აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ჩაკ ჰეგელმა უკვე დატოვა საქართველო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა გააცილეს. ამერიკელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა. პენტაგონის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. ჩაკ ჰეგელმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებული პაკეტი დადებითად შეაფასა.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც“ იმყოფებოდა და ქართველ სამხედროებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდა. მან განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილი და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები