„აფთარივით დაგვფლითა ზაფხულმა, მაშინებს მომავალი“ – პოეტი სიონიდან, ვაჟა-ფშაველას უცნაური დასიზმრება და ტკივილიანი ფიქრი დაცარიელებულ სკოლებზე

ხევის ულამაზეს გარემოში გაატარა ბავშვობა. ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის ბუნება და შემოგარენი მისი შთაგონების წყარო იყო… პირველი ლექსებიც მაშინ დაიწერა და რაიონულ გაზეთ „დარიალში“ ქვეყნდებოდა. შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის კულტსაგანმანათლებლო ფაკულტეტი დაამთავრა.
თუმცა მოგვიანებით ფილოლოგობა გადაწყვიტა და ახლა გორისციხის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი.
ავტორია ერთ პოეტური კრებულისა – „ლექსი მოვტაცე მთის ღიმილს“. – პოეტ მანანა გელაძის პერსონა.

– ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონში დაიბადეთ…
– დავამთავრე სიონის საშუალო სკოლა, ვწერდი ბავშვობიდან. მახსოვს, სკოლაში ნორჩ შემოქმედთა წრე ჩამოაყალიბა  ისტორიის მასწავლებელმა ნოშრევან არაბულმა. დაგვავალა თერგზე ლექსის დაწერა,  მთელი ღამე ვწერდი და უშედეგოდ…
განთიადისას ვაჟა-ფშაველა მესიზმრა, ლექსი მიკარნახა (ბევრისთვის დაუჯერებელია). გახარებულმა გადავიტანე ფურცელზე, ორსტროფიანი იყო, მასწავლებელსაც ძალიან მოეწონა და ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა. მერე „დარიალში“ ვიბეჭდებოდი. მახსოვს, მერვეკლასელს პირველი ჰონორარის სიხარულიც…
მერე იყო სცენა და საჯაროდ კითხვა… ბევრი წარმატება, სიხარული, სიამაყე… ლექსით ნანთები ბავშვობა…
დაამთავრე თეატრალური ინსტიტუტის კულტსაგანმანათლებლო ფაკულტეტი და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ფილოლოგად გადაემზადეთ… მაინც ფილოლოგობა არჩიეთ…
– გენეტიკამ გაიმარჯვა  (დედა  გერმანულის მასწავლებელი იყო), თუმცა  ბავშვობიდან არ  მინდოდა, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რომ მასწავლებელი მქვია!
– პირველი ლექსები…
– პირველი ლექსები სარაიონო გაზეთ „დარიალში” იბეჭდებოდა. გამორჩეულად მახსოვს ლექსი „ქართული ენა“, რომელიც ორჯონიკიძის ქართულ სკოლაში წავიკითხე, დიდი მოწონებაც დაიმსახურა
მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი, ალბათ 40 წელი გავიდა. მოსწავლეთა სახლიდან მიგვიწვიეს, შეხვედრა იყო მე-19 ქართული სკოლის ბავშვებთან. პირველი ლექსების უმეტესობა დავკარგე, ზოგი კი დღესაც მაქვს შენახული, სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებული.
როგორ შეიქმნა პოეტური კრებული „ლექსი მოვტაცე მთის ღიმილს“? მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… სათქმელიც დაგიგროვდებოდათ…
– წიგნის სათაური ერთ-ერთი ლექსიდანაა, დაიბეჭდა 2009 წელს, გამოსცა „ქართული წიგნის სახლმა”  (თანხა ეკლესია-მონასტრებს ეწირებოდა). ვოცნებობ ახალ კრებულზეც…
–  ლექსი „ავტოპორტრეტი  (ჩემი თუ მამულის)“? რამ შთაგაგონათ?
– ეს ლექსი ჩემთვის გამორჩეულია (თუმცა ტრივიალურ სტილად თუ თემად  მიიჩნიეს), თუ დამიჯერებთ, სტრიქონები სამარშრუტო ტაქსიში „მეწვია“ და ლიტერატურულ ფესტივალ „ქუჯიზე“ გავგზავნე… არც ვნანობ!
– როგორ დაიწერა „რა ძველებურად თავს ესხმიან ლექსის ლომკაცებს“?
– ბატონ ტარიელ ხარხელაურზე არ მომეწონა ცილისმწამებლური კომენტარი და… ლექსიც წამოვიდა…
– დრო და პოეტი… ეთანხმებით იმ აზრს, რომ დრო უნდა აღნუსხოს პოეტმა?
– ვეთანხმები, პოეტი თავისი ეპოქის შემქმნელ-აღმნუსხველია. დღეს ვერლიბრია პრიორიტეტი, მე კი მაინც ძარღვიან, „რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს”…  ლექსებს  ვარჩევდი.
– გორისციხის  საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ხართ. ალბათ გორისციხეც ცარიელდება…
– სამწუხაროდ, ვცარიელდებით, მცირეკონტინგენტიანი სკოლაა (მობილობა, ძირითადად, სტეფანწმინდის გიმნაზიაშია)…
სკოლაში და, ზოგადად, ხევში საოცრად ნიჭიერი თაობა მოდის, კულტურისა და განათლების ცენტრი  ხელს უწყობს ნიჭიერ ახალგაზრდებს, საამაყოა სტეფანწმინდის ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების წარმატებები უკვე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, მიხარია და მეამაყება ჩემი ხევის მომავალი!
– თქვენი, როგორც პედაგოგის სირთულე?
– პრობლემად მცირეკონტინგენტიანობას ჩავთვლიდი, გულდასაწყვეტია კლას-კომპლექტები, სამი-ოთხი ბავშვი გაკვეთილზე, მასწავლებლისთვის შეუძლებელი კი არაფერია, ვსწავლობთ ახალ აქტივობებს და ვასწავლით …
–  ერთი დღე?
– ერთი დღე? დატვირთული… სკოლა, აბიტურიენტები, ტრენინგები…ლექსი შესვენებაზეც დამიწერია… მახსოვს, კოლეგა მესაუბრებოდა, გონებაში კი იკინძებოდა ლექსი „ჰო, მომიტევეთ, ქალაქელნო“… რომელმაც ინტერნეტსივრცე „დაიპყრო“.
– ეს ლექსი რამ შთაგაგონათ?
– ეს  სოფლელ – ქალაქელობის თემა  თუ ლექსი იმან მიბიძგა, რომ ვიღაც ქალაქელმა სოფლელები შეუგნებლებად მიიჩნია. გული მეტკინა, რადგან შეგნებასთან თუ შინაგან კულტურასთან სოფელ -ქალაქი არაფერს წყვეტს, შეგნებულ-შეუგნებლები ორივეგან მრავლობენ. სიმართლე რომ ვთქვა, ქართველ შემოქმედთა უმეტესობა სოფლიდანაა და ერის საუნჯეს ეს „სოფლელები“  ქმნიდნენ, რაც ლექსით გამოვხატე (ამოხეთქა სოფლურ – მოხეურმა  სისხლმა).  ჩემთვისაც „სალოცავი ხატია – ენა მთისა და ბარისა“, ქალაქშიც მიცხოვრია, სოფელშიც ვცხოვრობ და შეგნება არ შემცვლია…
– შოვის ტრაგედიამ შეგვძრა ყველა, ახლა გურიის მეწყერიც დაერთო… ჩემი აზრით, პოეტი ორმაგად განიცდის ტრაგედიას… თქვენი ლექსებიც შემხვდა ფეისბუქზე…
– სიტყვა უძლურია, თითქოს სიცოცხლე მრცხვენია… ამაზე მეტი უბედურება არსებობს?! მართლაც აფთარივით დაგვფლითა ზაფხულმა, მაშინებს მომავალი… ცოცხლად დამარხული ოჯახები… 4 ვაჟკაცი მეზრდება და მეშინია… უფალო, შეგვიწყალე!

შვილი და შვილიშვილები

–  ჰობი…
–  საყვარელი წიგნების კითხვა…
– ერთი ლექსი…

ავტოპორტრეტი…

(ჩემი თუ მამულის)…

 

ამწყალობებენ ხევისბერო, ამწყალობებენ,
ხანჯალს გამიყრი… და მამული წამსკდება სისხლად!..
ისევ აღვსდექი! მუხრანული დავლაშქრე ღამე,
ისევ აღვსდექი! ოხშივარი ამივა ცისკრად…
მზისნაბდიანი შემოვძახებ ლაშარის გორით,
– მაშ, არ მახსოვდეს, ვინა ვარ და ან ვისი გორის?!
… ო ,აფხაზეთო! ყელსაბამად ენგურს ჩავიხსნი,
ო, სამაჩაბლოვ! ჭრილობაზე გადვიხვევ ლიახვს,
– ალაზნისპირო, ერეკლესვით ისევ ჩავნაცრდი,
წიწამურთან რომ დაგეშილი მესროლეს ტყვია!
უფლისციხესთან შემაჟრჟოლებს ყაყაჩოს მზერა,
ამიალდება ბროწეულად მზისგულა ქართლი,
ოსმან-ფაშებო! გურჯისტანში ბოგინობთ ჯერაც,
– შემაღიმილებს ანგელოზი ცხირეთის ნათლის!…
უშბა-უშგულო! თმაყვავილა დალის ნათლულნო,
ბასრი ღამე რომ სამართებლად აგისმევს კოცნას…
…ფეხი დაგადგათ?!
– ვინ გაბედავს მეფევ ბატონო,
დავითფერულად თუ მომიქნევ მამულზე ლოცვას!
ფშავ-ხევსურეთთან შებოლილი ნისლით ვივახშმებ,
არაყად ვხუხავ ტანაქოჩრილ ცრემლებს ცირცელის,
თვალში არაგვად აქაფებულ კრწანისს დავიცლი,
– ეგება მუმლი გავაყოლო, მუმლი სისხლსველი…
– რა გულმოდგინედ ჩამომიფქვავს წისქვილს ყვარყვარე,
ვაი, თუ ჯაყოც შემომიჩნდა ჭირისუფალი.
მცხეთის ამგებს რომ წამაცალა შურმა მარჯვენა,
ჰეი, რჯულძაღლო!
– შემომჭყივლებს ქისტი მუცალი…
რასაცა გავცემ ჩემია თუ …
ყივჩაღი ვთვალო?!
ჰო, ვეფხვის ტყავზეც მანებივრებს მესხეთის მზვარე…
კბილს რომ ჩამასობს თაფლწასმულზე მონღოლი კოღო ,
რა ბადიშივით გადამკოცნის კოლხური მთვარე!
… დაამწყალობნე, ხევისბერო, დაამწყალობნე,
არ დამიჟანგო ფიცვერცხლიან ზარების ჩელო,
ერთაი ვარ, ერთხალ მოვკვდები;
და ერთხალ შამირგე- აღდგომის კვერცხად გატეხილი,
მამულო ჩემო!…

– რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ! უფლის ნებას კი ვინ შევცვლით?! ნეტამც შემეძლოს საკუთარი თავის უცოდვებოდ განახლება…
– ოჯახი…
– მყავს ერთი შვილი, ოთხი ვაჟკაცის დედა!
– სამომავლო გეგმები.
– ერთაიღა დამრჩა გამოცდა, უფალთან ჩასაბარები… „ვერაფერს. ვგეგმავ, უფლის ნებაა ყოველივე, კრებულზე კი „წავიოცნებე“…

 

                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები