ბავშვობიდან უყვარდა ფოტოების გადაღება, განსაკუთრებით – ღრუბლების და ცის.
პროფესიით ფსიქოლოგია, საქართველოს უნივერსიტეტი ზოგადი ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრა, თუმცა თითქმის მთელი ბაკალავრიატის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ საიტზე მუშაობდა ფოტოგრაფად. პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მაგრამ ყოველწლიურად „სპორტფოტოს“ გამოფენებში მონაწილეობდა და ფოტოებიც იბეჭდებოდა.
ასევე, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, აქვეყნებდა ფოტორეპორტაჟებს. ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთმა რეპორტაჟმა, რომელიც აუტისტი ბიჭის ერთ დღეს ასახავდა და გამოფენაც მოეწყო. შემდეგ თბილისის აუტიზმის ცენტრში ქცევით თერაპევტადაც მუშაობდა.
პარალელურად დაამთავრა მაგისტრატურა, კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით. – მარიამ ნიშნიანიძის პერსონა.
– პირველ კურსზე დედამ მაჩუქა პირველი პროფესიონალური აპარატი, იცოდა, ძალიან მინდოდა. იმავე წელს დავიწყე სპორტულ ვებგვერდებზე სპორტის გადაღება და გამოქვეყნება, უმეტესად ვიღებდი: ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის. მიყვარდა მოულოდნელი კადრებისა და ხალხის ემოციის გადაღება, ახლაც რომ ვიღებ, გულწრფელი ემოციის გამომხატველი კადრები მიყვარს და არა – დადგმული და ზუსტად აწყობილი, შეიძლება კადრი არასიმეტრიული იყოს, მაგრამ ემოციური.
– საქართველოს უნივერსიტეტი ზოგადი ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრეთ. რატომ ფსიქოლოგია? სწავლისთვის და ფოტოებისთვის დროის დათმობა ერთად – ალბათ ძნელი იყო…
– ვფიქრობდი, ან ხელოვნებათმცოდნეობაზე ან ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა. საბოლოოდ გადავწყვიტე ფსიქოლოგია, რადგან ერთი მნიშვნელოვანი რამით ვიხელმძღვანელე – ეს იყო ინტერესი, ყველაზე მეტად ეს სფერო მაინტერესებდა, ცხოველი ინტერესი მქონდა. ამიტომაც არჩევანი მასზე შევაჩერე.
რაც შეეხება სწავლას და მუშაობას ერთად, კი საკმაოდ დაკავებული ვიყავი, თუმცა არა სწავლის ხარჯზე, ძალიან იშვიათად ვაცდენდი ლექციებს, სტიპენდიატიც კი ვიყავი უნივერსიტეტში. გადაღებები ძირითადად საღამოს ან შაბათ-კვირას იყო, შესაბამისად, ვახერხებდი სიარულს, თუმცა ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მრჩებოდა და, სამწუხაროდ, ეს გართობისა და მეგობრების დროის მოკლების ხარჯზე ხდებოდა.
– სპორტულ ვებგვერდებზე მუშაობდით… ხშირად ქვეყნდებოდა თქვენი ფოტოები.
– უფრო მეტად ვიღებდი ფეხბურთს, კალათბურთს და რაგბის ნაკრებისა და კლუბების თამაშებს, თუმცა გადამიღია ჩოგბურთიც, ფუტსალიც და სპორტის სხვა სახეობებიც. განსაკუთრებით მიყვარდა კალათბურთის გადაღება, რადგან ყველაფერი სწრაფად იცვლებოდა და ძალიან დინამიკური კადრები გამოდიოდა, ასევე სავსე სტადიონზე ყოფნა ცალკე მუხტს და ენერგიას ატარებდა.
– თბილისის აუტიზმის ცენტრში ქცევით თერაპევტად მუშაობდით, მანამდე აუტისტი ბიჭის ცხოვრებაზე ფოტო გადაიღეთ…
– ჩემი ნათესავი აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭია, ამიტომ ეს საკითხი ჩემთვის ნაცნობი იყო, ერთ-ერთი სიუჟეტი სწორედ მას ეხებოდა, თუმცა თბილისის აუტიზმის ცენტრში მუშაობის დროს არ მქონდა მხოლოდ აუტისტურ სპექტრთან შეხება, ძალიან საინტერესო იყო ბავშვებთან მუშაობა, რადგან ის განცდა, რომ მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლი, ძალიან ამაღელვებელია.
