ირაკლი ღარიბაშვილი ანდრეს მამიკინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ლატვიელ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს, ევროპარლამენტის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და გასატარებელ რეფორმებს.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხედვასთან. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა რეალობად იქცა და დაიწყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი. მხარეებმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც ევროპარლამენტის წევრმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, თქვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ხართ საუკუნეების განმავლობაში; ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბრის თვეში განახორციელებს.
„განვიხილეთ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რეგიონული თემები, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში თქვენ წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბრის თვეში განახორციელებს ევროპარლამენტი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“,– განაცხადა ანდრეს მამიკინსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები