სწავლობდა თბილისის 116-ე საშუალო სკოლაში, გაძლიერებული ინგლისური ენის განხრით. პარალელურად მუსიკას ეუფლებოდა და წარჩინებით დაამთავრა მუსიკალური ათწლედი.
1981 წელს ჩააბარა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში „მიონი“, ინჟინრის თანამდებობაზე.
ამჟამად იტალიაში ემიგრაციაში იმყოფება.
სიმღერების წერა 2021 წლის იანვარში დაიწყო. სიმღერებს ქართველი პოეტების ლექსებზე წერს. დღემდე შეიქმნა 400-მდე სიმღერა. – ნატალია ჭელიძის პერსონა.
– დავიბადე ინტერნაციონალურ ოჯახში. მამა – ჩერქეზი, დედა – რუსი, ბებია – მამის მხრიდან ბელორუსი იყო. მყავს ტყუპისცალი ძმა. ყველა ჩემი ახლობელი და ნათესავი სიკეთით და შრომისმოყვარეობით, ასევე სილამაზით გამოირჩეოდა. ბებია იყო სტახანოველი მუშა და მოსკოვში კრემლში დააჯილდოვეს „საპატიო” ორდენით. დედა საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა ბუღალტრად. მამა იყო სასწორების აწყობის და შეკეთების სპეციალისტი და საბჭოთა დროს დიდად მოთხოვნადი იყო მისი პროფესია.
დედა ბუნებით ძალიან მუსიკალური იყო და რაც უნდა გაეკეთებინა, ყოველთვის მღეროდა. სახლს ალაგებდა – მღეროდა. სადილს აკეთებდა – მღეროდა.
მამა დისკების კოლექციას აგროვებდა, რადგან მასაც ძალიან უყვარდა მუსიკა. ჩვენს სახლში მუდამ მუსიკალური განწყობა სუფევდა.
ერთხელ, მაშინ 7 წლის ვიყავი, მამაჩემმა შეამჩნია, როგორი მოჯადოებული ვუსმენდი მეზობელი მეგობრის დაკვრას ფორტეპიანოზე და, ჩემდა გასაოცრად, მეორე დღეს ჩვენს სახლში უკვე იდგა მუსიკალური ინსტრუმენტი – ფორტეპიანო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე, მაშინვე მივუჯექი და ავახმაურე კლავიშები.
ჩემი ძმა თემურიც ძალიან მუსიკალური იყო. ისიც მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ შესანიშნავად უკრავდა და უკრავს გიტარაზე და პიანინოზე. ბავშვობიდან ერთად ვმღეროდით. 16 წლის იყო, რომ თავისი ხელით ააწყო ელექტროგიტარა. შექმნა მუსიკალური ანსამბლი, რომლის წევრი მეც ვიყავი. მე და ჩემი ძმა სასკოლო გუნდში ვმღეროდით, მე სოლისტი ვიყავი.
– თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დაამთავრეთ… მუსიკა გიყვარდათ და მაინც ამ სპეციალობისკენ გაგიწიათ გულმა…
– ადვილად ვსწავლობდი არა მარტო მუსიკას, არამედ სასკოლო საგნებსაც. განსაკუთრებულად მიყვარდა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა. ამიტომ როდესაც არჩევანი დადგა, სად გამეგრძელებინა სწავლა, გადავწყვიტე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაბარება. ვიცოდი, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაო გარანტირებული მქონდა, მუსიკალური განათლებით კი სამუშაოს შოვნა რთული იყო, თუმცა არასოდეს შემიწყვეტია კავშირი მუსიკასთან. ფორტეპიანოზე დაკვრა ჩემი სულიერი მოთხოვნილება იყო.
– რატომ წახვედით ემიგრაციაში?
– 1985 წელს გავთხოვდი. ინსტიტუტში მეუღლე – ანდრო ჭელიძე გავიცანი. გვქონდა ბედნიერი წლები და შემდეგ – გაჭირვების წლებიც.
2010 წელს მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც აღმოვჩნდით ფინანსურ კაბალაში. მას მერე ნელ-ნელა გროვდებოდა ვალები. მეუღლემ ვეღარ შეძლო მუშაობა და მუდმივად საჭიროებდა სამედიცინო ზედამხედველობას და მკურნალობას. 2016 წელს გარდაიცვალა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღმომაჩნდა ონკოლოგიური დაავადება. ვიმკურნალე, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ დამემარცხებინა. ამან კიდე უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ მეცოცხლა და სიცოცხლის სიყვარული გამიღვივა.
დაავადებასთან ბრძოლაში მუსიკა ძალიან მეხმარებოდა.
ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის, მძიმე უმუშევრობის გამო, ჭირდა თვიდან თვემდე თავის გატანა. განსაკუთრებით კოვიდის დროს. სწორედ ამან გადამაწყვეტინა 2021 წლის ოქტომბერში წავსულიყავი სამუშაოდ იტალიაში. ჩემი ჩანაფიქრი ასეთი იყო: ერთი მხრივ, გადავწყვეტდი ფინანსურ პრობლემებს, მეორე მხრივ – გავეცნობოდი ახალ ქვეყანას, ხალხს, რომლებიც ძალიან მიყვარს, რადგან ახალგაზრდობიდან ვიცნობდი მათ კულტურას. ვიზრდებოდი ჩელენტანოს სიმღერებზე და ეს ქვეყანა განსაკუთრებულად მიზიდავდა.
– სიმღერების წერა 2021 წლის იანვარში დაიწყეთ…
– 2019-2020 წლებში, კოვიდის დროს, ვიჯექი სახლში და ცნობილ სიმღერებს ვასრულებდი. მეგობრებს ძალიან მოსწონდათ, ამან გამათამამა და დავდე ინტერნეტქსელში. ვმღეროდი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. რამდენიმე მსმენელმა გამომიგზავნა თავისი ლექსები მესინჯერით საჩუქრად გამომიგზავნა. რამდენიმე ლექსი ძალიან მომეწონა, მუზა თითქოს მოფრინდა ჩემთან. მივუჯექი ინსტრუმენტს და შეიქმნა მელოდია.
ასე დაიბადა ჩემი პირველი სიმღერები. და მას მერე ვეღარ ვჩერდები. საკვირველია, რომ სწორედ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსები ხდება ჩემი შთაგონების წყარო.
სიმღერებს ვწერ ქართველი პოეტების ლექსებზე: მანანა ჩიტიშვილის, მარი აბრამიშვილის, ირაკლი ნადარეიშვილის, ჯუბა ღებელის, ჯონ შამანის, ლაშა-გიორგი გიგაურის, მაია დიაკონიძის, ნინო კობაიძის და სხვა მრავალის ლექსებზე. დღემდე დავწერე 400-მდე სიმღერა.
– ემიგრაციაში სიმღერები იწერება… ალბათ გშველით პრობლემების პირისპირ დარჩენილს, როგორც ყველა ემიგრანტს…
– რა თქმა უნდა, როგორც ყველა ემიგრანტს, მეც მაწუხებს ნოსტალგია და ჩემი სულის ტკივილებს მუსიკალურ ჰანგებს ვუზიარებ. ამით ვცდილობ დავიმშვიდო თავი, რადგან მგონია, ისევ საქართველოში ვარ, ჩემს ახლობლებთან, ჩემს საყვარელ ხალხთან.
ძალიან გამიმართლა, ისეთ ოჯახში ვმუშაობ, სადაც აფასებენ მუსიკას, მოსწონთ, ვმღერივარ და ვუკრავ, რაც იმით გამოიხატა, რომ ოჯახის წევრები დამეხმარნენ სინთეზატორის შეძენაში. ეს დიდი ბედნიერება და ფუფუნებაა, რომ აქაც შემიძლია მუსიკის დაწერა.
– თქვენი სიმღერები უმეტესად სიყვარულზეა…
– ორი წლის მანძილზე ბევრი სიმღერა შევქმენი, გავეცანი ბევრი პოეტის შემოქმედებას.
სასიყვარულო ლირიკა განსაკუთრებით ახლოსაა ჩემს სულთან. და მე ვგრძნობ, ჩემში იმდენი სიყვარულია, რომ შემიძლია სიმღერების საშუალებით ის გადავცე და გავუნაწილო მეგობრებს, ახლობლებს და იმათ, ვისაც ჩემი სიყვარული სჭირდება.
და მაინც ყველაზე განსაკუთრებულად მიყვარს სიმღერა, რომელიც დავწერე მანანა ჩიტიშვილის ლექსზე – „დილის ცისკარი ანათებს“.
– შთაგონება…
– რა თქმა უნდა, როგორც ლექსის წერას, მუსიკას, სიმღერასაც შთაგონება, მუზა სჭირდება. თუ ლექსი ძალიან მომეწონა, საკმარისია, ინსტრუმენტთან დავჯდე და მელოდია მაშინვე მოდის. ყოფილა შემთხვევა, ლექსი წამიკითხავს და თავიდან არ მოუხდენია გავლენა, მაგრამ გადის დრო და ეს ლექსი ჩემში ახალი მუსიკალური ნოტებით, მელოდიით შემოდის. ამ პროცესს მე ვერ ვაკონტროლებ.
სიმღერებს ხშირად საღამოს, როცა სამუშაოს ვამთავრებ, მაშინ ვწერ. მელოდია კი შეიძლება დღის ნებისმიერ დროს დაიბადოს.
ერთხელ პოეტმა ნანა ჩარკვიანმა გამომიგზავნა ლექსი, თავიდან მელოდია რატომღაც არ გამომივიდა, თუმცა ნანას ძალიან უნდოდა ამ ლექსზე სიმღერის შექმნა. ეს იყო ლექსი უპასუხო სიყვარულზე, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია ჰქონდა.
მხოლოდ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ დავწერე არაჩვეულებრივი სიმღერა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა ინტერნეტქსელში.
– ჰობი…
– ცხოვრების სხვადასხვა წელს, სხვადასხვა ჰობი და გატაცება მქონდა: მიყვარდა სპორტი, იოგა, ქსოვა, კითხვა. დღეს გატაცებული ვარ იტალიური ენის შესწავლით და მინდა იტალიურ ენაზეც შევასრულო სიმღერები.
– ოჯახი…
– მყავს ორი შვილი. ჩემი ქალიშვილი – ნინო ჭელიძე 37 წლისაა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ვიცე- პოლკოვნიკია.
ვაჟი – დიმიტრი ჭელიძე, 31 წლის, თსუ-ს საკალათბურთო გუნდის მწვრთნელია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
– გეგმები…
– მინდა გავაგრძელო მუსიკალური საქმიანობა და როცა საქართველოში ჩამოვალ, ჩავწერო რჩეული სიმღერების მუსიკალური ალბომი, რასაც დიდი ფინანსური სახსრები და შეგროვებას მრავალი წელი სჭირდება. იმედია, სასიკეთოდ შეიცვლება ვითარება საქართველოში, რომ შევძლოთ ემიგრანტებმა მალე დაბრუნება.
თამარ შაიშმელაშვილი