„გამოცდილ მასწავლებლებს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი დაფასება და აღიარება სჭირდებათ, რომ ახალმა თაობამაც სასურველ პროფესიად აღიაროს ჩვენი საქმიანობა“…

დაიბადა ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში. დაამთავრა ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლა. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, ასევე – მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1989 წელს მუშაობა დაიწყო გორის N5 საშუალო სკოლაში ისტორიის და სამართლის  პედაგოგად. ამბობს, რომ დღემდე ერთგულად  ასრულებს  პროფესიულ საქმიანობას მშობლიურ სკოლაში.
2011 წელს, პირველივე სასერტიფიკაციო გამოცდაზე ისტორიაში, მაღალი ქულებით განიმტკიცა პროფესიული სტატუსი, ხოლო მომდევნო წელს – სამოქალაქო განათლებაში.
2022 წლის ზაფხულში კვლავ წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის წინსვლის უნარების გამოცდა. 2023-24 სასწავლო წლის მიწურულს კი, პორტფოლიო შეავსო მის მიერ სკოლაში განხორციელებული აქტივობების შეჯერებით,
მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და პროექტებში, სემინარებში, კონფერენციებში, სასკოლო საზოადოებისათვის სასარებლო და მნიშვნელოვანი ადაწყვეტილებების მიღებაში. – პედაგოგ მარიამ ბატონისაშვილის პერსონა.

– „მესხი ვარ, ახალციხიდან“, – ასე ვუპასუხე ბატონ კოტე ჩოლოყაშვილს, როდესაც ჩვენი სტუდენტების წარმოშობა იკითხა პირველივე ლექციაზე. რა კარგად ჟღერს, კიდევ გამიმეორეთო, მთხოვა და უფრო ამაყად მივუგე პასუხი. ძალიან მოეწონა ჩემი ისტორია და შემდეგში სულ ასე მომმართავდა: „აბა, მესხო, ახალციხიდან, შენ რა აზრის ხარ ამა თუ იმ საკითხზე“?
დიახ, მე წარმოშობით ისტორიული მესხეთის მკვიდრი ვარ, სოფელ ანდრიაწმინდიდან. გავიზარდე მრავალშვილიან, ტრადიციულ, ძირძველ მესხურ, მშრომელ, განათლებულ, პატიოსან, ზრდილობითა და ზნეობით სავსე ოჯახში. დღემდე არ გაფერკმრთალებულა ის ზრუნვა, სითბო და სიყვარული, რაც ჩვენმა მშობლებმა 5 დედმამიშვილს გვისაგზლეს მომავალი ცხოვრების გზაზე. ჩემი მშობლების, ჩემი ბავშვობის სახლი ჩემი სამოთხეა ამ დედამიწაზე.
– ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1984-1989 წლებში, სწავლობდით თბილისის პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრეთ. დაამთავრეთ, ასევე მეორადი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით…
– ჯერ ანდრიაწმინდის 8-წლიანი სკოლა დავამთავრე, სადაც პროფესიონალი პედაგოგები მასწავლიდნენ. ვფიქრობ, სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევა. ისტორიას ნორა მურღულია მასწავლიდა – სკოლის დირექტორი და იშვიათი პიროვნება, ჩვენი სოფლის რძალი, სწორედ მან შემაყვარა ისტორია (ნათელში იყოს მისი სული). შემდეგ ახალციხეში დავასრულე საშუალო სკოლა. საუკეთესო პედაგოგებთან და ახლად შეძენილ მეგობრებთან გატარებული წლები ჩემთვის დაუვიწყარია.
