ირაკლი ღარიბაშვილი: მასწავლებლის ხელფასი 2016 და 2017 წლებშიც მზარდი იქნება
2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება; მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი მომდევნო წლებშიც,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე – “მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა”.
მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მისი განცხადებით, მოხდა განათლების სისტემაში არსებული ვითარების საფუძვლიანად შესწავლა და მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. მისი თქმით, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, საჭიროა განათლების ხარისხის ზრდა.
“ჩვენ განათლების სფეროში სერიოზულ ინვესტიციას ვდებთ – 2012 წლიდან მოყოლებული იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში. სწორედ ამ სფეროსგან ველოდებით ყველაზე დიდ უკუგებას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, განხორციელებული რეფორმების შედეგად 60 პროცენტით შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე; შენდება ახალი სკოლები, გარემონტდა 1000-ზე მეტი სკოლა, სოფლებში 50 ათასზე მეტ სკოლის მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი; საჯარო სკოლებში დაინერგა ისეთი სპეციალური სერვისები, როგორიცაა ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ახლა უკვე ექიმის მომსახურება; ხელმისაწვდომი გახდა ინკლუზიური განათლება.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების სფეროს, პრემიერ-მინისტრმა 21 სპეციალობაზე უფასო სწავლებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საჭიროა კონკრეტული დარგების განვითარება.
“ჩემი ინციატივით ჩამოყალიბდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, სადაც მოხდა რესურსების კონსოლიდაცია, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მისცემოდა საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება. განათლების ცენტრმა უკვე დააფინანსა 77 სტუდენტის სწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში,”-აღნიშნა პრემიერმა.
მან პედაგოგებს დამდეგი სასწავლო წელი მიულოცა და განაცხადა, რომ სწორედ პროფესიონალ პედაგოგებს შეუძლიათ ისეთი მომავალი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება მაქსიმალურად რეალიზებული და წარმატებული. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა სრულიად ახალ პერსპექტივას შექმნის ქვეყნის განათლების სფეროში, ხოლო მასწავლებლის პროფესია კი იქნება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული. კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პედაგოგებს გაესაუბრა და მიმდინარე რეფორმების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.