– მაგისტრატურა კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით დაამთავრეთ… როგორ გეხმარებათ პროფესია ფოტოხელოვნებაში?
– ვფიქრობ, ფსიქოლოგია ადამიანებთან ურთიერთობის საწყისია და, შესაბამისად, მათთან ურთიერთობისას მეხმარება. ასევე ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობამ შეიძლება ინსპირაცია მომცეს და შემდეგ ფოტოზე გადმოვიტანო, მაგალითად, კარლ გუსტავ იუნგის მანდალები.
– პეიზაჟები, პორტრეტები, ხედები… ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვართ?
– ბევრი სხვადასხვა სტილი მიზიდავს, მიყვარს როგორც სკრუპულოზურად აწყობილი კომპოზიციები, ასევე ბუნებრივი ფოტოები, თუმცა ყველაზე მეტად ისეთი კადრების გადაღება მიყვარს, სადაც ემოცია იკითხება და მნახველზე ემოციურ ზემოქმედებას ახდენს (სწორედ ეს მიმაჩნია ხელოვნების მიზნად). იქნება ეს ადამიანთა სახეები, ცხოველები თუ ლამაზი ხეების პეიზაჟები.
ცოტა ხნის წინ რაჭაში ვიყავი და ეს სურათები მანქანიდან, გზიდან გადავიღე. მთაზე გადადიხარ და იქიდან იშლება ძალიან ლამაზი მთები, სულ სხვადასხვანაირი ფერის იყო, შემოდგომის ხეების ოკეანე მეგონა. ამ საოცრებისგან ენა ჩამივარდა და ტირილი ამიტყდა. აპარატი ავიღე და ვეცადე, გადმომეცა ეს სილამაზე, თუმცა ფოტო ბოლომდე მაინც ვერ ასახავს იმ ყველაფერს.
– ალბათ ძნელია იმ წამის „დაჭერა“, როცა სასურველი კადრი უნდა გადაიღო…
– პირველ ყოვლისა, საჭიროა კარგი აპარატურა, რაც, სამწუხაროდ, დიდ თანხებს უკავშირდება. შემდეგ – გადაღების ტექნიკა და ყურადღება, რომელიც არ უნდა მოადუნოთ გადაღებისას. თუ კარგი კადრის დაჭერა გსურთ, სულ ჩართული უნდა იყოთ მუშაობაში, რადგან წამის მეასედში შეიძლება სურათი შეიცვალოს.
– ამ ბოლო დროს კომერციულ შეკვეთებსაც იღებთ… ალბათ მხატვრულ ფოტოგრაფიაშიც გააგრძელებთ მუშაობას…
– დიახ, ვაპირებ გაგრძელებას მხატვრულ ფოტოგრაფიაში, ადრე მუშაობის პროცესში საამისოდ ნაკლები დრო მრჩებოდა. ახლა ფოტოაპარატი თითქმის ყველგან დამაქვს, რომ სასურველი კადრი „დავიჭირო”. მაქვს ასევე რამდენიმე გეგმაც.
– ჰობი…
– ბევრი რამ მაინტერესებს, მათ შორის – იოგა და მედიტაცია, რასაც მინდა სამომავლოდ მეტი დრო დავუმთმო და უკეთ შევისწავლო. ასევე – ლაშქრობებზე სიარული, სადაც ბევრ საინტერესო ფოტოს ვიღებ. განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა ფილმების ყურება და წიგნების კითხვაც.
– გეგმები…
– გამოკვეთილი გეგმები არ მაქვს თუმცა, რამდენიმე პროექტის განხორციელება დიდი ხანია მინდა. ერთ- ერთია Nude ფოტოების გადაღება „ბოდი არტის“ თანხლებით, თუმცა მთავარ მოდელებად მამაკაცებს მოვიაზრებ, ყველა მხოლოდ ქალის სხეულის ესტეთიკურობას უსვამს ხაზს, მე კიდევ მინდა საპირისპირო დავანახვო. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს პროექტი, შემდეგ კი მისი პერსონალური გამოფენა.
თამარ შაიშმელაშვილი