მამუკა არეშიძე: საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არ აქვს

“ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. შეიძლება შეარბილოს, ზიგზაგებით იაროს და ა.შ., მაგრამ ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე”,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არ აქვს.

“ის, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მუშაობს, ახალი ამბავი არ არის. ჩვენი ქვეყნით არაერთი სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურიც არის დაინტერესებული, იქნება გავლენის აგენტურა, ხელისუფლებაში შეღწეული პირები თუ სხვა. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამისგან დაზღვეული ბევრი სხვა ქვეყანაც არ არის. ძნელია თქმა, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ ის, რომ ფარცხალაძე კარგა ხანია მაღალ თანამდებობებს ჩამოაშორეს და საერთოდაც, ამჟამად საქართველოში არ არის, მაფიქრებინებს, რომ მის თაობაზე ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ. ისე, თავის დროზე ფარცხალაძეს იცავდნენ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებისთვისაც ის დღეს აგენტი და ქვეყნის ამომგდებია. როგორც ვიცი, რამდენიმე ხნის წინ ფარცხალაძის თაობაზე კითხვები გაჩნდა და მან თავი გაარიდა ამ ვითარებას, ქვეყნიდან წავიდა. ხელისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაქცია უნდა ჰქონდეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ ამ ბრალდებების რეალობა. როგორც ითქვა, სუს-ი შეისწავლის ამ საკითხს. ეს არ უნდა გაჭიანურდეს და ამით უპირველესად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. ჩემი შეფასებით, ეს სანქცია უფრო დემონსტრაციულია, ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების, იმავე ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება – ჩემი აზრით, დასავლეთის ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით არ ასრულებს დასავლური ცენტრების მითითებებს. რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. შეიძლება შეარბილოს, ზიგზაგებით იაროს და ა.შ., მაგრამ ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე. ამ სისტემის გადაწყობა წარმოუდგენელია. ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ მართლაც სურს შეცვლა და უნდა რუსეთს ჩამოეკიდოს ისევ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჩამოსაკიდიც აღარაფერი დარჩა – რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა უაღრესად მყიფე და არაპროგნოზირებადია. ამასთანავე, ყველამ მშვენივრად იცის, რომ თუ დასავლეთთან ურთიერთობა გაწყდა, ეს ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ დაკარგვას, რადგან დღეს არაღიარების პოლიტიკის სტაბილურობას სწორედ დასავლეთი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხოება და დაცვის სისტემა სწორედ დასავლეთის დამსახურებაა. მოკლედ, საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არა აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ითამაშოს, პოზაში დადგეს, რაღაც მანევრები გააკეთოს, ვითომ დისტანცირებისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოახდინოს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესების ზედაპირია. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ ვექტორზე ჩამოკიდება თავიდან ბოლომდე და ჩვენი მომავლის მისთვის გადაბარება ვერ იქნება სწორი. დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან მოქნილი, ღრმა და მრავალშრიანი პოლიტიკა. ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში ძალიან რთულია სწორი საგზაო რუკის შექმნა. რაც შეეხება ჩინეთს, მესმის, დასავლეთისთვის მიუღებელია მისი პარტნიორი საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ცოტა უხერხული მგონია, როდესაც ევროკავშირსაც და აშშ-საც თვითონ აქვთ მრავალმილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ამის მიუხედავად, პირადად მეც მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ეს ქვეყანა ეკონომიკური ექსპანსიის პრინციპით მოქმედებს და ეს კარგად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუ მიეცა საშუალება, იმავეს გააკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთია მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად, აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გარკვეული სისტემის შექმნა, რათა ჩვენს რეგიონში შემოაღწიოს. ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებაც სადავო და სახიფათო თემაა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩინეთის მხარის მოთხოვნით გაკეთდა. კარგად მესმის საზოგადოების შეშფოთებისაც. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში კარგად ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც მძიმე შედეგები მოგვიტანა. ამის გათვალისწინებით გვეშინია ახალ-ახალი შეცდომების…

კეზერაშვილს ახსენებენ ხოლმე ხშირად და, ბარემ ისიც გავიხსენოთ, როცა ის საფრანგეთში დააკავეს, რა ფარატინა ფურცელი გაგზავნეს შესაბამისი უწყებებიდან ვითომდა მისი ბრალის დასამტკიცებლად, შედეგად კი დაკავებული კეზერაშვილი გაათავისუფლეს…

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბევრი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ მომწონს, “ქართული ოცნების” წამოწყებული ეს პროცესი არასწორი მგონია. ამით მხოლოდ ქვეყნის იმიჯს ვაზარალებთ. ვფიქრობ, ეს პროცესი, როგორც პრემიერმა თქვა, ფორმალური იქნება და ვერ შეძლებს “ქართული ოცნება” საჭირო ხმების მოგროვებას.

ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა მთელი ჩვენი რეგიონი. არ ვიცით, როგორ დასრულდება ის ვაჭრობა, რაც მიმდინარეობს სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების კონტექსტში. შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიწყოს სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ახალი რაუნდი, თანაც უცნობია, ვინ ვის მხარეს დადგება, როგორ მოიქცევიან დასავლეთი და რუსეთი? დღეს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი სომხეთის ტერიტორიაზე ატარებს წვრთნას, რომელიც 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. არავინ იცის, რა მოხდება ამის შემდეგ, რა იქნება 27 სექტემბერს, ყარაბაღის ბოლო ომის დაწყების წლისთავზე. არ ვიცით, რას მოინდომებს ალიევი. ის მიიჩნევს, რომ საბოლოო გამარჯვებას ვერ მიაღწია. ეს რეგიონისთვის უდიდესი საფრთხეა და ყველაფერი განზე დაგვრჩება, თუ ამ გამოწვევისთვის არ მოვემზადებით. სომხეთის საგარეო ვექტორი ბოლო დროს შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა რუსეთს ისეა მიბმული, მისგან გათავისუფლება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ფაშინიანი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ “სკანდალური გამოდგა “პოლიტიკოსთვის” მიცემული ფაშინიანის ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა: `რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია, მოსკოვს, როგორც უსაფრთხოების გარანტს დაეყრდნოს” – ვშიშობ, ამას შეიძლება რუსეთისგან ქმედებები მოჰყვეს. არც სახელმწიფო გადატრიალებას გამოვრიცხავ სომხეთში, არც ახალი ომის დაწყებას და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს სომხეთს დიდი გეოპოლიტიკური დარტყმის საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად გადარჩება”,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები