელიც ვფიქრობთ რომ შეუვალ პროცესად უნდა იქცეს შემდეგ წლებშიც, რაზეც აქტიურად მუშაობს როგორც ქალაქის მაჟორიტარი, ასევე, ქალაქის მერია და საკრებულო. მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით მოწესრიგდა და გადაიხურა მრავალსართულიანი სახლები. პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება აღმაშენებლის ქუჩის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, რომელიც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განახლებული რეგიონების ფარგლებში ხორციელდება. უკვე, დავიწყეთ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები, რომელსაც სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მოჰყვება. ფოთის კოლხეთის გაძლიერების პოლიტიკა რომელიც მიზნად დავისახეთ ჩენი მოსვლის დღიდან, პრაქტიკულად აღწევს თავის შედეგებს და ჩვენი ბიჭები ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებენ. აქვე საგანგებოდ ვუხდი ყველას მადლობას ვინც ამ ისტორიულ საქმეს ერთგულად ემსახურება! ასევე, ჩვენი მოსვლის დღიდან, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგში არსებული პრობლემები რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ. წყალარინების პრობლემაც საბოლოოდ უნდა მოგვარდეს დათქმულ დროსა და ვადებში. ზემოაღნიშნული საკითხების გადაჭრაში მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. წყალარინების ეტაპობრივი დასრულების კვალდაკვალ ვახორცილებთ გზების სრულ რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავს ასფალტირებას, გამწვანებას, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების მოწყობას. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე დასრულდება როგორც პირობებშია ჩადებული. კულტურის სამინისტროს ეგიდით დაწყებულია მუშაობა თეატრის სარეაბილიტაციო გეგმებზე. მალე დავიწყებთ მალთაყვის ტყე-პარკის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას და კიდევ ერთ რეკრეაციულ ზონას შევძენთ ქალაქს. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმოთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და აქტიურად ვართ ჩართული თითოეული საკითხის მოგვარებაში. სტუდენტური და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაც უკვე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და გავაუმჯობესოთ ფოთელების ყოველდღიურობა.