დავით ზალკალიანი ანდრეი მამიკინსს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის წევრთან, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელთან, ანდრეი მამიკინსთან შეხვედრა გამართა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ევროპარლამენტის მიერ რატიფიკაციის საკითხს. აღინიშნა, რომ ევროპარლამენტი ხელშეკრულების რატიფიკაციას მიმდინარე წლის ბოლომდე გააკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებულ სიტუაციას და ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობის დროს ევროპარლამენტარს ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან.