ჟურნალისტი ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასგან, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო, საჯარო სივრცეში ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ჟურნალისტის თქმით, რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცილისმწამებლური და მადისკრედიტებელი განცხადება გამოაქვეყნა. ჟურნალისტის შეფასებით, ეს ყველაფერი უკვე ფაქტობრივად ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიტიკოსის მიერ გამოცხადებულ ომს დაემსგავსა, რაში ჩართვაც, ჯანაშიას თქმით, მისი სურვილი და მიზანი არ არის. ელისო ჯანაშია მიმართვას უგზავნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და მათგან დაუყოვნებლივ და ადექვატურ რეაგირებას მოითხოვს. “რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საჯარო სივრცეში მომაყენა შეურაცხყოფა. დეპუტატისგან მოვითხოვ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო, ასევე საჯარო სივრცეში ბოდიშის მოხდას. მსგავსი განცხადებები მისი მხრიდან პირველი არ არის, რაც tspress-ის მიერ მისი საქმიანობის ამსახველ კრიტიკულ სტატიებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს უკავშირდება. მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის განცხადებები დეპუტატმა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, მის მიერ ფოთის თვითმართველობაში უხეშად ჩარევის შესახებ კითხვის საჯაროდ დასმის შემდეგ დაიწყო და რაც, სხვა და სხვა ფორმით, დღემდე გრძელდება”, – აღნიშნავს მიმართვაში ელისო ჯანაშია.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში საჯაროდ გამოქვეყნებული არნახული სიძულვილის ენით გამოხატული ცინიკური და უშვერი ლანძღვა შეიცავდა შემდეგ ფრაზებს: “ჩემი ცნობილი ,,ფანის“ ჯანაშიას…”, “ჩემი აკვიატებით შეპყრობილი ელისო ჯანაშიას…”, ეგ მარტო არაა შეპყრობილი, ბევრ ნაციონალთან ერთად ამ დღეშია, არ ვაქცევ ყურადღებას და გადაირია…”, “დაჩის სიცოცხლე მას და მისნაირებს არ ადარდებთ”, “მდაბიო ჯანაშიას ან მისთანების…”, “ასჯერ დაწერა სტატია და ეს ფოტო უდევს ამინდზე რომ წერს მაშინაც…”, “არც ვაპირებ გავაგრძელო ჯანაშიას მოდელირებული ქრონიკის ბოდვას ავყვე…”, “ჯანაშიას და მისთანებს რომ არ ეღირსებათ…” და მისთ. „მიმაჩნია, რომ ცილისწამება, შეურაცხყოფა, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ზეწოლით განხორციელებული საქმიანობაში ხელშეშლაა”, – აცხადებს ჯანაშია. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ბესელიას აღნიშნული კომენტარი მოყვა ჯანაშიას მიერ ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ კომენტარს, სადაც აცხადებდა, რომ ფოთის მერიის ბალანსზე რიცხული ძვირადღირებული ავტომანქანით (TOYOTA PRADO სახელმწიფო ნომერი BBT-880) ფოთის მერთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და ყოველგვარი პროცედურის დარღვევით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი სარგებლობდა.
“მოგმართავთ, ქვეყნის ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი მთავარი დამცველის მიერ შელახული ჩემი უფლებების დაუყოვნებლივი და ადექვატური რეაგირების მოთხოვნით და აქვე მივმართავ ფოთის მერს, ირაკლი კაკულიასა და ფოთის საკრებულოს გააკეთონ ასევე დაუყოვნებლივ განმარტება: რატომ გადაეცა კანონდარღვევით სახელმწიფო ქონება მაჟორიტარს სარგელობაში და ვინ არის აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი?”, – აღნიშნავს ელისო ჯანაშია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები