ხატვა სამი წლიდან დაიწყო. 9 წლიდან ხელოვნების სკოლა „დეფანიში“ სწავლობდა, შემდეგ – ზალიკო სულაკაურის სტუდიაში. 2021 წლიდან დღემდე კი, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეა. პარალელურად, თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს.
2017 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში.
პირველ პერსონალურ გამოფენას კი – „აფხაზეთი საქართველოა“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ნამუშევართა უმრავლესობა აფხაზეთის თემაზე იყო შექმნილი.- ბარბარე ხანთაძის პერსონა.
– ბავშვობიდან მშობლები მხარს მიჭერდნენ ჩემს გატაცებაში, მთელი ჩემი ბავშვობა კედლებზე ვხატავდი, ხატვა 3 წლიდან დავიწყე. სოფელში ბებიაჩემი მასწავლიდა ხატვას. ის ხატებს წერს.
– ხელოვნების სახლში „დეფანი“ სწავლობდით, 2018-2020 წლებში – ზალიკო სულაკაურის სტუდიაში…
– 9 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ხელოვნების სკოლა „დეფანიში“ დავიწყე სწავლა. მახსოვს ულამაზესი გარემო, ნახატები, ხელნაკეთი ნივთები. კარგად მახსენდება დიდი გამოფენა „მზიურის“ პარკში, ჩემი ნახატი და ხელნაკეთი თოჯინა.
2018 წელს შემთხვევით სახლთან ახლოს ვნახეთ ზალიკო და გავიგეთ რომ ჩვენთან ახლოს გაიხსნა სამხატვრო სკოლა. მომწონდა, რომ მქონდა თავისუფალი არჩევანი, ვხატავდი იმას, რაც მინდოდა. ძალიან მიყვარს ზალიკოს ხუმრობები, ბავშვობიდან ვუყურებდი მის გადაცემებს და მასთან სწავლაზე ვოცნებობდი.
– 2021 წლიდან დღემდე, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლე ხართ… პედაგოგებიდან, მხატვრებიდან ვინ დაგიდგათ გვერდში?
– ვირსალაძის სკოლაში მიყვარს მთელი კოლექტივი, რადგან ერთი ოჯახივით ვართ. ჩვენ ხშირად გვაქვს ექსკურსიები, პლენერები. ორი პედაგოგი, რომელიც მასწავლიდა, ძალიან მიყვარს. მერაბ კაკაბაძეზე ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგია და მუსიკაშიც კი ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ერთხელ, გაკვეთილზე, გიტარაზე ჩემი საყვარელი სიმღერა დაუკრა და მაგარი ნახატი გამომივიდა.
ნანა ყუფარაძე ახლაც მასწავლის. ძალიან მომწონს მისი მიდგომა და ურთიერთობა მოსწავლეებთან. მისი რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია. მართალია, სკოლის დირექტორი ქეთევან ბარნაბიშვილი მკაცრია, მაგრამ ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე და სკოლის წინსვლაზე.
– სწავლობთ სკოლაში, პარალელურად ხატავთ. როდის ხატავთ?
– ზოგჯერ ვხატავ ღამით (მიყვარს ღამე). სკოლის საგნების მომზადებას როცა ვერ ვასწრებ, დედაჩემი და ჩემი მეგობრები მეხმარებიან.
– ერთი ნახატის ისტორია…
– ერთხელ კონცერტის დროს ისეთი დადებითი ემოცია მივიღე, რომ ჩანახატი პირდაპირ კონცერტის მსვლელობისას გავაკეთე და ბენდის მომღერალს ვაჩუქე.
– „აფხაზეთი საქართველოა“ – როგორ შეიქმნა ეს რკალი?
– დედაჩემი სულ მიყვება ბავშვობაში გატარებულ ზაფხულზე აფხაზეთში, თუ რა ლამაზი იყო ის და მეც გადავწყვიტე, ეს სილამაზე დამეხატა, რომ სხვა ბავშვებს, ვინც, ჩემსავით ვერ შეძლო საკუთარი თვალით აფხაზეთის სილამაზის ნახვა, ასე მაინც ეხილათ.
დავხატე სოხუმის ულამაზესი სანაპირო (იმედი მაქვს, სულ მალე ხშირად ჩავალთ დასასვენებლად).
– საყვარელი მხატვრები…
– ამერიკელი მხატვარი ჰენრი დარჯერი, რომელიც საოცარ ნახატებს ქმნის.
– ჰობი…
– მიყვარს მუსიკა, ასევე – ჩემი ტანსაცმლის გადაკეთება და ტანსაცმლის მოხატვა.
– ახლახან აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გქონდათ…
– გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა, დადებითი ემოციები მივიღე და ამან სტიმული მომცა, რომ გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე.
– სხვადასხვა გამოფენის მონაწილე ხართ. რომელი გამოფენა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გამოფენა, რომელიც სამხატვრო აკადემიაში გაიმართა და იმ დღეს მივხვდი, რომ ეს ადგილი ჩემთვის იყო.
– სკოლას მალე დაამთავრებთ… რა გზას აირჩევთ სამომავლოდ?
– ბოლო დროს გრაფიკულმა დიზაინმა დამაინტერესა და ალბათ მომავალშიც შევისწავლი.
თამარ შაიშმელაშვილი