თბილისის მერია გარე რეკლამების კომპანიის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწავლობს
თბილისის მერია გარე რეკლამების კომპანია “აუთდორ. ჯი”-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სწავლობს, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, მომავალ პარასკევს დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებსაც მოუსმენს.
“ადამიანები, რომლებიც მერიაში ისხდნენ და ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რატომ გრძნობდნენ თავს ამ კომპანიების ქვეშევრდომებად? პოლიტიკა ქალაქმა უნდა განსაზღვროს, ის თავის ნორმებს უნდა უწესებდეს ბიზნესს და არ უნდა იქცეს ცალკეული კომპანიების ფილიალების მსგავს წარმონაქმნად. რომ არა ფინანსური ინტერესი, ეს ადამიანები ასეთ პირობებს არ დათანხმდებოდნენ. მომდევნო პარასკევს მერიაში მათაც მოვუსმენთ. გარე რეკლამის რეგულაცია ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებაა და არა – რომელიმე ერთი კომპანიის. ქალაქი ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და ეს ფული ერთი კომპანიის ჯიბეში ილექება. ამ კომპანიის გადახდილი გადასახადები იმაზე მცირეა, ვიდრე გონივრული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ქალაქი მიიღებდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქალაქში ამ თვალსაზრისით კონკურენცია აღვადგინოთ”, – აღნიშნა თბილისის მერმა.