სიმართლე გითხრათ, როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ფილოლოგობაც  მინდოდა, რადგან პოეზია ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. დიდი საოჯახო ბიბლიოთეკა გვქონდა,  ასევე სოფლის ბიბლიოთეკიდან, ქართველი მწერლები (და არა მხოლოდ) უკვე წაკითხული მქონდა:  მაინ რიდი, ჟიულ ვერნი, ვიქტორ ჰიუგო, ალ. დიუმა,  ბალზაკი, ბაირონი, შექსპირის სონეტები და ა. შ. მაშინ ისტორიის ფაკულტეტი ძალიან პრესტიჟული იყო, რადგან რაიკომის მდივნები გამოდიოდნენ ხოლმე. ამიტომ ისედაც მიყვარდა ეს საგანი და პრაქტიკული თვალსაზრისითაც ისტორიის ფაკულტეტი ავარჩიე. რაც შეეხება სამართალმცოდნეობას, ჩემი ჰობი იყო, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები არაერთხელ გადაკითხული მქონდა, „ბასკვერვილების ძაღლის“ გამო კი გარეთ გასვლის მეშინოდა…
– 1989  წლიდან მუშაობთ გორის N5 საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამართლის/სამოქალაქო განათლების პედაგოგად. დღემდე ერთგულად ასრულებთ პროფესიულ საქმიანობას მშობლიურ სკოლაში… რას გაიხსენებთ ამ წლებიდან?
– პირველივე დღეს, როდესაც სკოლის ეზოში შემომხვდა სიმპათიური, თეთრებში გამოწყობილი მამაკაცი, როდესაც დირექტორი ვიკითხე, მიმასწავლა მისი კაბინეტი. მე და ჩემმა მეუღლემ ძლივს გავიკვლიეთ სკოლის  ლაბირინთი.  ოთახში შესულს დირექტორის სავარძელში სწორედ ეს პიროვნება – ბატონი ლერი პაპუაშვილი დამხვდა, რომელმაც ძალიან თავაზიანად მიგვიღო და ფეხმძიმობის მიუხედავად (სულ მალე სადეკრეტოც ავიღე), სამსახურში ამიყვანა. მისი თქმით, სწორედ ახალგაზრდა ოჯახებს სჭირდებოდათ გვერდში დგომა და მხარდაჭერა. იგი ნამდვილად თანამდებობისთვის შესაფერისი პიროვნება გახლდათ.
ძალიან რთული წლები გამოვიარეთ:, 90-იანები. გაუფასურებული ფული, არა შუქი, არა გაზი, ორი პატარა ბავშვით. მართალია, ჩვენი ოჯახები გვეხმარებოდნენ, მაგრამ ქვეყანა უძრაობის ხანაში იყო.
როდესაც პირველ გაკვეთილზე შევედი, მივხვდი, რომ ეს პროფესია ნამდვილად ჩემი საქმე იყო. არ დამავიწყდება, როგორ ვღელავდი, ჩემი გულისცემა მესმოდა, მაგრამ მე-5 კლასელმა კუდრაჭა გოგო-ბიჭებმა მალევე ამიყოლიეს „თამაშში“ და ასე თამაშ-თამაშით, სწავლა-სწავლებით, უამრავი სიახლით, მრავალჯერ შეცვლილი სასწავლო გეგმებით, სახელმძღვანელოებით, ახალი სქემებით, ახალი სასერტიფიკაციო გამოცდებით და ა. შ. აქამდე მოვედით. მთავარი ამ პროცესში იყო ჩემი სიყვარული მოსწავლეებისა და ჩემი პროფესიის  მიმართ, მათგან წამოსული უზარმაზარი სითბო, სიყვარული, ნდობა, ერთგულება, ჩემი ცოდნის რეალიზაციის მხარდაჭერა.
არ დამავიწყდება ჩემი უფროსი კოლეგების მხარდაჭერა, მათგან პრაქტიკული საქმიანობისა და ადამიანური ურთიერთობების გაზიარება, თანადგომა. ჩემი ოჯახის, საყვარელი მოსწავლეების, ჩემი სკოლის მხარდაჭერით და დახმარებით ჩამოვყალიბდი პროფესიონალ პედაგოგად, როგორ შემიძლია, არ ვუერთგულო ან ერთს ან მეორეს.
ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი პრინციპია – მოსწავლეები აღვზარდო სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით: ცოდნა, უნარები და ურთიერთობები/ღირებულებები. განსაკუთრებით მინდა ის რამდენიმე მოსწავლე გამოვყო, რომელთა მომავლის არჩევაზე გავლენა მოვახდინე და ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე:
ნინო გოლოშვილი – ყველა საქმეში პროფესიონალი, ამჟამად ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება. მასთან  დღემდე ვმეგობრობ, ისეთ სულიერ და მორალურ მხარდაჭერას ვგრძნობ, იმავეს იღებს ჩემგანაც. ერთმანეთს ვაძლიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვეკონტაქტებით ერთმანეთს; ლელა ცაციაშვილი – პასუხისმგებლობით და მიზანდასახულობით გამორჩეული გოგო, კონსტანტინე (უტა) გოგიძე, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი, იურისტი, შემდგარი პიროვნება და ა. შ. შეუძლებელია ყველას ჩამოთვლა, ვამაყობ მათი მასწავლებლობით.
ბევრს ზრუნავთ სკოლის განვითარებისთვის… ჩამოაყალიბეთ ისტორიისა და სამოქალაქო ანათლების კლუბი – „SMART“;  წარმატებით განახორციელეთ პროექტები…
– 2022- 2023 სასწავლო წელს განსაკუთრებულად მოტივირებულად დავიწყე სასკოლო მუშაობა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ 2022 წლის ივლისს  ჩავაბარე პროფესიული წინსვლის გამოცდა, 45 ქულა ავიღე, რაც სკალირებისას 50-მდე გამეზარდა. ყოველდღიურ, ფორმალურ სასკოლო ცხოვრებასთან ერთად, დამატებით არაფორმალურ განათლებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭე. კერძოდ, მოსწავლეთა ინტრესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, დავაფუძნეთ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბი – „SMART“ კლუბი, რომელშიც გავაწევრიანეთ  ის აქტიური მოსწავლეები, რომლებთან ერთადაც არაერთი პროექტი და გასვლითი ვიზიტი გვაქვს განხორციელებული. დავწერეთ სამოქმედო გეგმა.
ჩვენი კლუბის დევიზია: „ერთად მდგრადი მომავლისთვის“. „SMART“ კლუბისა და თვითმმართველობის ინიციატივით  მცირე დროში  განვახორციელეთ შემდეგი  პროექტი/კვირეული მნიშვნელოვან თემებზე:  მედიაწიგნიერება; ტოლერანტობა; ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.
წელს ჩვენი  ყველაზე მასშტაბური პროექტია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სასკოლო-საგრანტო პროექტი – „წყალი – ჩვენი არსობისა“. საგრანტო თემაა: „ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეთა მიერ“.
– თქვენი ინიციატივით, როგორც პროექტის ორგანიზატორმა, კოლეგებთან და დირექციასთან თანამშრომლობით, დაგეგმეთ პროექტი, რომელიც სკოლის საჭიროებებსა და პრობლემის მოგვარებაზე იყო ორიენტირებული… 
– ამას წინ უძღოდა წინასაპროექტო მცირე კვლევა, მოსწავლეებში, მშობლებში, მასწავლებლებში, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან. კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრობლემები, რასაც მოვარგეთ პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება წყლის, როგორც სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელობა;
მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ, მე-6 მიზნის: „წყალი და ჰიგიენა“ შესწავლა და ცოდნის ამაღლება; სკოლის ქვეშ არსებული გრუნტის წყლების სკოლის საჭიროებებისათვის გამოყენება (მაგ. წყლის დაწყვეტის შემთხვევაში, ეზოში ნარგავების, ყვავილების, დეკორატიული ხეების და ა.შ. მოშენება/მორწყვა/გახარება).
პროექტის განხორციელება 2023 წლის 23 იანვარს დავიწყეთ, როდესაც   ჩავატარეთ პირველი საინფორმაციო შეხვედრა, სადაც  სასკოლო საზოგადოებას, პროექტის ბენეფიციარებს გავაცანი 3 თვეზე გაწერილი სამოქმედო გეგმა და პროექტის ბიუჯეტი – რესურსების ჩამონათვალი, რომელიც დაგვიფინანსეს 450 დოლარით.. 2023 წლის 25 მაისს, წარმატებით დავასრულეთ ძალიან შრომატევადი, მრავალმხრივი და  ბევრი ცოდნის მომცემი პროექტი „წყალი ჩვენი არსობისა“. გავმართეთ დასკვნითი შემაჯამებელი პრეზენტაცია; სკოლაში გვეწვივნენ სტუმრები: USAID-ის წარმომადგენლობა, საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენლობა და ა.შ. საზეიმო ვითარებაში ჩვენი – „SMART“ბკლუბის წევრებს გადავეცით სერტიფიკატები და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ შეძენილი საჩუქრები: წიგნები და ბლოკნოტები.
2015  წლის  15 ოქტომბერი  –  2015  წლის 15 თებერვალი – ამ პერიოდში შევქმენით კულტურულ-შემეცნებითი პროექტი:  „ჩემი ქალაქი ჩემი სახლია“, რომელიც გორის მერიამ მიერ  დააფინანსა.
პროექტის მიზანი იყო:  მოსწავლე ახალგაზრდების პატრიოტული  სულისკვეთების ამაღლება  საკუთარი ქვეყნის, მშობლიური გორის ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურის, ტრადიციების, არქიტექტურის, ღირსშესანიშნაობების და ა.შ. შესწავლა-გამოყენებით, უფრო მეტი კონტაქტების  დამყარებით არაეთნიკურ მოსახლეობასთან და მათი  ინტეგრაციით  ფართო საზოგადოებრივ ველში.
–  უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელეთ. საინტერესო იყო გორის მერიის პროექტი – იმიტირებული სასამართლო პროცესი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი მოსწავლეებისთვის?
2017, 2018, 2019 წლებში გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, გაიმართა „სამართალწარმოების ოლიმპიადა – სამოქალაქო სამართალი“. აღნიშნულ ოლიმპიადაში ჩვენმა გუნდმა (5-6 მოსწავლის მონაწილეობით, სამივე წელს, ჯამში, -18-20 მოსწავლე) წარმატებას მიაღწია. ეს იყო ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ნაყოფიერი წლები/დღეები, რადგან უნიჭიერეს, შრომისმოყვარე და მიზანმიმართულ მოსწავლეებთან ერთად, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი,  ვმონაწილეობდი ე.წ. იმიტირებულ სასამართლოებში. ჯგუფმა, სახელწოდებით: „თემიდა“ სამივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და I-II ადგილები გავინაწილეთ ფინალში. გამარჯვებულები თბილისში წაგვიყვანეს და საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დაგვათვალიერებინეს.
ასეთ არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებმა შეიძინეს სამართლებრივი ცოდნა – სამოქალაქო სამართალში, დავალება იყო  სამოქალაქოს კაზუსები, რომლის დამუშავების და გააზრება/გაანალიზების შემდეგ, როლებს ირგებდნენ თავიანთი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით: მოსარჩელის, მოპასუხის, ადვოკატის, დაზარალებულის და ა.შ. ერთი დიდი ბედნიერება იყო რეპეტიციებზე დასწრება, რადგან აქ ისე შედიოდნენ როლში და  დამაჯერებლად ამტკიცებდნენ თავიანთ პოზიციას, შესაბამისი დოკუმენტაციით ამყარებდნენ, რომ თვითონვე ტკბებოდნენ თავიანთი „შემოქმედებით“.
სწორედ ასეთი გულისხმიერების და პასუხისმგებლობის შედეგი იყო ჩვენი გუნდის წარმატება, რომელსაც მუდმივად გვერდში ვედექი. სწორედ ამ აქტივობის შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ  პროფესიად იურისტობა აირჩია. ძალიან მიხარია, რომ ისინი დამეგობრდნენ და დღესაც ინტერნეტსივრცეში აქტიური ურთიერთობა   აქვთ.
– მონაწილეობთ მრავალ კონფერენციაში. მასწავლებელთა სახლში გამართული  საქართველოს საანმანათლებლო ტექნოლოიების კონფერენციის შემდეგ თქვენ ერთ-ერთი პრეზენტაცია პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგეთ….
– ეს კონფერენცია ძალიან გამორჩეული იყო, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები გვიტარებდნენ. აქ მოვისმინე პირველად, თუ როგორ შეიძლება განახორციელო პროექტი მსოფლიოს ერთი კიდიდან მეორესთან ონლაინკავშირში, ადამიანებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში ჩაუყენებენ ჩიპს, რომელიც უვადოდ გაუხანგრძლივებს ცხოვრებას,
ის, რომ მარსზე ცხოვრება არც ისე შორსაა, წარმოდგენილი იყო საინტერესო რობოტები, რითაც ძალიან მოვიხიბლე.
დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ რობოტებმა შეიძლება ჩაანაცვლონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, თუმცა შეუძლებელია, მათ მასწავლებელი შეცვალონ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ექნებათ ემპათიის, სიყვარულის, თანაგრძნობის უნარები, რაც ნამდვილ პედაგოგებს გააჩნიათ. ამის გამოც შეუფასებელია ჩვენი პროფესია.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აქტიურად დავნერგე პროექტებით სწავლება, რაც დღეს სავალდებულო საგნად არის შეტანილი ესგ-ში. საქალაქო და სასკოლო პროექტები ნამდვილად განვახორციელე, წელს, ვფიქრობ, უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდე და ჩვენი სკოლა ჩავრთო საერთაშორისო პროექტში, რათა  მდგრადი განვითარების  მიზნების რეალიზებაში  შევიტანოთ გარკვეული წვლილი.
– „ევროპა ჩემს აკვეთილზე“ – როგორც გამოცდილ პედაგოგს, როგორ გესახებათ ეს თემა?
– როგორ  მივაწოდოთ ეს თემა მოსწავლეებს საინტერესოდ? – არაჩვეულებრივად ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგი იყო, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, სასტუმროში ძვირფასი პირობებით, გავიცანი კოლეგები და დღემდე ვმეგობრობ ზოგიერთ მათგანთან, ყველა წარმატებული პედაგოგია. სკოლაში დაბრუნებისთანავე პარალელურ კლასებში განვახორციელე სასკოლო პროექტი: „ევროპა თუ რუსეთი“. რატომ? ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეებმა ძალიან მალე შეძლეს ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება. მე გავაცანი „ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება“ და ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებით ჯგუფებს გავაანალიზებინე აღნიშნული დოკუმენტი, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ სფეროებში  „3, 2, 1“ სასწავლო  სტრატეგიის გამოყენებით; ასევე T სქემის გამოყენებით, ფლიფჩარტებზე დააფიქსირეს დადებითი და უარყოფითი მხარეები საქართველოსთან მიმართებაში.
კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთ კლასში PPT პრეზენტაციებით ერთმანეთს შეადარეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და სვეტიცხოველი, ასევე – უძველესი უმაღლესი სასწავლებლები ევროპაში – ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები, ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტები – გელათისა და იყალთოს აკადემიებს, უფრო ადრე, ფაზისის ფილოსოფიურ-რიტორიკულ სკოლას, იმსჯელეს მათ მსგავსება – განსხვავებასა და მათს მნიშვნელობაზე სახელმწიფოს განვითარების საქმეში.
