თბილისის მერია და EBRD სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ბრუნო ბალვანერას, მუნიციპალური ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენელს, იოჰან ფრედჰოლმს და ბანკის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. მერიის ცნობით, EBRD დედაქალაქის მთავრობას თბილისის მეტროსადგურებში ესკალატორების შეცვლის, ენერგოეფექტური გარე განათების, მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და ქალაქში პარკირების მოწესრიგების პროექტების დაფინანსებას სთავაზობს. როგორც მერიაში განმარტავენ, ბანკი მზად არის, პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხი გამოყოს, საიდანაც თანხის ერთ მესამედი გრანტი იქნება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, გარე განათებისა და პარკირების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, შეთავაზებული წინადადებები ძალზე აქტუალურია, ბანკთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობა კი – აუცილებელი, რადგან არსებული პრობლემების მოგვარებას დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ წვდება და დონორებისგან ფინანსების მოძიებაა საჭირო. თავის მხრივ, დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და ადაპტირებული ტრანსპორტით ჩანაცვლების აუცილებლობას, რისთვისაც, მისი თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქს სჭირდება ახალი ხიდები და ესტაკადები, რაც ქალაქში არსებული საცობების პრობლემას მოაგვარებს. რაც შეეხება პარკირებას, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ქალაქის განსატვირთავად, აუცილებელია მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობა. დავით ნარმანიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნაგავსაყრელების პრობლემის მოგვარება დაასახელა. მისი თქმით, გლდანისა და ლილოს ნაგავსაყრელები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და აუცილებელია ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება. თბილისის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს დაგეგმილია დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც დედაქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, მთავრობის ხედვებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილ წინადადებზე ორივე მხრიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ. პროექტები, სავარაუდოდ, 2015 წლის მაისის ბოლოსთვის იქნება მზად.