პროფესიით არქიტექტორია. ხატვა კი პირველი კლასიდან დაიწყო. ამბობს, რომ არქიტექტურა ხატვის გამო გადაწყვიტა, რადგან ინტერიერის დიზაინი ბავშვობიდან აინტერესებდა.
ამბობს, რომ აქვს კომპანია dizaineri.ge. ხატვა კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. – არქიტექტორის და მხატვრის, ნინო დიასამიძის პერსონა.
– ჩემი ბავშვობა საუკეთესო იყო, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მოეცათ ჩემთვის საუკეთესო განათლება, არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლად ჩემი მიზნებისკენ წინსვლის საშუალება. ჩემი ოჯახი კი ჩემთვის ყველაფერია ჩემი ძალა და სტიმულია.
– როდის დაიწყეთ ხატვა და პირველი ნამუშევრები…
– ხატვა 1-ელი კლასიდან დავიწყე, პირველი ნამუშევარი კი 12 წლის ასაკში გავყიდე – თიხის სამკაულები, რომლებსაც ძალიან აქტიურად ვაბარებდი.
– რატომ გადაწყვიტეთ არქიტექტურა…
– არქიტექტურა ხატვის გამო გადავწყვიტე, რადგან ინტერიერის დიზაინი ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიყვარდა.
– როდის დააფუძნეთ კომპანია და დაინტერესდით დიზაინერობით?
– 7 წლის წინ დავაფუძნე, როცა ინტერიერის დიზაინი არც ისე აქტიურად იყო საქართველოში განვითარებული. ჩემს არაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად მივდივართ წინ და ვქმნით ბევრ საინტერესო პროექტს.
– ქმნით როგორც გრაფიკულ ჩანახატებს ისე ფერწერულ ტილოებს… და მაინც, უფრო მეტად რომელი ნამუშევრები მოსწონს მყიდველს?
– იმის მიუხედავად, რომ უზომოდ მიყვარს გრაფიკაში ხატვა და ასევე – ქალების, მყიდველს ძალიან მოსწონს აბსტრაქცია, რომელიც იდეალურად უხდება ნებისმიერი ინტერიერის დიზაინს და მეც ვცდილობ, ამ მხრივ მეტი სიახლე შევიტანო ჩემს ნამუშევრებში.
– ციკლი „სიჩუმე“… და სხვა საინტერესო ნამუშევრები…
– ციკლი „სიჩუმე“ საკმაოდ ფერადი ნამუშევრების ნაზავია და თავიდან ჩემთვის დავხატე, თუმცა შემდეგ გაიყიდა. გამოვარჩევდი შვილის ავტოპორტრეტს, რომელიც მისი დაბადების დღემდე ორი დღით ადრე დავხატე.
საინტერესო ისტორიით გავიხსენებდი ბოლო დაკვეთას, რომელიც საზღვრებს გარეთ მყოფმა გოგონამ შემიკვეთა დედის დაბადების დღისთვის, რადგან ბავშვობაში მათ (როგორც მითხრა) ყველაზე მეტად ერთად სეირნობა უყვარდათ. ტილოზეც ვეცადე ამ სურათის შექმნა, ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან დედაშვილობა და დედისადმი ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია.
– ნახატები უხდება ინტერიერს. ხელნაკეთ მაგიდებზე რას გვეტყვით?
– ხელნაკეთი მაგიდები და სანათების შექმნა ჩემთვის ცალკე გატაცებაა, რომელსაც, ვფიქრობ, სამომავლოდ სერიოზული სახე მივცე.
– გაქვთ გვერდი: Nino diasamidze art. გამოირჩევა: „შავკანიანი ქალის პორტრეტი“, „ქალი და გაზაფხული“, „ქალის ლოცვა“, „რემბრანდტის ავტოპორტრეტი“, „აბსტრაქცია შავ-ოქროსფერში“, „ქალის ლოცვა“… – ნათელი ფერებია. როგორ არჩევთ ფერებს?
– ფერებს არ ვარჩევ, ხატვის პროცესში და ხასიათიდან მოდის, თუ როგორ ფერებში მინდა ხატვა.
– რაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ კერძო დაკვეთაზე, კერძო სახლის კედლები ერთი სტილის აბსტრაქტული ნამუშევრებით უნდა გავაფორმო.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ჩემი საქმეც, რადგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მუშაობის პროცესში, ასევე – ხატვა, ცურვა და ფსიქოლოგია.
– ოჯახი…
– ჩემი ოჯახი ჩემი სამყაროა. ეს ურთიერთობა დაიწყო ბავშვობიდან, რადგან ჩემი მშობლები ჩემთვის საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ყველაზე დიდი იმედი ახლა ასევე გრძელდება ჩემი შვილით, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმულია.
– გეგმები…
– მაქვს უამრავი გეგმა და ვთვლი, რომ არ უნდა გავჩერდე, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის და, დაბრკოლებების მიუხედავად, გულით ჩაფიქრებული სურვილი ყოველთვის ხდება.
თამარ შაიშმელაშვილი