ბოლოს გაიმართა დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს და დაიცვეს საკუთარი მოსაზრება. შეიძინეს ახალი ცოდნა, აუმაღლდათ ცნობიერება, განუვითარდათ ანალიტიკური აზროვნება, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები. ამ პროექტში მონაწილე რამდენიმე მოსწავლე აკადემიურ განათლებას საზღვარგარეთის, ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში იღებს. რამდენიმე სამშობლოში დაბრუნდა და თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
– სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ხართ. რა უნდა გაკეთდეს, რომ  სკოლა უფრო უკეთესი გახდეს? რა პრობლემაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– მოგეხსენებათ, სკოლის სამეურვეო საბჭო დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანოა. მისი წევრობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენი სკოლა  გარემონტდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მორგებულია ინკლუზიურ სწავლებაზე, დიდი სკოლაა, დღეისათვის 920 მოსწავლე სწავლობს. ჩვენი სკოლის პრობლემაა, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და მშობელთა  ჩართულობის გაზრდა. ამიტომ შევქმენით არაფორმალური განათლების გასაძლიერებლად სასკოლო კლუბი, ასევე წელს უფრო გავააქტიურებთ სასკოლო თვითმმართველობას, რომლის წევრებთან ერთადაც დავგეგმავთ პროექტებს, მიზნობრივ აქტივობებს, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას. გავითვალისწინებთ სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილებას, საქმიან და თანამშრომლობით კონტაქტებს დავამყარებთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ამჟამად დირექტორის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. სკოლაში წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი, ქ-ნი ლეილა ნამორაძე, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. რა, თქმა უნდა, დავუჭერ მხარს, რადგანაც ორი წლის განმავლობაში სწორედ მისი მხარდაჭერით  და დახმარებით განვახორციელეთ მთელი რიგი პროექტები და აქტივობები, გამორჩეული პროფესიონალური თუ პიროვნული თვისებებით, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. იმედი გვაქვს, მომავალშიც გაამართლებს მთელი სასკოლო საზოგადოების ნდობას.
– მეოთხე სადამრიგებლო კლასს ხელმძღვანელობთ. ალბათ ადვილი არ არის მოსწავლეების სიყვარულის დამსახურება…
 მეოთხე სადამრიგებლო კლასს ვუშვებ, ამჟამად ჩემი მოსწავლეები მე-10 კლასში არიან. სასკოლო სივრცეში ეს არის ჩემი ბუდე, სადაც  ჩემს ფრთებქვეშ, ზრუნვითა და სიყვარულით იზრდებიან, სადაც უფრო დიდი პასუხისმგებლობა და დამატებით საკანცელარიო  საქმეებია დაკავშირებული.
მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ბავშვებიც, რომლებიც ინდივიდუალური თვისებებით და ხასიათით გამოირჩევიან, მაქსიმალურად ვცდილობ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში გავითვალისწინო მათი ინტერესები, შესაძლებლობები, ვითანამშრომლო მათთან. ვფიქრობ, ეს საქმეც ძალიან კარგად გამომდის, რადგან  მოსწავლეთა დიდ სიყვარულს და თანადგომას არა მხოლოდ ვგრძნობ, რეალურ საქმეში ვლინდება.
რამდენიმე წელი უარი ვთქვი სადამრიგებლოზე და მივხვდი, რომ ის სივრცე და გარემო მაკლდა, საიდანაც ყველაზე მეტ სიხარულს და დადებით ემოციებს ვიღებდი, ამიტომ დღესაც არაჩვეულებრივი მოსწავლეები მყავს  თავიანთ საუკეთესო მშობლებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამდენი წლის განმავლობაში ყოფილა მცირე კონფლიქტებიც, გაუგებრობებიც, თუმცა ერთობლივად უმტკივნეულოდ მოგვიგვარებია.
მოსწავლეთა დაახლოება, დამეგობრება არაჩვეულებრივად ხორციელდება არაფორმალურ გარემოში, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიებზე, რომლებსაც ყველა ზაფხულსა და შემოდგომაზე ვახორციელებთ. ამ ზაფხულს ვიყავით კახეთში, ბოდბე, სიღნაღი მოვინახულეთ და მოვილოცეთ, ახლა მოვიარეთ ანანური, ჩარგალი. ეს გასვლითი აქტივობები ერთი დიდი ბედნიერებაა ყველასთვის: მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის,  მასწავლებლებისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის.
ამ დროს ორმაგად  ჩემს ამპლუაში ვარ, რადგან რეალურად ხედავენ და აღიქვამენ ბავშვები იმას, რაც სახელმძღვანელოში ამოიკითხეს ან ფილმში ნახეს, ხოლო ჩემ მიერ კიდევ ერთხელ საინტერესოდ მონათხრობით კიდევ  უფრო მეტად შეისისხლხორცებენ, რითაც ყალიბდება მოსწავლე, როგორც ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების დამცველი, უფრო მეტად იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას. ზოგადად, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ მოსწავლეებს უყვართ და პატივს სცემენ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც გააჩნიათ  საფუძვლიანი ცოდნა, შეუძლიათ თანამშრომლობითი, მეგობრული ურთიერთობა მოსწავლეებთან და არა ავტორიტარული. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ თვისებების გამო ვიღებ  უპირობო სიყვარულს, რაც ჩემი, როგორც პროფესიონალი პედაგოგის,  აღიარებაა, რაც ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. მადლობა მათ ამისთვის.
– თქვენი შვილიც პედაგოგია. თქვენი გზა აირჩია…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვაჟი – გიორგი ბატონისაშვილი იურისტია, გორის მერიის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს, ბედნიერი ვარ, როცა მეკითხებიან: თქვენ გიორგის დედა ბრძანდებით, რა კარგი შვილი გყავთ, პროფესიონალი იურისტი, ძალიან კარგი პიროვნება…ხოლო ქალიშვილი – თამარ ბატონისაშვილი, გორის N9 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგია. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, თუმცა დაოჯახების შემდეგ ამ სპეციალობით სამსახურის დაწყება ვეღარ შეძლო. პატარაობიდან სულ მასწავლებლობანას თამაშობდა, წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა, 60 -კრედიტიანი პროგრამა გაიარა და კონკურსით მიიღეს სკოლაში, რაც ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენს ოჯახში, ვფიქრობდი, რომ ჩემი დახმარება დასჭირდებოდა, მაგრამ სიამაყით უნდა ვთქვა, რომ თვითონ გაართვა თავი ყველაფერს, საუკეთესო კოლექტივისა და კომპეტენტური დირექციის მხარდაჭერით.
მეამაყება, რომ ჩემი პროფესია აირჩია, ვიმედოვნებ, მისი მოღვაწეობის დროს კიდევ უფრო მეტად დაფასებული და პატივსაცემი გახდება მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მხრიდან. „მშვენიერი სკოლის მშვენიერი შენაძენი“ – ასეთი შეფასება მისცა განათლების სფეროში მოღვაწე კომპეტენტურმა პირმა. მყავს ორი ულამაზესი და უსაყვარლესი შვილიშვილი, გოგონები. უფროსი, ბარბარე უკვე მეორე კლასშია, დედასთან ერთად ერთად იკვალავს გზას სწავლა-განათლების სფეროში, ხოლო უმცროსი, ანა ჯერ კიდევ ბაღის აღსაზრდელია. უყვართ ჩემთან ერთად ზღაპრების, ისტორიული მოთხრობების კითხვა საბავშვო ენციკლოპედიებში, გამორჩეული მეფეები ჰყავთ უკვე და იციან მათი გმირული ამბები. ხოლო საყვარელი პაპიკოს და მათი ურთიერთობა კიდევ ცალკე თემაა, როცა ერთად არიან, ძილის წინ მრავალმხრივ განათლებული  პაპიკოს მიერ მოგონილ-მოყოლილი ზღაპრებით იძინებენ, სადაც თითქმის ყველა დარგს ეხებიან. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, წიგნი გამოვცე სათაურით – „პაპიკოს ზღაპრები“.
– ჰობი…
– ამ ეტაპზე ძალიან დავინტერესდი ცურვით, მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპით წყლის ნიშანი – მორიელი ვარ, ცურვა არ ვიცი. ზაფხულში ვიარე აუზებზე, ცოტათი წინსვლა მაქვს და მიხარია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, მასწავლებლებისათვის, ეს ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. მიყვარს თეატრში საინტერესო სპექტაკლებზე დასწრება, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ძალიან მიყვარს ოპერაში, განსაკუთრებით ბალეტზე დასწრება, მაგრამ ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ვახერხებ.
ჰობის რა გითხრათ, მაგრამ არაჩვეულებრივი რელაქსაციაა ჩემს მეგობრებთან სალონურ თუ ღია სივრცეში განტვირთვა.
– გეგმები…
– პროფესიულ სფეროში – კიდევ უფრო მეტი ინოვაციის დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში  და კიდევ უფრო მეტი – განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდა.
წელს ყველა საფეხურის გავლით მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, რომელსაც წინ უძღოდა 3-წლიანი ლოდინი პროფესიული უნარების გამოცდის გამოცხადების, რაც 2022 წელს წარმატებით ჩავაბარე, ხოლო 2023 წლის გაზაფხულით პორტფოლიოს შექმნა და დაცვა ასევე ძალიან შრომატევადი და დაძაბული აღმოჩნდა. ზაფხულში პორტფოლიოს დასაცავად განათლების სამინისტროს პროფესიონალების ჯგუფთან გასაუბრებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ბუნებრივია, ვგეგმავ კიდევ უფრო წინსვლას, მენტორის სტატუსის მოპოვებას მეორედ. რატომ? იმიტომ, რომ მე უკვე ვიყავი მენტორი პედაგოგი 2011-2012 წლებში, როცა პირველად გამოცხადდა მენტორი მასწავლებლების კონკურსი. სწორედ მაშინ ჩემი დამსახურების გამო ამირჩიეს ისტორიის მენტორ-მასწავლებლად შიდა ქართლში.
შემდეგ გამოცხადდა კონკურსი მაძიებელ მასწავლებლებზე, სადაც კონკურსით ავირჩიეთ 4 მაძიებელი მასწავლებელი, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში გავატარე დაგეგმილი სასწავლო თუ არაფორმალური აქტივობები, ეს კურსი ოთხივემ წარმატებით დაასრულა. დღეს აქედან  2 წარმატებული, შემდგარი პედაგოგია. ასე, რომ ყოფილ მენტორს ხელახლა მიწევს ახალი სქემით ჩემი კომპეტენციის დადასტურება და მაღალ საფეხურზე ასვლა. არადა ცხოვრება გადის, მიმაჩნია, რომ ჩემნაირი გამოცდილების და სტაჟის მქონე მასწავლებლებს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი დაფასება და აღიარება სჭირდებათ, თუნდაც იმიტომ, რომ ახალმა თაობამაც სასურველ პროფესიად აღიაროს ჩვენი პროფესია.
რაც შეეხება პიროვნულს, ვაჟის გაბედნიერებას და ოჯახში პატარის, ახალი სიცოცხლის  შემობრძანებას, კიდევ უფრო მეტად შეუძლია გაამზიანოს და გააბედნიეროს ჩვენი სიყვარულით, მზრუნველობითა და ურთიერთპატივისცემით  სავსე ოჯახი. ვლოცულობ ამისთვის. ვლოცულობ, მშვიდობა იყოს მსოფლიოსა და ჩვენს ოჯახებში.

                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები