მისი ნამუშევრები უაღრესად ქართულია. გემოვნებით შექმნილმა ჩანთებმა სახელი უკვე გაითქვეს. კოვიდპანდემიის დროს დაწყებული საქმე, დიდი შრომის შედეგად, ულამაზესად დაგვირგვინდა – საკუთარი ატელიე აქვს და დაინტერესებაც დიდია. ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებსო, – ამბობს თვითნასწავლი მკერავი, რომელიც დუშეთის რაიონი, სოფელ მჭადიჯვრიდან არის და იქ შეისწავლა კერვაც და ქსოვაც. ვერა ქაფიაშვილის პერსონა.
– ბავშვობა და სკოლის წლები საკმაოდ კარგად მახსენდება, ჩემი ძვირფასი კლასელები და შრომის მასწავლებელი, ქალბატონი ივლენია სალბიშვილი, რომელიც გვასწავლიდა ქსოვას და კერვას… ბავშვობიდან მიყვარდა და მაინტერესებდა ქსოვაც და კერვაც.
– „ატელიე სამოსიდან“ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები…
– „ატელიე სამოსი“ არის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი და გამოცდილება, რომელიც შემდგომ გამომადგა… მადლიერი ვარ.
იქ მომუშავე ხელმძღვანელების და თანამშრომლები ჩემთვის დღემდე უძვირფასესია და ასე იქნება სულ…
– ჩანთების კერვა კოვიდის დროს დაიწყეთ… პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევარი ინტერესის გამო შევქმენი, მაინტერესებდა, როგორ შევძლებდი, რადგან მანამდე ტანსაცმლის კერვაში მქონდა გამოცდილება…
საინტერესო გამოვიდა და როდესაც ვებგვერდზე დავდე, დიდი ინტერესი გამოიწვია. იყიდა ჩემმა მეგობარმა. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ფასი რა უნდა დამედო, კარგად მახსოვს, 60 ლარი გადაიხადა, თანხა სრულად ჩავაბრუნე მასალაში და შემდეგ უკვე 2 შევკერე… ასე დაიწყო და დაიწყო ჩვენი ჩანთების ამბავი …
– თემატურად საინტერესო და ქართული ნამუშევრებია. რამდენად გაამართლა ამ იდეამ?
– იმაზე მეტად, ვიდრე ველოდი… მაშინ ჯერ ისევ ატელიეში ვმუშაობდი და ამ ჩანთებს სამსახურიდან მოსული, ღამე ვკერავდი. გამითენებია კიდეც, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ დამრჩენოდა.
– მასალა… ნახატები… რამდენ ხანს უნდებით ერთი ჩანთის დამზადებას?
– მასალას აქ, საქართველოში, ვყიდულობ. ჯერჯერობით მხოლოდ ნაჭერს და ტყავის შემცვლელს ვიყენებთ.ნახატებს ქმნის ჩემი მეგობარი, მხატვარი კობა წიკლაური.
არის ჩანთა, რომელსაც ერთი მთლიანი დღეც ვუნდებით, და ხან დღეში რამდენიმეა… ხატვაც ასე, დრო სჭირდება გაშრობას და რამდენიმე პირს მოითხოვს.
– თქვენი ატელიე გაქვთ… უკვე სახელიც გაითქვით… მაინც რომელ ჩანთებზეა უფრო მეტად შეკვეთა?
– ჩემი ატელიე მაქვს და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს… შეკვეთის რაოდენობას რომელიმე კონკრეტულზე ვერ გამოვყოფ, ერთნაირად მოთხოვნადია.
ამ ეტაპზე სკოლის დაწყების პერიოდია, ამიტომაც ზურგჩანთებზეა მოთხოვნა, რომლებსაც სკოლაში გამოიყენებენ.
– ამბობთ, რომ, ჩანთებით ძირითადად, ემიგრანტები არიან დაინტერესებულნი.
– ემიგრანტები ერთ-ერთი მთავარი ღერძია ჩემი ატელიეს ამუშავებაში და უამრავი მადლობა მათ…
– საინტერესო ამბავი – გვიამბეთ…
– ყველაზე ემოციურად და პასუხისმგებლობით ვიყავი, ჩვენი სოფელი რომ დახატა მხატვარმა და მე შევკერე… ყველაზე ლამაზი მინდოდა ყოფილიყო, გამოვიდა კიდეც და ამერიკაში გაიყიდა.
– ჰობი…
– ბევრი ჰობისთვის, სამწუხაროდ, ვეღარ ვიცლი…
თავისუფალი დრო თუ მაქვს, აუცილებლად გავდივარ ქალაქგარეთ, ბუნებაში და მაღალმთიან ადგილას ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს.
– დღეს ბევრი ქმნის ხელნაკეთებს, ქსოვს, კერავს… დიდი კონკურენციაა…
– კონკურენცია საკმაოდ დიდია ჩემს სფეროში. პირველ რიგში, ხარისხს და სუფთა ნამუშევარს ვანიჭებ უპირატესობას… მერე – პასუხისმგებლობა შეკვეთის დროულ ჩაბარებაზე და მომხმარებელთან თავაზიანი მიმართვა… ვფიქრობ, გამომდის და ამით ვინარჩუნებ ძველ მომხმარებელსაც და ვიძენ ბევრ ახალსაც…
– ვინ მუშაობთ ატელიეში…
– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე ატელიეში მკერავი მარტო მე ვარ. მხატვარი ცალკე მუშაობს, თავის სახელოსნოში.
მყავს მეგობარი ცოლ-ქმარი – მკერავები და დიდი შეკვეთების შემთხვევაში მათი იმედი მაქვს, მუდამ მიდგანან გვერდში. ასევე მეხმარება მეუღლე მომარაგება-ჩაბარებაში. რომ არა ის, ბევრს ვერ შევძლებდი. მაქსიმალურად ჩემ გვერდითაა.
– სამომავლოდ – როგორია გეგმები?
– სამომავლოდ მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, გავაფართოო ჩემი საქმე, დავასაქმო თუნდაც კიდევ 3-4 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვართ გასული, კიდევ ბევრგან მოედოს ჩემი გულით შექმნილი ჩანთები და მის დანახვაზე ყველა ხვდებოდეს, რომ ქართულია.
თამარ შაიშმელაშვილი