ერევანში, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, მასობრივი პროტესტი გრძელდება – პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო (ვიდეო)

სომხეთში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება. ერევანში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ისინი საავტომობილო გზებს კეტავენ.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრი უკვე დატოვეს, განცალკევდნენ და რესპუბლიკის მოედნიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნისკენ გაემართნენ, სადაც მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, აქტივისტთა ნაწილი ცენტრალურ მოედანზე იმყოფება.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის არიან ქალებიც.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ მკაცრად მოიქცეოდა, რათა ერევნის ქუჩებში სისხლისღვრა თავიდან აეცილებინათ.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების ფონზე, აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის შენობაში შეჭრას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები