„ჭეშმარიტი პატრიოტისთვის ძალიან რთულია უცხო მიწაზე ცხოვრება. მაგრამ მე გზა მოვნახე: გასაღები“ – გულით საქართველოსთან და ჰობად ქცეული მთარგმნელობითი საქმიანობა

წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქალაქო კონკურსში გამარჯვების შედეგად მუშაობა დაიწყო ქუთაისის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში. დაამთავრა ასევე იტალიელ მისიონერებთან არსებული იტალიური ენის სასწავლებელი. ასწავლიდა იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში.
1999 წლიდან ცხოვრობს იტალიაში, მაგრამ მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან, ხშირად ჩამოდის ოჯახთან ერთად.
თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“ (რედკოლეგიის წევრი), „ახალი საუნჯე“, „განთიადი“, „დილა“, „საბავშვო კარუსელი“ (ხელშეკრულებით), „პეპელა“…
მონაწილეობს იტალიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია.
გამოცემულია მის მიერ თარგმნილი დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული „ჩემი ქმარი“, ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“, ალექსანდრე ჰმინეს რომანი „გასაღები რძეში“, ტომაზო სოლდინის ნახევრად დეტექტიური ჟანრის რომანი „განუკურნებელი“…
იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს წიგნის „ქართული ენის მცირე გრამატიკა“ შედგენა-გამოცემაზე (1997 წ.).
პედაგოგის, მთარგმნელის, მწერლის, იტალიური და ქართული ენების მცოდნის, მაია ტურაბელიძის პერსონა.

–  ბავშვობიდან ბევრი დღე შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ზოგადად მოვხაზავ ჩემს ხასიათს: ვიყავი საკმაოდ აქტიური, ცნობისმოყვარე, დაკვირვებული, ახლის შესწავლითა და კეთებით დაინტერესებული. მიყვარდა მიღებული ცოდნის სხვისთვის გაზიარება. არ ვიშურებდი ენერგიას გაჭირვებაში ჩავარდნილთათვის დასახმარებლად. ვარ პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი ადამიანი, ჩემში ეს განცდა ყველაფერს აჭარბებს. ყველა ჩემი მოქმედება ცხოვრებაში უკვე მის ფონზე მიმდინარეობს. უცხო მიწაზე ყოფნა მას.კიდევ უფრო მიძლიერებს.
– წარჩინებით დაამთავრეთ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით…
– მოწოდებით  პედაგოგი ვარ და დიდი სერიოზულობით ვუდგები ამ პროფესიას. კიდეც რომ მოვინდომო, ვერ გადავალ. ამიტომაც ავირჩიე ეს სპეციალობა, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩემი იყო და წარჩინებით დავამთავრე კიდეც უნივერსიტეტი.
დაამთავრეთ იტალიელ მისიონერებთან არსებული იტალიური ენის სასწავლებელი. ასწავლიდით იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში, სადაც გაიცანით მომავალი მეუღლე…
– არა, მეუღლე აგრარულ უნივერსიტეტში არ გამიცნია, იქ მუშაობის პერიოდში გავიცანი. ის მაშინ საქართველოში იმყოფებოდა. ერთმანეთი მაშინვე შეგვიყვარდა და დავქორწინდით. როგორც ვიცი, ჩვენი ქორწინება ოფიციალურად  პირველი იყო საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ.
– 1999 წლიდან იტალიაში ცხოვრობთ და ეწევით მთარგმნელობით საქმიანობას. როგორ არჩევთ სათარგმნელ ნაწარმოებს?
– 1999 წლიდან იტალიაში ვცხოვრობ, დიახ. 25 წლის წინ მომიწია წასვლამ, თუმცა გული საქართველოსკენ მიზიდავს მუდამ. ჭეშმარიტი პატრიოტისთვის ძალიან რთულია უცხო მიწაზე ცხოვრება. მაგრამ მე გზა მოვნახე – გასაღები, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ქვეყნისთვის რაიმეს გაკეთებით მასთან ერთად მეგრძნო თავი. ეს არის მთარგმნელობითი მუშაობა, რაც ძალიან მიყვარს, ჩემს ჰობად იქცა პირდაპირ, სულის მკვებავად. სათარგმნ ნაწარმოებს მეც ვირჩევ და შეკვეთითაც ვიღებ. საერთოდ, ფსიქოლოგიური ხასიათის ნაწარმოებები მიზიდავს. მაგრამ ისე, ყველა ჟანრისას ვთარგმნი.
