სემეკი ჟურნალისტებისთვის პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „მედია კლუბის“ ფარგლებში პროექტს იწყებს. პროექტი „მედიის ჩართულობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“ 3 ოქტომბრიდან ამოქმედდება. როგორც სემეკ-ში განმარტავენ, პროექტის მიზანი მედიისათვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის დეტალური გაცნობაა. ხანგრძლივობა 3 თვეა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე.
პროექტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება ყოველი კვირის პარასკევს. თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულაციას, სატარიფო პოლიტიკას, მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ ურთიერთობებს, საქართველოსა და ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობას. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mail@gnerc.org არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 სექტემბრისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები