გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანი და დროული ღონისძიებაა.
მისივე თქმით, საქართველო მრავალფეროვანია, კომპაქტურია და აუცილებელია, რომ რეგიონული განვითარება სწორად და თანმიმდევრულად მოხდეს, რაც ხდება კიდეც.
„ის, რომ მასშტაბური დელეგაციები ესწრებიან და ამდენი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული, ტურიზმის ნაწილიცაა წარმოდგენილი ამ ფორუმზე. აქედან გამომდინარე, ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როცა სხვადასხვა სახის გამოწვევებია რეგიონში. რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთის ბაზარი გაიხსნა, ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია ტურიზმის სექტორში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას. ამასთან, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმიც ძალაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ეს ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების ვიზიტებს. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციას ახდენს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად, ეს მარტივი სვლით გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას. რაც შეეხება პოსტპანდემიურ სიტუაციას, პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ მარტო საქართველოში არა, მთელს მსოფლიოში და იმ ქვეყნებში განსაკუთრებით, სადაც ტურიზმის სექტორი იყო განვითარებული ძალიან მალე მოხდა ყველაფრის აღდგენა. მსოფლიოში 85%, ევროპაში კი 90%-ით არის აღდგენილი ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით. მოხარული ვარ, რომ რეგიონული განვითარება სწრაფად მიდის. ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანია, კომპაქტურია და აუცილებელია, რომ რეგიონული განვითარება სწორად და თანმიმდევრულად მოხდეს, რაც ხდება კიდეც. ასევე, კერძო სექტორი პარალელურად მიჰყვება ამ განვითარებას, ჩნდება ახალი სასტუმროები, ახალი ტურისტული ობიექტები. ეს, საბოლოოდ, მოუტანს იმ ადამიანებს სარგებელს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.