მხატვრული ფოტოგრაფიით დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა, ხატვის ხელოვნებას კი მოგვიანებით ეზიარა. შექმნა გვერდიც, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს სოციალურ ქსელში. შემდეგ პორტრეტის დახატვაც სცადა… ამბობს, რომ ხატვა სიამოვნებას ანიჭებს და ყოველი ნამუშევარი სიყვარულით იქმნება.
მხატვრებისა და კოლექციონერებისთვის შექმნა ჯგუფი „მხატვართა სამყარო“. ამბობს, რომ უცხოელი მხატვრებით დაინტერესებული კოლექციონერები ასე უკეთ გაიგებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ნიჭიერი მხატვრების შესახებ. – თამთა ნემსაძის პერსონა.
– ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მაგრამ არასდროს მიმიღია ისეთი შექება, რომ ხატვაზე მევლო. ძალიან მიყვარდა გოგოების ხატვა და ახლაც უფრო ხშირად გოგოებს ვხატავ.
– მხატვრულ ფოტოგრაფიას იური მეჩითოვთან სწავლობდით…
– იური მეჩითოვთან სწავლის დროს ისე ვიყავი ფოტოგრაფიით გატაცებული, რომ ხატვაზე აღარც მიფიქრია. ბიძაჩემს რეჟისორ სოსო ნემსაძეს დავყავდი სპექტაკლების გადასაღებად, ძალიან ტკბილად მახსენდება ის პერიოდი.
ხატვა მოგვიანებით დავიწყე. ჩემი მეუღლე რამდენიმე დღით საზღვარგარეთ იყო წასული და მოწყენილი ვიყავი. ხატვის პროცესი ისე მომეწონა, რომ ჩამოვიდა, იმდენი ნახატი დავახვედრე, გაკვირვებული იყო. მალევე გადავწყვიტეთ, ხატვაზე მევლო. ვალეტოვებთან დავიწყე სიარული, მინდოდა პორტრეტების ხატვის სწავლა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხატვა შევაჩერე. სამწუხაროდ, მათთან მხოლოდ ფანქრით ხატვის სწავლა მოვასწარი.
– 2022 წლის ნოემბრიდან ინტენსიურად ხატავთ პორტრეტებს, ნატურმორტებს… გაქვთ გვერდი Tamta Nemsadze Art. რატომ პორტრეტები და რა მასალას იყენებთ ხატვისას?
– 2022 წლის ნოემბერს გადავწყვიტე გვერდის შექმნა, სადაც ჩემს ნახატებს ავტვირთავდი. დეკემბერში პორტრეტის შეკვეთაც შემომივიდა, რაზედაც თავდაპირველად უარს ვამბობდი, მაგრამ დაჟინებული თხოვნის გამო გავბედე და პირველად ვცადე პორტრეტის დახატვა. გამოვიყენე ნახშირი, რომლის გამოყენებაც არ ვიცოდი. ინტუიციის დონეზე ვცადე და, ჩემდა გასაკვირად, ისეთი გამომივიდა, რომ შემკვეთისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ წამოვიდა შეკვეთებიც.
– როგორ დაგეხმარათ ფოტოგრაფია ხატვაში?
– მხატვრულ ფოტოგრაფიას ვსწავლობდი, ამიტომ უფრო მხატვრულად ვუყურებ ყველაფერს. რამდენიმე დღის წინ გოგო დავხატე, მინდოდა ცოტა ზღაპრული და საახალწლო განწყობის ყოფილიყო. ახლა რომ ვაკვირდები, ფიფქები ზუსტად ისე დავხატე, როგორც ფოტოაპარატიდან ჩანს.
– შთაგონება…
– შთაგონება თავისით მოდის. ხან ფუნჯს რომ დავიჭერ, არ ვიცი, რა დავხატო, მაგრამ როგორც კი გავუსვამ ტილოზე, მაშინვე ვხვდები, რას დავხატავ. ხან მესიზმრება. ასევე, ყოფილა მომენტები, სურათი მინახავს და წარმოსახვით სხვანაირად წარმომიდგენია და დამიხატავს.
– ფერადკანიანი გოგონას პორტრეტი ფანტაზიით დახატეთ…
– სანამ მაგ გოგოს დავხატავდი, ერთი გოგო პატარა ტილოზე იყო დახატული და გვერდიდან იყურებოდა. „არტ მეგობრების” გამოფენისთვის უფრო დიდი ზომის ნახატის გატანა მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე სხვა ფერადკანიანი გოგოს დახატვა, რომელიც პირდაპირ იყურებოდა. ამ ნახატის ხატვის პროცესის ვიდეოც დევს ჩემს გვერდზე, თანდათან როგორ იცვლებოდა. მინდოდა ისეთი ნახატის გატანა გამოფენაზე, რომელიც არ არსებობს, და თუ ჩემი ნახატიდან არ გადაიხატავენ, არც იარსებებს.
ყოველი დეტალი ჩემი ფანტაზიით დავხატე და ძალიან დიდი შრომა ჩავდე. ამ ნახატით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, მათ შორის – კოლექციონერებიც, მაგრამ ვერ ვიმეტებ გასაყიდად. ალბათ სულ ჩემთან იქნება. მინდა „არტ მეგობრების” დამფუძნებელს სოფია ქიზიყურაშვილს მადლობა გადავუხადო, რომ ასე გვეხმარება მხატვრებს.
– პირველი აბსტრაქცია…
– ჩემი პირველი აბსტრაქციის ხატვა რომ დავიწყე, უფრო შემოწმება იყო იმისა, ხალხს მართლა მოსწონდა თუ არა აბსტრაქცია. ნახატს დავარქვი „მიზნისკენ სწრაფვა” და დავაწერე: „მიზანდასახულობა მიგიყვანთ წარმატებისკენ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი სირთულე შეგხვდებათ, მაგრამ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი გაგაძლიერებთ და დაბრკოლებებს უფრო დიდი შემართებით გადალახავთ“.
ჩემდა გასაკვირად, ჩემმა პირველმა აბსტრაქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გაოცებულები დარჩნენ ჩემი ნახატით, რამაც სხვა თვალით შემახედა ჩემი ნახატისთვის და გაგრძელების მოტივაცია მომცა.
– მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრეთ… ალბათ მუსიკაც გეხმარებათ ხატვისას?
– მუსიკა თითქმის სულ ჩართული მაქვს ხატვის დროს. უფრო კარგ განწყობას მიქმნის და ხატვაშიც მეხმარება.
– როგორ შეიქმნა ჯგუფი მხატვრებისა და კოლექციონერების მოსაზიდად?
– მხატვრებს სჭირდებათ ნამუშევრების რეალიზება, რომ ხატვის სტიმული არ დაკარგონ. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან მიზერულ თანხებში უწევთ ნახატების გაყიდვა. ზოგი ისეთ ფასს ადებს, რომ ტილოს და საღებავის ფული აღარ რჩება, ან მხოლოდ ხარჯს ფარავენ. არ ვამბობ, რომ ქართველები არ აფასებენ მხატვრობას. რადგანაც ქვეყანაში ფინანსური კრიზისია, იძულებულები ვართ, სხვა გზა ვიპოვოთ.
ვფიქრობ, ეს ჯგუფის ამაში დაგვეხმარება. ჯგუფში ვიწვევ ჩემს მეგობარ მხატვრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფსა და გამოფენებში მონაწილეობის დროს გავიცანი.
ასე გაიგებენ უცხოელი მხატვრებით დაინტერესებული კოლექციონერები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ნიჭიერი მხატვრების შესახებ. ამავე დროს, ეს ჯგუფი საშუალებას გვაძლევს, დავუმეგობრდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მხატვრებს: .https://www.facebook.com/groups/296048226588744
ყოველდღიურად წარვადგენ მხატვრებს ამ ჯგუფში და მათ სოციალურ ქსელებს ვუთითებ, რომ გამომწერები მოემატოთ. თუ ამ ჯგუფის მიზანს მივაღწევთ და დავაინტერესებთ უცხოელ კოლექციონერებს, მაშინ მხატვრებს დამატებით აღარ მოუწევთ სხვა პროფესიით მუშაობა, გააკეთებენ იმას, რაც გულით უნდათ. შემოსავალი საყვარელი საქმისგან ექნებათ და ნამუშევრებსაც შეეტყობა.
ჩვენ აუცილებლად ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას.
ყოველდღე შემომდის შეტყობინებები ჯგუფის წევრებისგან, ამბობენ, რომ არ ეგონათ, თუ ამდენი დიდებული მხატვარი გვყავდა და ბედნიერები არიან, რომ გაიგეს მათ შესახებ. თვალს ვეღარ ვწყვეტთ ამ ჯგუფსო. ჩემი უცხოელი მეგობრებიც გაკვირვებულები არიან ქართველების ნიჭიერებით, მე კი ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ნიჭიერ ხალხთან მაქვს ურთიერთობა.
– ჰობი…
– ყველაზე დიდი ჰობი ჩემთვის ხატვაა. ამ ეტაპზე ისე ვარ ხატვით გართული, რომ სხვა რაღაცებისთვის დრო აღარ მრჩება. ხანდახან ფოტოგრაფიასაც ვიხსენებ. მინდა ჩემი გადაღებული სურათებიც დავხატო.
– „გვირილას“ კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების მხარდამჭერი ხართ. 5 ნოემბერს გამოფენაშიც მონაწილეობდით…
– ეს საოცარი პროექტებია. ძალიან ბევრ ქალბატონს ქალბატონი ერნა წიფურია, ნინა ჩიხლაძე და ია ჯღარკავა სტიმულს აძლევენ, აცნობენ საზოგადოებას და მხარს უჭერენ. „ბილტმორში“ ნახატების გამოფენაში მეც წარვადგინე ჩემი სამი ნამუშევარი, მათ შორის იმ ფერადკანიანი გოგოსიც, რომელიც უკვე ვახსენეთ.
– ჯილდოებიდან რომელს გამოყოფდით?
– სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში ვმონაწილეობ. ეს ნამდვილად დიდი სტიმული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებდა, ჩემს ნახატებს რომ მხატვრების ჯგუფის გარეკანის ფოტოდ აყენებდნენ. ეს ისეთი საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ხედავ, ამდენი სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების ნამუშევრებიდან შენი ამოარჩიეს.
– გეგმები…
– ჩემი გეგმები მხატვრობას, მხატვრებს და ამ ჯგუფს უკავშირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მივალთ მიზნისკენ ყველა ერთად.
თამარ შაიშმელაშვილი