ლიბიის ქალაქ დერნაში 10 სექტემბრის მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 20 ათასს აღწევდეს.
ამის შესახებ The Guardian-ი “ალ ბაიდას” სამედიცინო ცენტრის დირექტორის, აბდულ რაჰიმ მაზიქის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ მანამდე ლიბიის ,,წითელ ნახევარმთვარის,, ორგანიზაციაში დაკარგულად 10 ათასამდე მოქალაქე გამოაცხადეს.
გამოცემა წერს, რომ ქუჩებში ამ დრომდე ცხედრებია, არ არის საკმარისი სასმელი წყალი. ქარიშხალმა და წყალდიდობამ ოჯახები გაანადგურა და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი სოფელი დაშორებით მდებარეობს და ამ დრომდე მიუვალია, დაღუპულთა რიცხვის დადასტურებას დრო დასჭირდება.
როგორც სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა, ჰიჩემ აბუ შკივატმა თქვა, ნგრევის მასშტაბები იმაზე უარესია, ვიდრე თავიდან იყოს ნავარაუდები. მისი თქმით, რეკონსტრუქციას მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
ამასთან, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გვამების დაკრძალვის აუცილებლობა იმდენად დიდია, რომ ასობით ადამიანს ერთად მარხავენ.
გარდა ამისა, დერნას მცხოვრებლები ახალი საველე ჰოსპიტლის მშენებლობასაც ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო იმპროვიზებულ მორგად გადაკეთდა.