“სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს” – დავით ბახტაძე
მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია უტარდება საცურაო აუზს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტში”, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 60 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო, რომლის ფარგლებში საცურაო აუზს პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება საცურაო აუზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ეწყობა ხელოვნური საფარი, დასრულების ეტაპზეა ტრიბუნების განთავსება და განათების მოწყობა. პროექტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალაქ სამტრედიაში რუსთაველის და რესპუბლიკის ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში მოხდება აღნიშნული გზაჯვარედინის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა ახალი თანამედროვე ტიპის ქვეითთა გადასასვლელები, საგზაო ინფრასტრუქტურის ნიშნები, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის შუქნიშნები.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, რობაქიძის და ლაშა თევზაძის ქუჩებზე ახალი მინი სტადიონები ეწყობა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, თენგიზ ცაგურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდიბარეობს. რობაქიძისა და ლაშა თევზაძის ქუჩებზე ხორციელდება გარე განათების ბოძების შეღებვითი სამუშაოები, ასევე არხების რეაბილიტაცია. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება აწარმოებს.
ლაშა თევზაძის N2, N4 კორპუსის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვნად გაალამაზა ქალაქის შემოსასვლელი და იერსახე. მსგავსი პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.