„რთული და ხისტი შეხვედრა იყო“ – რა გაუხსენეს საქართველოს ირანში?

ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან რთული და ხისტი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ირანში ძალიან საინტერესო და ვიზიტი ჰქონდა.
“შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე – რაც არ ვიცოდი, ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ გუბაზ სანიკიძესთან ერთად ირანში ვიზიტით იმყოფებოდა. ჯაფარიძის განმარტებით, ირანული მხარე კონკრეტული იდეებით, კონკრეტული ეკონომიკური წინადადებებით, მოსაზრებებითა და პროექტებით დაინტერესდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ირანში სათანადოდ მომზადებულები უნდა წავიდნენ.
“მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით, მოგვეპოვებინა სათანადო ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებით არიან დაკავებული. კარგი იქნება, თუკი შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ამ ქვეყანაში სათანადოდ აღჭურვილნი წავლენ, რადგან მათ არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობებზე ექნებათ საუბარი, არამედ თემებზე, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, კონკრეტულ პროექტებს, ენერგოუსაფთხოებას და ასე შემდეგ”, – განაცხადა ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები