რუსთავი მისი ბავშვობის ქალაქია. დიდ ოჯახში ბავშვობიდან შეაყვარეს ხელოვნება. პროფესიით ქიმიკოს-ტექნოლოგია, მაგრამ ის ძველი სიყვარული არასოდეს გამქრალა. ემიგრაციაში პირიქით, გაუმძაფრდა. ხელოვნების მექად წოდებულ ფლორენციაში შეუძლებელია, აღორძინების ეპოქის მაჯისცემას არ მიჰყვეს ადამიანი. ამბობს, რომ როდესაც ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის…. და მრავალი გენიის ნაკვალევზე დადიხარ, ემიგრაციის ტკივილისგან განსატვირთად, შეძლებისდაგვარად, ვახერხებ თავის დაცვასო.
ამჟამად ეუფლება იტალიურ ენას. ქართველი ემიგრანტებისათვის დაარსებულ გაზეთ „ქართულ ფესვებში“ ქალაქის ღირშესანიშნაობებზე მოკლე შემეცნებითი ხასიათის მასალებს აქვეყნებს. – მაყვალა რაზმაძის პერსონა.
– დავიბადე რუსთავში, ოჯახში ნაბოლარა შვილი ვიყავი, ჩემი და-ძმები ჩემზე ბევრად უფროსები იყვნენ და ფაქტობრივად მათ შვილივით დიდ სიყვარულში გამზარდეს.
ხელოვნების ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. მახსოვს, ექვსიოდე წლის ვიქნებოდი, ჩემმა ძმამ რომელიც უკვე სტუდენტი იყო, უშველებელი ფერადილუსტრირებული უცხოური ალბომი მოიტანა (რაც იმ დრიოსათვის ძალიან იშვიათობა იყო). ერთ-ერთ ქანდაკებაზე მითხრა, ეს მიქელანჯელოს მიერ შესრულებული საფლავიაო.
ვერ აღვწერ, რა წვალებით ავძვრებოდი ხოლმე წიგნების ზედა თარომდე, რომ ის ალბომი ჩუმად ჩამომეღო, მუხლებზე დამედო და უსასრულოდ ფეხების დაბუჟებამდე მეთვალიერებინა. ვერაფრით ვხვდებოდი ეს ულამაზესი ქმნილება საფლავი როგორ უნდა ყოფილიყო. ალბათ სამყარო რაღაცა ძალით ყოველთვის გვაძლევს მინიშნებებს, რასაც, ხან გამოუცდელობით, ხან არცოდნით, ხანაც დაუდევრობით, ვერ ვიღებთ და ვერ ვაცნობიერებთ.
– ხელოვნება გიყვართ, მაგრამ პროფესიით ქიმიკოსი ხართ. პროფესიის არჩევანის მიზეზი…
– პროფესიით ქიმიკოს-ტექნოლოგი ვარ. სპეციალობით დიდხანს არც მიმუშავია. ოჯახი შევქმენი, ქალ- ვაჟის დედა გავხდი… ხშირად ცხოვრებაში არ ხდება ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
– და მაინც, ემიგრაციაში წახვედით…
– ჩემი ემიგრაცია მეუღლის ავადმყოფობამ განაპირობა. სრულიად ახალგაზრდას ინსულტი განუვითარდა და შრომის უუნარო დარჩა. ავადმყოფს მე ვუვლიდი, ხოლო ოჯახის რჩენა ჩემს 20 წლის ვაჟზე გადავიდა. დღისით ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობდა, ღამით კი ქარხანაში ცვლაში უწევდა მუშაობა, იმ წელიწადს გოგონაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, შემდეგ ამ ყველაფერს ჩემი ჯანმრთელობის გაუარესებაც დაემთხვა და როდესაც ექიმის მორიგი გამოწერილი წამლების შეძენა ყველა რესურსს აღემატებოდა, ალბათ ის იყო ბოლო წვეთი, რამაც იძულებული გამხადა, ემიგრაციისთვის მიმემართა.
– თქვენი ოჯახის წინაპარი იტალიის გმირი, გიორგი ვარაზაშვილია… ალბათ იტალიაში გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო…
– იტალია ბავშვობიდანვე მიყვარდა და მხიბლავდა სილამაზითა თუ კულტურული მემკვიდრეობით. ამ ინტერესს კიდევ აძლიერებდა ჩვენი ოჯახის დიდი წინაპარი, სამამულო ომის იტალიის გმირი, ბრინჯაოს მედლის კავალერი „კაპიტანი მონტი” – გიორგი ვარაზაშვილი. მისი იტალიელი შთამომავლები ხშირად გვსტუმრობდნენ საქართველოში და, ამდენად, ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო არ იყო.
ღმერთს ვმადლობ, რომ ჩემი ემიგრანტობის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა, ჩემს ვაჟთან, უმცროს გიორგი ვარაზაშვილთან ერთად ტრევიზოს პროვინციაში მისი საფლავი მომეძია და მომენახულებინა.
– ცხოვრობთ ფლორენციაში, სადაც ტრიალებს რენესანსის ეპოქის სული. ვიცი, რომ ღირსშესანიშნაობები გიტაცებთ…
– ეს ქალაქი ხელოვნების მექადაა აღიარებული, ყველა ნაბიჯზე იგრძნობა რენესანსის სული. ქალაქში, სადაც დანტე, ლეონარდო, მიქელანჯელო, ბოტიჩელი, მაკკიაველი, ჯოტო, გალილეო გალილეი, ამერიგო ვესპუჩი, დონატელო, ვაზარი, ჩიმაბუე … და მრავალი მსოფლიო დონის გენიოსი ცხოვრობდა, მერწმუნეთ, სულ სხვა მუხტი და ენერგეტიკა ტრიალებს.
პირველი კულტურული შოკი მაშინ მივიღე, როდესაც მედიჩების კაპელაში პირისპირ აღმოვჩნდი ლორენცო ბრწყინვალის სამარხთან, მიქელანჯელოს შედევრთან „ბინდი და ავრორა”, ზუსტად იმ ქმნილებასთან, ღრმა ბავშვობაში საათობით რომ ვაკვირდებოდი და ვერაფრით ვაკავშირებდი საფლავთან (რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვური გონება საფლავს სხვა ფორმით აღიქვამდა).
ქალაქის ღირსშესანიშნაობები: უფიცის გალერეა, მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რაფაელის შედევრებით, სანდრო ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადებითა“ თუ „გაზაფხულით“… სანტა მარიას სახელობის საკათედრო ტაძარი, გიბერტის გუმბათითა და ჯოტოს გამუმეორებელი სამრეკლოთი, აკადემიის გალერეა, 500 წლის მიქელანჯელოს დავითით, დანტე, მისი უკვდავი ღვთაებრივი კომედიით, ვაზარის კოლიდორი, პონტე ვეკკიო… პიტისა თუ პალაცცო სინიორიის სასახლეები, ბობოლის ბაღები, ლანცის ლოჟა თუ ბრწყინვალე მოედნები და ქანდაკებები…
ეს მცირე ჩამონათვალია ამ ქალაქის საოცრებების. აქ არათუ ეს ხელოვნებისა თუ არქიტექტურის საოცრებები, ვფიქრობ, ყველა ქვა თავის განუმეორებელ ისტორიას ღაღადებს.
– ემიგრანტები ხშირად სევდის გადასაფარად ან ლექსებს წერენ, ან ხატავენ, ქსოვენ, ქარგავენ, თქვენ ღირსშესანიშნაობები და ხელოვნება აირჩიეთ. ქალაქი კარგად შეისწავლეთ… რა გაოცებთ ფლორენციაში?
-.მოგეხსენებათ, ემიგრაციში ყოფნა ყველასთვის რთულია, ოჯახებსა და სამშობლოს მოცილებულებს მეტი დრო გვრჩება საფიქრად და ფასეულობების გადასაფასებლად. ზოგს დეპრესია იპყრობს, ზოგი ხელგარჯილობაში, ხელოვნებაში, პროზასა თუ პოეზიაში ეძებს შვებასა თუ სულიერ საზრდოს. მე ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, დასვენების დღეები შემეცნებითად დავტვირთო. ხშირად ვსტუმრობ მუზეუმებს, ღირსშესანიშნაობებს, ვკითხულობ და ვიძიებ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ინფორმაციებს. აგერ უკვე ექვსი წელია ამ ქალაქში ვარ და კიდევ ვერ ამოვწურე ცნობისმოყვარე ტურისტის რანგში მისით აღფრთოვანება.
– სწავლობთ იტალიურ ენას, ამავდროულად აქვეყნებთ ინფორმაციებს ფლორენციაზე…
– ნათქვამია ,,სწავლა სიბერემდეო” და მართალიცაა. მუშაობის პარალელურად დავდივარ სანტ-ეჯიდიოს ენისა და კულტურის ცენტრში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად ვეუფლები იტალიურ ენას . ვმეგობრობ მათთან, ვეცნობით ერთმანეთის ქვეყნების კულტურასა თუ ადათ-წესებს და ხვდები, რომ მთელი დედამიწა ერთი პატარა ოჯახივითაა, არავის უხარია ომის, პოლიტიკური თუ ეკონომიური პრობლემების გამო სხვა ქვეყანაში გადახვეწა და ახალი ცხოვრების მორგება. უსაზღვროდ მადლიერია მიმღები ქვეყნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყველანი მის სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებაზე ოცნებობენ. პერუჯის უნივერსიტეტშიც ჩავაბარე ენის სასერტიფიკაციო გამოცდა…ეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ენის ცოდნის გარეშე ძალიან რთულია კომუნიკაცია და საკუთარი უფლებების დაცვა, შემდეგ კი იმიტომ რომ ჩემსავე თავს დავუმტკიცო. ხოლო ჩემს შვილებს და ახალგაზრდებს მივცე მაგალითი, რომ არასოდეს არაფერი არ არის გვიანი.
ასევე ვაქვეყნებ შემეცნებით მასალებს ახლად შექმნილ ქართულ ემიგრანტულ გაზეთ ,,ქართულ ფესვებში”. თანამემამულეებს ვაცნობ ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. ვცდილობ ყურადღება გავამახვილო ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ კარლო კოლოდის მსოფლიოში ცნობილი საბავშვო ზღაპარი „პინოქიო” ფლორენციაშია დაწერილი ავტორი ამ ქალაქის მკვიდრია და პინოქიოც ფლორენციის ერთ ერთ ღირსეულ სიმბოლოდ ითვლება. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ ამ ქალაქში სანტისიმა სნუნციატას მოედანზე, ჯერ კიდევ რენესანსის ხანიდან არსებობდა ფანჯარა, მბრუნავი დლოურით, სადაც დედა, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით შვილის გაზრდა არ შეეძლო, ინკოგნიტოდ დოლურაში ტოვებდა ჩვილს, ზარს რეკავდა და მეორე მხრიდან მონაზვნებს მიჰყავდათ აღსაზრდელად. ხშირად მშობლები ბავშვებს შემდეგში ამოცნობის მიზნით თან ატანდნენ თილისმებს, ნიშნებს. ზოგი გატეხილი ღილი იყო, ზოგი ჯვრის ან სულაც ნაჭრის ნაგლეჯი (მათი ეკონომიური შესაძლებლობების მიხედვით). მის მეორე ნაწილს კი თვითონ იტოვებდნენ. მონაზვნები არქმევდნენ ბავშვებს სახელებს ძირითადად იმ დღის წმინდანთა ხსენების მიხედვით. გვარი კი უმეტესობას „ინოჩენტი” ჰქონდა, რაც უდანაშაულოს ნიშნავს.
ქალაქის მმართველობა შესანიშნავად ზრუნავდა ამ ბავშვებზე, ზრდიდნენ, ხელობას ასწავლიდნენ…. ძლიერი დიდგვაროვნები კი მეცენატობდნენ და ეს ცენტრი მეორე მსოფლიო ომამდე წარმატებით ფუნქციონირებდა. დღეს აქ შესანიშნავი თანამედროვე მუზეუმია განთავსებული, სადაც მრავლად ინახება იმ თილისმების ნაწილები ბავშვთა გვარ-სახელებისა და თარიღების მიხედვით. დარბაზებში მათი ფოტოებია გამოფენილი, ხოლო ტოსკანასა და მთელს იტალიაშიც მრავლად შეხვდებით ინოჩენტის გვარის მატარებლებს, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათი წინაპარი ამ სტრუქტურის აღსაზრდელი იყო.
– როგორია ფლორენციიდან დანახული საქართველო?
– ემიგრაცია რაღაც მხრივ ფასეულობების გადაფასების შესაძლებლობებსაც იძლევა, სხვა მხრიდან გაჩვენებს შენი ქვეყნის ავსაც და კარგსაც. შევიმეცნებთ და დავნერგავთ ჩვენს ყოფაში. ემიგრაციიდან დაბრუნებულები „თერგდალეულებივით” ახლებური ხედვით მივუდგებით ქვეყნის აღმშენებლობის ყველა საკითხს, ერთობით და პოლიტიკური ვითარებისა თუ შეხედულებების მიუხედავად. პირდაპირ დიდს ვერ შეძლებ თუ მცირეთი არ დაიწყე. ვფიქრობ, ყველაფერი პირველ რიგში ჩვენივე მენტალობიდან, გონებიდან, ეზოებიდან, სახლებიდან და ქუჩებიდან უნდა დავიწყოთ.
– იტალიაში ბევრი ქართველი მუშაობს. რას იტყოდით ფლორენციის ქართველობაზე?
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იტალიაში მრავალი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს . ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი ამის ერთ ერთი ინდიკატორია. ჩვენი ტაძრის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ანდრია ლაცაბიძემ სამრევლო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლა დააარსა. ქართველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება .ასევე ფუნქციონირებს ტაძართან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნანილა”, რომელიც, დამერწმუნეთ, ბევრ პროფესიონალ ანსამბლებს სჯობს… იმართება შემოქმედებითი საღამოები, წიგნების პრეზენტაციები, გამოფენები…. ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ დამერწმუნეთ, ზიარჭურჭელივითაა. იზრდება ემიგრაცია და გული მწყდება, ეს ნიჭიერება, საბედისწეროდ, აკლდება ჩვენს სამშობლოს.
– რა შეგძინათ ემიგრაციამ?
– ემიგრაციამ ბევრი რამ მომცა. შეიძლება ითქვას, ბევრ რამეზე დამაფიქრა, სხვა ხედვით შემახედა, ადამიანების უპირობოდ მიღება მასწავლა და პიროვნულად გამზარდა.
– ჰობი…
– ძირითად ჰობად ალბათ კვლავ ხელოვნების სიყვარული შეიძლება ჩაითვალოს, რადგან პროფესიული და აკადემიური განათლება, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ მაქვს.
– სამომავლოდ?
– ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, საქართველოში მალე დაბრუნებაა, მაგრამ გეგმა რომ იდეად არ დარჩეს, კიდევ ბევრი მაქვს საშრომი და საბრძოლველი.
თამარ შაიშმელაშვილი