მიიღეთ ლიტერატურული კონკურსისმაჩაბელიფინალისტის დიპლომი იტალიელი ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის მოთხრობი − „ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა“ თარგმნის გამო. რატომ  ეს მოთხრობა?  უფრო ადრე დინო ბუცატის სხვა მოთხრობებიც თარგმნეთ…
– ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელის“ ფინალისტის დიპლომი ორჯერ ავიღე, დინო ბუცატის მოთხრობის „ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა“ და ვიტალიანო ბრანკატის რომანით „ლამაზი ანტონიო“. ორივე ფსიქოლოგიური ხასიათისაა, ორივე ჩემი საყვარელი ნაწარმოებია. მათი თარგმნით მიღებული ემოცია დღემდე მაქვს შემორჩენილი. ორივე აქტუალური თემებით გამოირჩევა. დაფიქრებასა და დაკვირვებას რომ აიძულებს მკითხველს. ჩემი აზრით, ეს ნაწარმოებები სკოლებსა და უნივერსიტეტებში უნდა იქნეს შეტანილი და განხილული.
დინო ბუცატისა და ვიტალიანო ბრანკატის სხვა ნაწარმოებებიც მაქვს თარგმნილი, ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი.
– რამდენ ხანს ანდომებთ ერთ ნაწარმოებს? როგორ თარგმნით?  გჭირდებათ შთაგონება?
– თარგმნას რამდენ ხანს ვანდომებ… გააჩნია რა ხასიათის ნაწარმოებია. ყოველ შემთხვევაში, ორთვე-ნახევარში კი დამისრულებია ჩემი ყველა წიგნი, ეკუთვნოდა ის მხატვრულ თუ სამეცნიერო ლიტერატურას. ამ უკანასკნელიდან თარგმნილი მაქვს მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომი „მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები“. ნებისმიერ შემთხვევაში, თარგმნას თავის წესებთან ერთად შინაგანი მოწოდება სჭირდება – სიყვარული, ასე რომ ვთქვათ. სიყვარულით შესრულებული საქმე საერთოდ უკეთესი შედეგით გამოდის და ემოციაც თან დაჰყვება.
– როდის იწყება ნათარგმნი ტექსტის გაუცხოება?
– ჩემთვის ტექსტის გაუცხოება ჯერ არ მომხდარა. ყველა ჩემ მიერ თარგმნილ ტექსტს შესანიშნავად ავუღე ალღო და გადმოვეცი, როგორც ამბობენ, კარგად. გაუცხოება, ვფიქრობ, მაშინ არის, როცა სათარგმნი ტექსტი სულთან ახლოს არ მიდის, ვერ გრძნობ, ვერ განიცდი, მის ნაწილად თავს ვერ წარმოიდგენ. თარგმნისას ყველა პერსონაჟში ზიხარ, ყველას, ყველას ენაზე ლაპარაკობ, ყველას ემოციას განიცდი – ტირი, იცინი, ხარხარებ.
– ერთ ინტერვიუში ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“ გამოარჩიეთ თქვენს თარგმანებს შორის. როგორც ფიქრობთ, ფილმი უფრო შთამბეჭდავია თუ რომანი?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მე მთარგმნელთან ერთად ვარ მკითხველიც. ჩემ მიერ თარგმნილი ყველა წიგნი მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად ვაფასებ ვიტალიანო ბრანკატის რომანს „ლამაზი ანტონიო“. ეს არის დიდებული, თემებით დახუნძლული წიგნი, რომელიც ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს – იტალიური ლიტერატურის შედევრია და ფილმად არის გადაღებული, მაურო ბოლონინის რეჟისორობითა და პიერ პაოლო პაზოლინის სცენარის მიხედვით. მთავარ როლებს კლაუდია კარდინალე და მარჩელო მასტროიანი თამაშობენ. ფილმი რომანისგან განსხვავდება, მაგრამ მაინც კარგი და სასიამოვნო საყურებელია. ის იტალიური კინემატოგრაფიის შედევრად არის წოდებული. ყველას ვურჩევ მის ნახვას, თუმცა წიგნის წაკითხვა კიდევ უფრო მეტ ემოციას აღძრავს, ფინალიც სხვა აქვს.
– წერთ საბავშვო ნაწარმოებებს, როგორც ამბობთ, შემეცნებით პროზას…   ბავშვებისთვის წერა ალბათ ძნელია… რომელ ნაწარმოებს გამოარჩევდით?
– დიახ, საბავშვო ნაწარმოებებს ვწერ და ეს საქმე ძალიან მიყვარს, სულში მიზის პირდაპირ. პედაგოგობა ხომ ჩემი პროფესიაა! ბავშვებისთვის წერა არ მიძნელდება, პირიქით. ნაწარმოების წაკითხვით ბავშვი რაღაცას უნდა სწავლობდეს, აკვირდებოდეს. დიდაქტიკასა და შემეცნებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ გამოვარჩევ ჩემს „სიცილია, ვულკანების მხარეს“, რომელიც საგამომცემლო სახლმა „სეზანმა“ გამოსცა. წიგნი შესულია სერია „ბავშვობის თანამგზავრებში“, რომელმაც შარშან იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მოიპოვა. სხვათა შორის, ის ჩემ მიერ გადაღებული ფოტოებით არის დოკუმენტირებული და მის პრეზენტაციებზე ევროპის ყველაზე მაღალი, აქტიური ვულკანიდან – ეტნადან ჩამოტანილი ლავის ქვებიც დავარიგე სამახსოვროდ. სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც გადავეცი ისინი თვალსაჩინოებისთვის.
ხშირად სტუმრობ საქართველოს ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს,  ახალგაზრდა თაობასა და პედაგოგებს აცნობ იტალიურ ცხოვრებას,  ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებს… დღეს ბევრი ემიგრანტი იტალიაში მუშაობს. როგორ იცნობენ იტალიელები საქართველოს?
– საქართველოს სასწავლებლებს ხშირად ვსტუმრობ, დიდი სიამოვნებითაც, ჩემს პედაგოგიურ მოწოდებას თუ გავიხსენებთ. იტალიელები საქართველოს არ იცნობდნენ 25 წლის წინ, როცა მე აქ ჩამოვედი. აი, დროთა განმავლობაში კი შეექმნათ წარმოდგენა, რაც ალბათ, ემიგრანტების დამსახურებაცაა. მეც, ჩემი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ის დადებითად წარმოვაჩინო, თუნდაც ლიტერატურის თარგმნით. ამ ბოლო პერიოდში ქართული ლიტერატურის იტალიურ ენაზე თარგმნაც დავიწყე. უკვე არაერთი მოთხრობა   დავბეჭდე.
– ჰობი…
– ჩემი პროფესიაა სწორედ ჩემი ჰობიც.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
–  ვმუშაობ შვეიცარიული წიგნის თარგმნაზე. აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიული ლიტერატურიდან არაერთი თანამედროვე მწერლის შემოქმედება მაქვს უკვე თარგმნილი და წარდგენილი საქართველოს სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებში, მწერალთა სახლშიც. ამ უკანასკნელში ჩემმა პარტნიორმა სახლმა, „საგამ“ გამართა შვეიცარიული ლიტერატურის პრეზენტაცია. ჩემი ყველა თარგმნილი წიგნი მის მიერაა გამოცემული. დირექტორი ქალბატონი თამარ ნაჭყებია გახლავთ.
ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარვადგინე შვეიცარიული ლიტერატურა. მიწვეულიც ვიყავი 17 დღით ციურიხში, მწერალთა და მთარგმნელთა რეზიდენციაში.
– ოჯახი… გყავთ მეუღლე და ორი შვილი…
– ორივე ქალიშვილი სტუდენტია. უფროსი პალერმოს უნივერსიტეტში სწავლობს, არქიტექტურის ფაკულტეტზე, უმცროსი კი მესინის კონსერვატორიაში, ფორტეპიანოს განხრით.
– გეგმები…
– დიდი გეგმები მაქვს – ლიტერატურის თარგმნა, იქნება ის იტალიური ენიდან თუ ქართულიდან, ახალგაზრდა თაობების განათლება ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა.

                                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები