ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ნატოს სამიტი წარუმატებელი იყო

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ნატოს სამიტი წარმატებული არ ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ილუზიაა.
“ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ველოდით, რომ სიტყვები – “ნატოს კარი ღიაა” რეალობად იქცეოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კარი საქართველოსთვის არის დახურული. რას გვთავაზობს ჩვენი ხელისუფლება – კიდევ 18 ან 38 წელი ველოდოთ, რომ იქნება მუდმივი ძახილი, რომ ნატოს კარი ღიაა, სინამდვილეში კი ყველა კონკრეტული სამიტის შემდეგ ჩვენ მივიღებთ არა იმას, რასაც ველით, არამედ იმას, რასაც შემდეგ ხალხის წინაშე გავასაღებთ, როგორც იმაზე უკეთესს, რასაც ველოდებოდით? ეს არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც დღეს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, როდესაც ლაპარაკობს, რომ ნატოს სამიტი საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო. ეს სამიტი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენ ვერ მივიღეთ MAP, რომელიც ყველა იმ ადამიანის მოლოდინი შეიძლება იყოს, ვისაც ჯერ კიდევ ილუზიები აქვს საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად არ გადაიქცეს. “დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ უზარმაზარი მიღწევაა თურმე, რომ საქართველოში გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ბაზა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვიკითხო: სად არის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ საწვრთნელი ბაზის საქმიანობას საქართველოში? ტელევიზიით ყური მოვკარი, რომ თითქოსდა ეს ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საიდუმლო პაქტი დაიდო მოლოტოვსა და რიბენტროპს შორის, საერთაშიროსო სამართალი კატეგორიულად კრძალავს ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ ჩვენი ხელისუფლება გვიმალავს რაიმე დოკუმენტს, ეს არის პირდაპირი დანაშაული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანა არა ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსება, არამედ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი სამხედრო ბაზისგან, მათ შორის, რუსული ბაზებისგან გათავისუფლება უნდა ყოფილიყო. “ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ უმოქმედობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დავიწყების გზა. თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა იდგეს რუსული სამხედრო ბაზები, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ საწვრთნელი, ხოლო შემდეგ სხვა ორგანიზაციის ან სხვა სახელმწიფოს ბაზები, ეს ნიშნავს, რომ ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ბლოკის ბაზები იქნება განლაგებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვერასოდეს დაწყნარდება და ჩვენ უნდა დავივიწყოთ კონფლიქტების დარეგულირებაზე საუბარი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “პირველის” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები