პროკურატურის წარმომადგენლები მზად არიან, მოშიმშილე პატიმართა ახლობლებს შეხვდნენ
საქართველოს მთავარი პროკურატურა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წინ მოშიმშილე პატიმართა ახლობლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ, შეხვდნენ და გაესაუბრონ აქციის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და სრულყოფილად მოხდეს მათი პოზიციის მოსმენა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოყოფილია მოქალაქეთა მიღების დღე, ყოველი კვირის ოთხშაბათი. პროკურორები ხვდებიან მოქალაქეებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან. მოქალაქეთა არც ერთი განცხადება არ რჩება რეაგირების გარეშე. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურაში მოქმედებეს ცხელი ხაზი (2 405 222). მოქალაქეებს პროკურატურასთან დაკავშირება ასევე პროკურატურის ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდის მეშვეობითაც შეუძლიათ”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წინ მოშიმშილე პატიმრების მშობლებმა და ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ქუთაისის ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი 9 პატიმარი შიმშილობს. ისინი თავიანთი საქმეების ხელახალ გამოძიებასა და გადახედვას ითხოვენ.